PMP გამოცდის კითხვები

PMP გამოცდის კითხვები


ამ სტატიაში მიმოვიხილავთ თუ როგორი, რამდენი და რა სტრუქტურის კითხვები შეგხვდებათ PMP გამოცდაზე

გამოცდაზე, რომელიც 4 საათის განმავლობაში გრძელდება, ჯამში 200 კითხვას უნდა გასცეთ პასუხი, ყველა მათგანს აქვს 4 სავარაუდო პასუხი და მხოლოდ 1 პასუხი არის სწორი. ერთი შეხედვით, თითქოს ამით მარტივდება საქმე, არ გაქვთ ღია კითხვები, რომლებსაც  წერილობით უნდა გასცეთ პასუხი, თუმცა საქმე რთულდება, როდესაც ვიაზრებთ, რომ 200 კითხვას 4 საათის განმავლობაში უნდა გავცეთ პასუხები. გარდა გამოცდისთვის კარგად მომზადებისა, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზად უნდა იყოთ, რომ 4 საათის განმავლობაში გამოცდაზე იმყოფებოდეთ. 

რაც შეეხება უშუალოდ კითხვებს, ისეა შედგენილი, რომ იმის შეგრძნება არც თუ ისე იშვიათად დაგეუფლებათ, რომ თითქოს ოთხივე პასუხი სწორია ან მინიმუმ 2 პასუხი მაინც შეესაბამება სიმართლეს. ფაქტი კი ის არის, რომ მხოლოდ ერთია სწორი. თქვენ კი სწორედ ამაზე უნდა იმეცადინოთ, რომ ზუსტად ეს ხრიკები ისწავლოთ და ზუსტად შეძლოთ სწორი პასუხის შერჩევა. 

ძველი გამოცდების კითხვები ისე იყო შედგენილი, რომ თითქოს კონკრეტულ პასუხებს დაზეპირება სჭირდებოდა, რაც საკმაოდ საწვალებელი იყო, რადგან მასალა ძალიან დიდია და ამ ყველაფრის ზეპირად დამახსოვრება დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. წლიდან წლამდე იცვლება სიტუაცია და საგამოცდო მასალა აღარ არის დაზეპირებაზე მორგებული. უმეტესწილად სიტუაციური კითხვებია რა დროსაც პირდაპირ ქეისები არის მოცემული, შესაბამისად, უნდა გაარჩიოთ შეკითხვა და ისე მიხვიდეთ სწორ პასუხამდე. მაგალითად, შეკითხვა შეიძლება მდგომარეობდეს შემდეგში - ახლახან ჩაერთე პროექტის მართვაში და მიხვდი, რომ გრაფიკს ჩამორჩება პროექტი, უნდა აირჩიო საუკეთესო პასუხი პირველ რიგში როგორ მოიქცეოდი. ან, პროექტის მენეჯერმა აღმოაჩინა, რომ გუნდის წევრი აგვიანებს რეპორტის გაგზავნას დამკვეთთან და რა არის საუკეთესო გზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად? თითქოს ტრივიალური შეკითხვებია, თუმცა დამერწმუნეთ სწორი პასუხის არჩევა მარტივი არ არის. 

რაც დრო გადის საგამოცდო შეკითხვების მოცულობა მცირდება, ადრე ნახევარი გვერდსაც კი იკავებდა ერთი კითხვა და მხოლოდ წაკითხვას და გააზრებას სჭირდებოდა დიდი დრო. 

მიუხედავად იმისა, რომ შეკითხვების მოცულობა 2-3 წინადადებამდე შეამცირეს მათში მაინც ჩადებულია ისეთი ხრიკები, რაც ართულებს სწორი პასუხის არჩევას. სწორედ ამ ხრიკების შესწავლაა მთავარი იმისთვის, რომ სწორად უპასუხოთ შეკითხვებს. 

ჩვენი გამოცდილებით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსამზადებელი ტესტების სწორად შერჩევას. რაც უფრო ახლოს არის მოსამზადებელი ტესტები საგამოცდო ტესტებთან მით უფრო ნაკლები სიურპრიზი დაგხვდებათ გამოცდის მსვლელობისას. 

3-4 კითხვა შეიძლება შეგხვდეთ გამოსათვლელი, რომლებსაც ფორმულები სჭირდება. მეცადინეობის პროცესში მათი სწავლაც საჭიროა. ასეთი შეკითხვების სიმარტივე იმაში მდგომარეობს, რომ სწორად გამოთვლის შემთხვევაში ზუსტად იცით რომელია სწორი პასუხი. 

მას შემდეგ, რაც 89 კითხვას გასცემთ პასუხს 10 წუთიანი შესვენების შესაძლებლობა გექნებათ, ჩვენი რჩევაა, რომ ეს 10 წუთი აუცილებლად გამოიყენოთ.

საგამოცდო სისტემა არის მოსახერხებელი და მარტივი. თანამედროვე ვიზუალი შეიძლება არ ჰქონდეს, მაგრამ საშუალება გაქვთ თქვენთვის საეჭვო კითხვები მონიშნოთ და შემდეგ დაუბრუნდეთ, ან მონიშნოთ 2 სავარაუდო პასუხი და შემდეგ მიუბრუნდეთ. სისტემაში ჩაშენებულია კალკულატორი და სუფთა ფურცელი. 

PMI-მ შეცვალა მიდგომა და გამოცდა შეგიძლიათ ჩააბაროთ, როგორც საგამოცდო ცენტრში ასევე ონლაინ. 

მთავარია მომზადებულები იყოთ გამოცდისთვის. ხშირად ადამიანები იმ მიდგომით გადიან გამოცდაზე, რომ ნახონ რა სიტუაციაა, როგორი კითხვები შეხვდებათ, თუმცა გამოცდისთვის მოსამზადებელი მასალები საშუალებას იძლევა, რომ დაახლოებითი წარმოდგენა გქონდეთ საგამოცდო კითხვებზე და სიტუაციაზე.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ვანო ნადირაძე — კონტენტის ავტორი
7 მაისი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

პროექტი - ავტობუსის გაჩერება

თუ ავტობუსის გაჩერებაზე დგომა სასარგებლოა, იდექით, მაგრამ თუ დაინახავთ, რომ რაღაც სწორად არ მიდის, დიდხანს დგახართ ერთ ადგილას, მიზანს ამ საქმის კეთებით ვეღარ მიაღწევთ, მინიმუმ ის შეკითხვა მაინც დაუსვით თქვენს თავს - ისევ რელევანტურია თუ არა გაჩერებაზე დგომა? რამე ხომ არ უნდა შეცვალოთ? . . .

პროექტის მენეჯერი, როგორც Google Map

რა კავშირში შეიძლება იყოს ერთმანეთთან პროექტის მენეჯერი და Google Map? ამ სტატიაში სწორედ ამ კავშირზე ვისაუბრებთ. . . .

როგორ შევავსოთ PMP აპლიკაცია

ჩვენი კვლევის მიხედვით, რა დროსაც გამოვკითხეთ 200 ადამიანი, რომელსაც ჰქონდა პროექტების მართვის გამოცდილება. კვლევის შეკითხვა მდგომარეობდა შემდეგში, რატომ არ ჰქონდათ PMP სერტიფიკატი? 100-მა ადამიანმა განაცხადა, რომ უბრალოდ არ უნდოდათ ეს სერტიფიკატი, ხოლო მეორე ნახევართან ორი მიზეზი გამოიკვეთა. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები