როგორ მოვიპოვოთ ფონდები

როგორ მოვიპოვოთ ფონდები


ფონდების მოძიება არის პროცესი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩვენი საქმიანობისთვის თუ საინტერესო იდეისთვის მოვიძიოთ რესურსები და განვახორციელოთ ისინი.

ამ სტატიაში მოგიყვებით თუ საიდან უნდა დავიწყოთ შესაბამისი დონორების მოძიება და ვის უნდა მივმართოთ დასახმარებლად.  

პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ დონორები არიან ადამიანები, რომლებიც ნებისმიერი სახის შემოწირულებას აკეთებენ. მაგალითად, ყველა ჩვენგანი ყოფილა დონორი, როდესაც შემოწირულება გაგვიკეთებია, დავხმარებივართ გაჭირვებულ ადამიანებს, სკოლას, უმაღლეს სასწავლებლებს, შეგვიგროვებია წიგნები, ტანსაცმელი ან საკვები სხვა ადამიანებისთვის.

მსგავს საქმიანობებში ჩართულები არიან სხვადასხვა ორგანიზაციები, ინსტიტუტები და სახელმწიფოებიც კი. ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის დახმარების პროგრამებს - ეს შეიძლება იყოს სტუდენტების და პროფესორების დახმარება, რათა მათ განათლება სხვა ქვეყნებში  მიიღონ ან ცოდნა ჩვენს ქვეყანაში გაიღრმაონ.

არსებობს მეწარმეების დახმარების პროგრამები, რომლებიც სხვადასხვა სამეწარმეო იდეების განხორციელებაში გვეხმარებიან.

ახლა კი გადავიდეთ თუ საიდან ვიწყებთ ასეთი წყაროების მოძიებას და როგორ შეიძლება მივაწვდინოთ ხმა დონორებს. ამ დროს მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ  დონორებთან ურთიერთობა ეფუძნება ფონდების მოძიებას.

შესაბამისი ფონდების მოძიების პირველი ეტაპი არის იმის გააზრება, თუ ვინ არის ფონდების განმკარგველი ჩვენს ქვეყანაში თუ რეგიონში. ამ ეტაპს კვლევას უწოდებენ. ჩვენ უნდა მოვიძიოთ ინფორმაცია დონორების შესახებ, გავარკვიოთ ვინ არის აქტიური დონორი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენთვის შესაბამის სფეროში. მაგალითად, ვინ აფინანსებს ბიზნესს, ჯანდაცვას, საგანმანათლებლო პროგრამებს და ა.შ. ამის გაგების ყველაზე მარტივი ხერხი არის ინტერნეტში ძიება შესაბამისი  საძიებო სიტყვებით.

მიღებულ ინფორმაციას შეგვიძლია თავი მოვუყაროთ ერთ ფაილში და ჩამოვწეროთ ყველა ის დონორი, რომელიც მოვიძიეთ - რას აფინანსებენ, რა დაუფინანსებიათ, აქვთ თუ არა კონკურსები გამოცხადებული. შედეგად გვექნება დონორების ბაზა. უფრო რთული პროცესია კონკრეტული დონორების სიის შედგენა და მათი ინდივიდუალური ვებსაიტების შესწავლა.

შემდეგ ეტაპზე უნდა დავისახოთ კონკრეტული მიზნები, რომელი დონორისგან რა ტიპის დახმარება გვჭირდება. არ არის აუცილებელი მხოლოდ ფინანსური დახმარება გვჭირდებოდეს, ეს შეიძლება იყოს სხვა მატერიალური თუ არამატერიალური რესურსიც. მაგალითად, აპარატურა, შენობით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობა, მედია მხარდაჭერა და ა.შ.

მესამე ეტაპზე იწყება სამოქმედო პროგრამის განხორციელება - ეს არის ფაქტობრივად კომუნიკაცია დონორთან, რათა შევატყობინოთ ჩვენი იდეის შესახებ, მონაწილეობა მივიღოთ კონკურსში, გავიმარჯვოთ და მივიღოთ დახმარება.

სამოქმედო ეტაპი არ არის მხოლოდ და მხოლოდ კონკურსში განაცხადის შეტანა და პროექტის წარდგენა, ეს მოიცავს ყველაფერს იქნება ეს ვებ-გვერდის ან პროექტის “facebook” გვერდის შექმნა. მედიის საშუალებით პროექტის გარშემო ცნობადობის ამაღლება და ინტერესის გაზრდა მის მიმართ.

გაითვალისწინეთ, რომ ამ ეტაპზე არა მარტო კონკურსში მონაწილეობის მიღება ხდება, არამედ პირდაპირი კომუნიკაციით შეგიძლიათ წარუდგინოთ დონორს თქვენი პროექტი.

მეოთხე ეტაპზე უკვე შეგიძლიათ შეაფასოთ თქვენი საქმიანობა, რამდენად წინ წაიწიეთ, რა თანხები ან რა შემოწირულებები შეაგროვეთ, რამდენი გჭირდებათ კიდევ და ა.შ. ეს შეფასებითი ეტაპია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, რომ თქვენი სტრატეგია და მიზნები დაამოდიფიციროთ.

და ბოლოს, მეხუთე ეტაპზე, როდესაც თქვენ დაფინანსება მიიღეთ და განახორციელეთ პროექტი, რაც ცალსახად იქნება ძალიან დიდი წარმატება, იწყება  საგრანტო ფონდების მოძიების ისტორიის შექმნა, რაც ძალიან დაგეხმარებათ შემდგომი ფონდების მოძიებაში და არსებულ დონორებთან ურთიერთობის შენარჩუნებაში. ფაქტობრივად, პროექტის დასრულებისთანავე იწყებთ დონორებთან კომუნიკაციას შემდგომ პროექტებზე.

ეს პროცესი შეგვიძლია ერთი მარტივი სიტყვით გადმოვცეთ - ropes:

R (Research) - მოძიება

O (Objectives) - მიზნები

P (Programme) - სამოქმედო პროგრამის განხორციელება

E (Evaluation) - შეფასება

S (-) - უკუგება, დონორებთან ურთიერთობის შენარჩუნება.

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
მაია მიქაშავიძე — კონტენტის ავტორი
25 მაისი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

როგორ დავსახოთ რეალისტური მიზნები ფონდების მოსაძიებლად? - მაია მიქაშავიძე

ფონდების მოძიება კარგად სტრუქტურირებული პროცესია, რომელსაც ეტაპები გააჩნია. პირველ ეტაპზე ხდება დონორების ლანდშაფტის შესწავლა, ანუ იმ სფეროში, რომელშიც თქვენ გააქტიურებას აპირებთ უნდა გაიგოთ თუ ვინ არის აქტიური დონორი, რა ტიპის პროექტები ფინანსდება, არის თუ არა გამოცხადებული კონკურსი, დაინტერესე . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები