13 რამ რასაც მენტალურად ძლიერი ადამიანები არ აკეთებენ

13 რამ რასაც მენტალურად ძლიერი ადამიანები არ აკეთებენ


პიტერ დრაკერი, რომელიც მენეჯმენტს გვასწავლიდა, ამბობდა, რომ ძალიან ბევრ დროს ვხარჯავთ რომ ლიდერებს და აღმასრულებლებს ვასწავლოთ რა აკეთონ და არასაკმარის დროს ვხარჯავთ, რომ ვასწავლოთ რისი კეთება შეწყვიტონ. ამ სტატიაში სწორედ იმაზე მინდა გესაუბროთ, თუ რას არ აკეთებენ მენტალურად ძლიერი ადამიანები. 

ამ 13 ჩვევაზე ემი მორენი თავის წიგნში გვესაუბრება და ეს სტატიაც სწორედ ამ წიგნითაა ინსპირირებული. იმისთვის, რომ წარმატებული იყო, რაღაცების კეთება უნდა დაიწყო. გამოთქმაც არსებობს: თუ გინდა რომ გქონდეს ის, რაც არასდროს გქონია, მოგიწევს იმის გაკეთება, რაც არასოდეს გაგიკეთებია. ამ ფრაზას ფლომასტერის ტრენინგის მონაწილეებს ხშირად ვუმეორებთ. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ რაღაცების კეთება შეწყვიტოთ. შემდეგი 13 მავნე ჩვევის წაკითხვისას, გირჩევთ პარალელურად თქვენ თავებს დაუსვათ შეკითხვა, რომელი მათგანი გახასიათებთ და ღირს თუ არა რომ თქვენში რამე შეცვალოთ. მარტივი არ იქნება, თუმცა შესაძლებელია.

 რა არის 13 მავნე საქციელი, რომელსაც ძლიერი ადამიანები არ აკეთებენ?

 1. პირველ ადგილზე არის საკუთარი თავის შეცოდება და წუწუნი. მსხვერპლის მდგომარეობაში ყოფნა კარგს არაფერს მოგიტანთ. ძლიერი ადამიანები არ წუწუნებენ თუ რა უქნა მთავრობამ, მენეჯმენტმა, დამკვეთმა, ბიძაშვილმა, მეზობელმა და ა.შ. ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები არ აქვთ მაგრამ დროს და ენერგიას წუწუნსა და საკუთარი თავის შეცოდებაში არ ხარჯავენ. დაფიქრდით, თქვენ ხომ არ წუწუნებთ და მსხვერპლის როლში ხომ არ ხართ? ამის ნაცვლად, მადლიერი უნდა იყოთ ყველაფრის რაც გაქვთ. გამოწვევებია? გამოცდილებას მიიღებთ. რთულ გარემოში გიწევთ მუშაობა? ეს გაგაძლიერებთ. განსაცდელი დაგატყდათ? ახალ გამოცდილებას, ცოდნას და სიმტკიცეს შეიძენთ.

 2. ძლიერი ადამიანები სხვებს საკუთარ თავზე ძალაუფლებას არ აძლევენ, სხვას არ გადააწყვეტინებენ რა და როგორ გააკეთონ, არ ექვემდებარებიან მანიპულირებას, უფროსს სამსახურში უყურებენ, როგორც სისტემის ნაწილს. „დიახ პატივცემულო“ თანამედროვე ორგანიზაციაში არ არის სწორი პასუხი. რა თქმა უნდა, უფროსს და სხვა ადამიანებსაც ანგარიში უნდა გავუწიოთ, მაგრამ ბრმა ძალაუფლებას სხვებს არ აძლევენ. ზოგჯერ, წუწუნი და სხვების ძალაუფლება ერთად იყრის თავს და ამბობენ, რომ არაფრის უფლებას არ აძლევენ, უსამართლოდ ექცევიან და ა.შ. რეალურად, ყველას აქვს იმის ძალაუფლება, რომ სამსახური შეიცვალოს, თუ წასასვლელი არ აქვთ, იმის ძალაუფლება აქვთ რომ კვალიფიკაცია აიმაღლონ და მოთხოვნადი გახდნენ. მოკლედ, ძლიერი ხალხი იაზრებს, რომ მათ ხელშია კონტროლი.

 3. მესამე შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ მაგრამ, ძლიერი ადამიანები თავიდან იცილებენ ყველაფრის ერთად შეცვლას. ცვლილებები ნაბიჯ- ნაბიჯ უნდა განხორციელდეს. ერთი ცვლილებაც, თუ ძალიან მასშტაბურია, ვიცით რომ რთულია. ძლიერი ადამიანები, რომლებიც ამ სტატიას კითხულობენ, დარწმუნებული ვარ, ეტაპობრივად მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რომელიმე ჩვევაში საკუთარ თავს დაინახავენ ნელ-ნელა დაიწყებენ ცვლილებებს საკუთარ თავში. რაღაცის ცვლილების პროცესში სხვა რაღაცები სტაბილურად უნდა შეინარჩუნოთ, გრძელი თამაში უნდა ითამაშოთ.

 4. მყარი ადამიანები ნერვებს არ იშლიან იმაზე, რაც მათ კონტროლს არ ექვემდებარება. რაზეც გავლენა არ გაქვს უნდა ისწავლოთ, რომ იმაზე ნერვები არ მოგეშალოთ. მოიღრუბლა, რიკოთი დაიკეტა, ლარი გაძვირდა ან გაიაფდა ეს ხომ თქვენზე არ არის დამოკიდებული. უნდა გაყოთ რა არის თქვენზე დამოკიდებული და რა არა და თქვენი დრო, ენერგია და ნერვები არ უნდა დაიხარჯოს იმაზე, რაც თქვენზე არ არის დამოკიდებული. ხოლო იმაზე ღელვას, რაც თქვენზეა დამოკიდებული კონკრეტული მიზანი და შედეგი უნდა ჰქონდეს. ამიტომ, იმის ნაცვლად რომ ინერვიულოთ იმაზე რაზეც გავლენა არ გაქვთ, ეცადეთ იმ საკითხებზე კონცენტრირდეთ, რომელზეც გაქვთ გავლენა და მოახდინოთ პოზიტიური ცვლილება. 

5. ძლიერი ადამიანები სხვების ინტერესებს არ აყენებენ თავისი ინტერესის ზემოთ. რა თქმა უნდა, შვილის თუ სამშობლოს ინტერესის წინა პლანზე დაყენება სხვა საკითხია, მაგრამ ეს ეხება კოლეგას, მეგობარს, ნაცნობს, რომელიც ცდილობს, რომ თავისი სადარდელი საქმე გადმოგაბაროთ თქვენ ისე, რომ დაზარალდეს თქვენი ინტერესი. ძლიერი ადამიანი ამის საშუალებას სხვას არ აძლევს და არ უჭირს „არას“ თქმა. გასაღები, რომ არ იცხოვროთ ისეთი ცხოვრებით როგორიც არ გინდათ, სწორედ არას თქმაშია. ეს თუ არ შეგიძლიათ ვერასდროს გააკონტროლებთ პრიორიტეტებს. ძლიერი ადამიანები არ დარდობენ იმაზე ყველას მოეწონება თუ არა. სტივ ჯობსის სიტყვებია, რომ თუ გინდა რომ ყველას მოსწონდე ნაყინის გამყიდველი გახდი. თუ გაქვთ გეგმა, რომ იყოთ პროდუქტიული, წარმატებული პუბლიკაზე არ უნდა იმუშაოთ, უნდა იმუშაოთ იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია. ყველას კარგად ყოფნა თქვენი მოვალეობა არ არის. გაბარიათ თქვენი თავი და თქვენი ახლობლები. შეეცადეთ უარი თქვათ არასაჭირო ვალდებულებებზე და მთელი თქვენი დროს და ენერგიის კონცენტრაცია მოახდინოთ იმაზე, რაც სტრატეგიული და მნიშვნელოვანია.

 6. არ კონცენტრირდეთ და ბევრი დრო და ენერგია არ დახარჯოთ რისკებზე და საშიშროებებზე ფიქრში.“ადამიანების უმეტესობას რომ დააკვირდე სიცოცხლის უფრო ეშინია ვიდრე სიკვდილის“. რისკების გამო ბიზნესის არ დაწყებას თუ დაწინაურების არ მოთხოვნას მიჰყავხართ ყველაზე დიდ რისკამდე, რომ ისეთი ცხოვრება არ გქონდეთ, როგორიც გინდათ. ამიტომ, როდესაც რაიმეს კეთებას იწყებთ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა დაგეგმოთ, გეგმა B-ც უნდა იქონიოთ, მაგრამ ბევრი დრო არ დაუთმოთ საფრთხეებზე და რისკებზე ფიქრს. მარკ ტვენის გამონათქვამია, რომ „მე ასაკიანი ადამიანი ვარ და ბევრი უბედურება მინახავს და უმეტესობა მათგანი არასოდეს მომხდარა“. ძალიან ხშირად ჰიპოთეზურ გასაჭირებზე ვკონცენტრირდებით და ამაში მიდის ჩვენი დრო და ენერგია. ძლიერი ხალხი ამას არ აკეთებს. კონცენტრირდებიან დაგეგმვაზე და ადაპტირდებიან პროცესში. ნუ ფიქრობთ ყველა ცუდ სცენარზე, პრობლემებზე. არსებობს ცუდი სცენარების ანალიზის მეთოდი, თუმცა არ არის საჭირო ამაზე ბევრი დროის დახარჯვა. 

7. არ დარჩეთ წარსულში. ფიქრები, რომ იმ დროს რომ ისე მექნა, უნივერსიტეტში ასე მესწავლა, იმასთან მემეგობრა, ადრე არ დავქორწინებულიყავი და ა.შ. ფუჭია, გულდაწყვეტას და ნეგატიურ ემოციას მოიტანს. რაც მოხდა იმას ვერ შეცვლით. ძლიერი ადამიანები მადლიერი არიან თავისი წარსულის, იმ პრობლემებიანად და ცუდი ხალხიანად იმიტომ, რომ ამ ყველაფერმა შეგქმნათ ისეთი როგორიც ხართ. ამის ნაცვლად ძლიერი ადამიანები კონცენტრირდებიან მომავალზე. ხვალ რა გავაკეთოთ, ზეგ როგორი ვიყო, რა შევცვალო და ა.შ. 

8. მერვე მავნე ჩვევა არის ძველად დაშვებული შეცდომების გამეორება. შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ ძლიერი ადამიანები იმავეს არ იმეორებენ. როგორ ახერხებენ ამას? როდესაც შეცდომა მოუვათ დარდზე კი არ კონცენტრირდებიან, არამედ იმაზე თუ როგორ გამოასწორონ თავისი საქციელი, რომ ის შეცდომა აღარ გაიმეორონ.

 9. შემდეგი რასაც ეს ხალხი არ აკეთებს - არ ეძლევა სინანულს. ეს წინა რჩევებთან არის კავშირში, არ წუწუნებენ თუ რა დაემართათ, არ საუბრობენ წარსულზე, თუ ეს რა გადახდათ, თავს არ აძლევენ საშუალებას რომ სინანულში გაატარონ დრო. კარგად ჩამოყალიბდით რა გინდათ, მიჰყევით გეგმას, შეგეშლებათ? მიიღეთ გაკვეთილად და გააგრძელეთ ცხოვრება. ხან გეტკინებათ, ხან ცხვირს მოიტეხთ, ხან წაიქცევით. 

10. არ დანებდეთ. გასაგებია, რომ ცხოვრება გატკენთ გულს, კოლეგები ვერ გაგიგებენ, უფროსი შრომას ვერ დაგიფასებთ, მაგრამ ძლიერი ხალხი არ ნებდება და იციან რისი მიღწევა უნდათ. ზოგი დღე ცუდი გექნებათ, ზოგი კარგი, მაგრამ არ დანებდეთ, აპატიეთ თქვენ თავს შეცდომები და გააგრძელეთ გზა. 

11. ძლიერი ადამიანები არ ერიდებიან მარტო ყოფნას. საზოგადოებაში ყოფნას თავისი სიკეთე და მადლი აქვს, მარტო ყოფნას კი თავისი. ბევრი ადამიანისთვის დასასვენებლად, დასაფიქრებლად, შეცდომების გასაანალიზებლად აუცილებელია მარტო ყოფნა. ყველას თავისი მეთოდი აქვს, ზოგი ვარჯიშობს, ზოგი მედიტირებს, ზოგი ფიქრობს, მუსიკას უსმენს, მანქანით სეირნობს და ა.შ. თქვენც დაიმეგობრეთ მარტოობა საჭირო დროს. 

12. მენტალურად მყარი ადამიანები არ თვლიან, რომ ცხოვრებისგან რაღაც ეკუთვნით. მოსაზრება, რომ რადგან საქართველოში დავიბადე ევროპისგან მეკუთვნის რაღაც, მთავრობისგან, საზოგადოებისგან და ა.შ. მცდარია. არაფერიც არ დამიმსახურებია და ჩემი ცხოვრებით უნდა დავიმსახურო იქნება ეს სამსახურში თუ სამეზობლოში. არავის არ აქვს თქვენი ვალი. 

13. და ბოლოს, ძლიერი ადამიანები არ კონცენტრირდებიან დღევანდელ კვერცხზე. გრძელ თამაშს თამაშობენ. იმაზე არ ფიქრობენ რომ დღეს დაისვენონ, დღეს იყვნენ კარგად. პირიქით, დღეს აკეთებენ ისეთ რამეს რომ მომავალში იყვნენ კარგად. ამიტომ აქვთ გრძელვადიანი მიზნები და არ ეძებენ მოკლე და ადვილ გზებს, კონცენტრირდებიან იმაზე რისი მიღწევაც უნდათ და იციან, რომ ტკივილის ატანაც მოუწევთ და გასაჭირისაც. წარმატების გასაღები ხომ სწორედ შრომასა და მიზანდასახულობაშია, ხშირად კი ეს შრომა მოსაწყენი რაღაცების კეთებას გულისხმობს. 
 

Flowmaster.online — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
17 აპრილი 2024 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები