„ჩამჭრელი“ შეკითხვა გასაუბრებაზე

„ჩამჭრელი“ შეკითხვა გასაუბრებაზე


წლების განმავლობაში, მუშაობისას, გამოვიმუშავე ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვის დასმის უნარი, რომელიც ძალიან გამომადგა გასაუბრების დროს კანდიდატების შერჩევისას.

სწორედ ამ შეკითხვის შესახებ მსურს, მოგიყვეთ ამ სტატიაში.  

ამბობენ, რომ გასაუბრება არის მეორე ყველაზე „ტყუილებიანი“ შეხვედრის ფორმატი მსოფლიოში. პირველი ადგილი პაემანს ერგო, ასეთი შეხვედრის ფორმატი ძალიან ჰგავს გასაუბრებას, თუმცა განსხვავებული მიზნები აქვს. საქმე იმაშია, რომ შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს, ყველაზე ბევრი ტყუილის თქმა და მოსმენა შეიძლება. 

ამის გათვალისწინებით, სრულიად შესაძლებელია, რომ სამსახურეობრივი გასაუბრებისას რა ინფორმაციასაც იღებთ, არ იყოს ბოლომდე სიმართლე. თუმცა იმასაც უნდა გავუსვათ ხაზი, რომ გასაუბრებაზე ვერ მოისმენთ რადიკალურ ტყუილს. კანდიდატი არ მოიტყუება, რომ ის მუშაობდა კონკრეტულ კომპანიაში, თუ იქ საერთოდ არ უმუშავია. მაგრამ თუ მუშაობდა სულ რაღაც 2 თვის განმავლობაში, შეიძლება რეალობა შეალამაზოს და ისაუბროს იმაზე, რომ ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო კონკრეტული მიმართულებით და ეს სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამებოდეს.  

სწორედ ამიტომ, ბევრ მენეჯრს თუ HR-ს დაუდგა პრობლემა, თუ რა ინფორმაციას უნდა დაეყრდნონ კანდიდატის შერჩევისას და როგორ მიხვდნენ, რომ სწორ კანდიდატს ირჩევენ თანამშრომლად. გასაუბრებებზე სწორი შეკითხვების სწორად დასმა ძალიან მნიშნველოვანი უნარია და ჯანსაღი ატმოსფეროს ჩამოსაყალიბებლად აუცილებელიცაა. სწორედ ამიტომ, ბევრი HR სპეციალისტი უშუალოდ რეკრუიტინგის მიმართულებით სპეციალიზდება. 

ჩემი HR პოზიციაზე მუშაობისას საკმაოდ გამოცდილ სპეციალისტებს ვესაუბრებოდი, რომლებიც მენეჯერების პოზიციაზე უნდა შეგვერჩია. შეკითხვა, რომელიც მინდა, რომ გაგიზიაროთ, სწორედ გამოცდილი ხალხისთვისაა. 

შეკითხვა შემდეგია: დამისახელეთ თქვენი პროფესიული ნაკლი (სუსტი მხარე), რომლის გამოსწორებასაც ცდილობთ, მაგრამ ჯერ არ გამოგივიდათ?

ეს შეკითხვა თქვენს თავსაც შეგიძლიათ დაუსვათ. 

წარმოიდგინეთ გასაუბრებაზე მყოფი ადამიანი, რომლის მიზანიც საკუთარი თავის ძლიერი და საუკეთესო მხარეების წარმოჩენაა, ისმენს ამ შეკითხვას. ასეთ დროს გასაუბრების გაგრძელების სცენარი რამდენიმეა. კანდიდატი ამ დროს იწყებს ფიქრს და განიხილავს გონებაში სხვადასხვა ვარიანტს. პასუხის ერთი ვარიანტია, რომ არ აქვს და არც ჰქონია  პროფესიული ნაკლი, თუმცა ამას არც ერთი ჭკვიანი ადამიანი არ გააჟღერებს, რადგან, ცალსახაა რომ ეს პასუხი ტყუილია. მეორე აზრად მოუვათ, რომ არ შეიძლება, ისეთი ნაკლი ითქვას, რომელიც მთლად ნაკლიც არ არის, ანუ ისევ პატარა ტყუილზე გვაქვს საუბარი. ყველაზე ხშირი პასუხი ამ შეკითხვაზე სწორედ ის არის - ნაკლი, რომელიც ნაკლი არ არის. მაგალითად, კანდიდატი ამბობს, რომ „ჩემი პროფესიული ნაკლია, რომ მეტისმეტად გულთან ახლოს მიმაქვს სამსახურებრივი ამბები და ხანდახან ძალიან ბევრს ვითხოვ თანამშრომლებისგან.“ ეს, რა თქმა უნდა, გამოგონილი ნაკლია, ამ დროს ადამიანი ამბობს, რომ ისეთი მოტივირებულია, რომ უკვე ნაკლში გადასდის. წარმოიდგინეთ, ამ „ნაკლს“ რომ გამოასწორებს, მერე რა უნდა ქნას? ან როგორ ხდება ასეთი ნაკლის გამოსწორება? მომთხოვნები აღარ არიან? ასევე შეიძლება თქვან, რომ არ უყვართ საქმის დატოვება და ამიტომ ძალიან გვიანობამდე მუშაობენ, ამ დროსაც, ფაქტობრივად, ადამიანი თავს იქებს. ასეთი პასუხები არის თავმდავბლობით შენიღბული ბაქიბუქი.

მოკლედ, არსებობს „ნაკლები“, რომლებიც მთლად ნაკლი არ არის და ამის აღიარება უფრო ეადვილებათ კანდიდატებს, ვიდრე ნამდვილი ნაკლის. 

როდესაც ფასადურ პასუხს ვიღებთ, თავისუფლად შეგვიძლია, ადამიანი ფაქტის წინაშე დავაყენოთ და ვუთხრათ, რომ ეს ნაკლი არ არის და ამას ისიც კარგად ხვდება. ასეთ დროს არსებობს რისკი, რომ გასაუბრება უსიამოვნო ტონალობისკენ შეიცვალოს.

ამ შეკითხვით არ მთავრდება გასაუბრება, პირიქით „იწყება“ კიდეც. ზოგი კანდიდატი, მას შემდეგ, რაც „აღიარებს“ თავის ნაკლს, დემოტივირებული ხდება და მოწყენილად განაგრძობს შეკითხვებზე პასუხების გაცემას. ზოგიერთი კი, მიუხედავად იმისა, რომ საფუძვლიანი ნაკლი გაგიზიარათ, მაინც პოზიტიცურად აგრძელებს გასაუბრებას და ეს ნიშანი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ აქ, გზის ამ გასაყარზე, შეგიძლიათ, ამოიცნოთ თქვენთვის ყველაზე მისაღები კანდიდატი. ადამიანი, რომელიც გაიცინებს, დაგეთანხმებათ და რეალურ პროფესიულ ნაკლზე დაიწყებს ლაპარაკს, მაგალითად, ცოტა გულმავიწყია, აწყვეტინებს თანამშრომლებს საუბარს, მოსმენა უჭირს, ემოციურია და ა.შ. თქვენი გასაუბრება პროდუქტიული და საინტერესო გახდება. 

ადამიანი, რომელსაც ნაფიქრი აქვს და აღიარებს ნაკლს და ეს ფაქტი არ უკლავს მოტივაციას და არ უმცირებს თვითშეფასებას, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ არის საუკეთესო კანდიდატი პროფესიული თვალსაზრისით. 

რა თქმა უნდა, ნახევარ საათში ან 15 წუთში ადამიანს ვერ გაიცნობთ, მაგრამ თვითონ კანდიდატი იცნობს საკუთარ თავს და თქვენ ამის დანახვა უნდა შეძლოთ სწორი შეკითხვების დასმით.  

სამსახურში აყვანისას ყველა ადამიანს აღმოაჩნდება სუსტი მხარე და თუ ის ამას მალავს, ეს პრობლემაა, რომელიც აუცილებლად დაგხვდებათ წინ. 

თქვენც დაფიქრდით ამ შეკითხვაზე, როგორც გასაუბრების მონაწილე, რა პასუხს გასცემდით? 

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
2 ნოემბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები