სტატიის სათაური პერიფრაზია ცნობილი გამონათქვამის „ენდე, მაგრამ შეამოწმე.“
როდესაც ხარისხთან მიმართებაში ვახსენებთ ნდობას, საინტერესოა კონკრეტულად რას ვენდობით? ჩვენს გამოცდილებას და გემოვნებას თუ ბრენდს?
ამ სტატიაში სწორედ ამ დეტალებზე ვისაუბრებთ და განვიხილავთ რა უნდა გააკეთოს კომპანიამ იმისთვის, რომ მოიპოვოს მომხმარებლის უპირობო ნდობა.
ჩვენ ხშირად გვსმენია ე.წ. გერმანული ხარისხის შესახებ და მოგვისმენია ფრაზა „თვალდახუჭული ვენდობი.“
პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ რა სურს მომხმარებელს, რა კონკრეტული მახასიათებლები უნდა, რომ პროდუქტს ჰქონდეს. თუმცა იმისთვის, რომ მომხმარებელმა პროდუქტი მაღალ ხარისხიანად აღიქვას ეს საკმარისი არ არის.
ადამიანები როდესაც მაღალ ხარისხზე საუბრობენ გულისხმობენ ესთეტიკურობის კომპონენტსაც, კომფორტსაც, დამატებით, არც თუ ისე პირველხარისხოვან, მაგრამ მნიშვნელოვან ფუნქციებსაც ე.წ. „ნავაროტკებს,“ ასევე გულისხმობენ იმას, რომ თუ დროთა განმავლობაში პროდუქციას რაიმე პრობლემა შეექმნება უნდა შეეძლოთ მარტივად და კომფორტულად მოაგვარონ პრობლემა - ყველა ამ მახასიათებლის ერთობლიობას მომხმარებელი აღიქვამს როგორც მაღალ ხარისხს.
კომპანიები უნდა ვეცადოთ, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ, როგორც სწორი პროდუქტი, ანუ კონკრეტული მახასიათებლებით აღჭურვილი პროდუქტი, ასევე შევუქმნათ ხარისხის განცდაც. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კომპანიაში არსებობდეს სისტემა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული კონკრეტულ თანამშრომლებზე, ცვლაზე ან ფილიალზე და მომხმარებელს ექნება საშუალება მუდმივად, სტაბილურად, დროში განვრცობილად მიიღოს ერთი და იგივე ხარისხის პროდუქტი.
როდესაც გერმანულ ხარისხზე ვსაუბრობთ, სავარაუდოდ, სწორედ მკაცრად დისციპლინირებულ სისტემას წარმოვიდგენთ, რომელიც არ არის დაკავშირებული გარკვეულ სუბიექტურ მომენტებთან. კომპანიას მოეთხოვება, რომ შექმნას სისტემა, რომელსაც ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასაც უწოდებენ, სადაც ოპერაციები გამართულია, უფლებამოვალეობები გადანაწილებულია, რისკები და საფრთხეები შეფასებულია და კომპანიას აქვს მყისიერი რეაქცია ნებისმიერ არასტანდარტულ სიტუაციაზე, რაც მომხმარებლის მიერ ხარისხის აღქმასთან არის დაკავშირებული.
თუმცა, ეს ყველაფერი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მომხმარებლის ნდობა მოვიპოვოთ. მნიშვნელოვანია ვიყოთ საკმარისად მოქნილები, იმისთვის რომ მომხმარებლის მზარდ მოთხოვნებს და მოლოდინებს ხარისხთან მიმართებაში ფეხი ავუწყოთ და მუდმივად შევთავაზოთ მოთხოვნების შესაბამისი პროდუქტი.
ცხადია, თუ სისტემა რთული და ხისტი იქნება ჩვენ ვერ შევძლებთ მოქნილობის შენარჩუნებას, ამიტომ ის უნდა იყოს საკმარისად მარტივი, იმისთვის რომ ვიყოთ მოქნილები და შევძლოთ მომხმარებლის ცვლადი მოთხოვნების და მოლოდინების დაკმაყოფილება.
ამ სამი კომპონენტის გამოყენებით: მომხმარებლის მოთხოვნების და მოლოდინების განსაზღვრით, სისტემის შექმნით და მოქნილობის შენარჩუნებით ჩვენ შევძლებთ მომხმარებლის ნდობის მოპოვებას ხანგრძლივი ვადის განმავლობაში.