როგორ დავსახოთ რეალისტური მიზნები ფონდების მოსაძიებლად? - მაია მიქაშავიძე

როგორ დავსახოთ რეალისტური მიზნები ფონდების მოსაძიებლად? - მაია მიქაშავიძე


ფონდების მოძიება კარგად სტრუქტურირებული პროცესია, რომელსაც ეტაპები გააჩნია. პირველ ეტაპზე ხდება დონორების ლანდშაფტის შესწავლა, ანუ იმ სფეროში, რომელშიც თქვენ გააქტიურებას აპირებთ უნდა გაიგოთ თუ ვინ არის აქტიური დონორი, რა ტიპის პროექტები ფინანსდება, არის თუ არა გამოცხადებული კონკურსი, დაინტერესებულია თუ არა ამ სფეროს განვითარებით სახელმწიფო ან საერთაშორისო ორგანიზაციები თუ კომპანიები.

ამ ინფორმაციის მოგროვების შედეგად თქვენ უკვე გაგაჩნიათ საფუძველი იმისთვის, რომ რეალისტური მიზნები დასახოთ.

რა არის რეალისტური და არარეალისტური მიზანი.

მიზანი შეიძლება წმინდა თეორიულად მოიფიქროთ და საკუთარი სურვილი ჩამოაყალიბოთ მიზნად. მაგალითად, შესაძლოა გინდოდეთ კონკრეტული მოცულობის გრანტის მიღება ან კონკრეტულ კომპანიასთან სასპონსორო ურთიერთობის დამყარება და სწორედ ეს იყოს თქვენი მიზანიც. ამაში ცუდი არაფერია, თუმცა ეს არც ისე ეფექტური გზაა.

როგორ იქცევიან გრანტების მაძიებლები? ისინი ცდილობენ ისეთი მიზნები დასახონ რომელთა განხორციელების მაქსიმალური შანსი გააჩნიათ, ანუ თავისი ნიშა იპოვეს ფონდების მოძიების და გრანტების გაცემის სფეროში.

პირველ რიგში, კარგად უნდა დაამუშაოთ ის სია, რომელიც დონორების მოძიების პროცესში შექმენით. შემდეგ, უნდა შეაფასოთ თქვენი ორგანიზაცია, გამოავლინოთ ძლიერი და სუსტი მხარეები. შედეგად კი იდენტიფიცირება გაუკეთოთ თქვენ შესაძლებლობებს.

მაგალითად, კონკურსია გამოცხადებული, რომელშიც უპირატესობა ენიჭება მსხვილ, გამოცდილ ორგანიზაციებს. თუ თქვენ ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამთ და არ გაგაჩნიათ საგრანტო ისტორია, სასურველია მონაწილეობა არ მიიღოთ, რადგან უპირატესობა სხვას მიენიჭება. მაგრამ, თუ საუბარია ისეთ კონკურსზე სადაც უპირატესობა ენიჭება ინოვაციურ მიდგომას და თქვენ გაქვთ ცოდნა და საინტერესო ინოვაციური იდეები, თქვენ შეძლებთ კონკურენცია გაუწიოთ ისეთ მსხვილ ორგანიზაციებს, რომლებსაც შედარებით ტრადიციული მიდგომები აქვთ.

გამოდის, რომ თქვენი ძლიერი მხარე უნდა მოძებნოთ და სწორედ ამ ძლიერ მხარესთან თავსებად კონკურსში მიიღოთ მონაწილეობა. შეიძლება სხვა შესაძლებლობების მოძიება, სადაც თქვენ ძლიერ მხარეს წარმოაჩენთ.

გამოცდილებას რომ დავუბრუნდეთ, რომელიც ახალბედა ორგანიზაციების ხშირი პრობლემაა, ყოველთვის არის შესაძლებლობა უფრო გამოცდილ პარტნიორთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან დაამყაროთ ურთიერთობა, შესთავაზოთ საინტერესო იდეა და ერთად შეადგინოთ საპროექტო განაცხადი, ერთად მიიღოთ კონკურსში მონაწილეობა და ერთად განახორციელოთ პროექტი.  

შედეგად თქვენ მიიღებთ გამოცდილებას და გექნებათ განხორციელებული პროექტი.

კონკურენტული უპირატესობა შესაძლოა გქონდეთ ძლიერი სოციალური მედიის და სოციალურ არხებში ბევრი მიმდევრის დამსახურებით. მაგალითად, თუ კონკურსის პირობები მოიცავს გარკვეულ საკითხზე ცნობადობის ამაღლებას, ამ შემთხვევაში თქვენ ნამდვილად გექნებათ უპირატესობა. შედეგად კი ამ კონკურსს უფრო მეტ დროს დაუთმობთ ვიდრე სხვას.

როდესაც ასეთი მიდგომით გამოკვეთ ყველაზე რეალისტურ და შესაძლებლობებთან თავსებად კონკურსებს, შეძლებთ უფრო რეალისტური მიზნების დასახვას. ფონდების მოძიების პროცესს კარგად გაწერილ სტრატეგიულ საქმიანობად გადააქცევთ და ეს იქნება თქვენი წარმატების საწინდარი.

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
მაია მიქაშავიძე — კონტენტის ავტორი
25 მაისი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

როგორ მოვიპოვოთ ფონდები

ფონდების მოძიება არის პროცესი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩვენი საქმიანობისთვის თუ საინტერესო იდეისთვის მოვიძიოთ რესურსები და განვახორციელოთ ისინი. პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ დონორები არიან ადამიანები, რომლებიც ნებისმიერი სახის შემოწირულებას აკეთებენ. მაგალითად, ყველა ჩვენგანი ყოფილა დონო . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები