ჩემნაირი თანამშრომლის შერჩევა

ჩემნაირი თანამშრომლის შერჩევა


ნებისმიერი საქმისთვის კარგი გუნდი არის კრიტიკული, ამაზე ბევრი გვისაუბრია და დარწმუნებული ვარ თქვენი დათანხმება არ გამიჭირდება ამ საკითხთან დაკავშირებით. 

 

კარგ გუნდს სჭირდება მუდმივად ადამიანების შერჩევა,იმიტომ, რომ ხალხი მიდის, წინაურდება, ბიზნესი იზრდება, გარემოებები იცვლება და ნებისმიერ მენეჯერს მუდმივ რეჟიმში მოსაძებნი ჰყავს კარგი და ახალი ხალხი. 

 

კარგი ხალხის პოვნა და შერჩევა არც ადრე იყო ადვილი საქმე და არც ახლაა, პირიქით, თანდათან კიდევ და კიდევ უფრო რთულდება. გაცილებით მეტი ალტერნატივა აქვთ ახალგაზრდებსა და კარგ პროფესიონალებს, ნაკლებ ხანს ჩერდებიან ერთ ორგანიზაციაში თანამშრომლები. 

 

მაგრამ, ახლა ერთ საკითხს მინდა შევეხო, რომელიც შეეხება „ჩემნაირი“ თანამშრომლების შერჩევას. ანუ მენეჯერი, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ არჩევს თავისნაირ ხალხს და იყვანს კომპანიაში. 

 

როცა კონსულტაციებს და ტრენინგებს ვატარებთ, ძალიან ხშირად ვაწყდებით ესეთ პრობლემას, რომ კომპანიაში უფროსისგან განსხვავებული აზრი და მათთან ოპონირება საკმაოდ პრობლემატურია. თვითონ მენეჯერი ან დამფუძნებელი ამბობს, რომ არ უჩნდებათ თანამშრომლებს განსხვავებული აზრები, ინიციატივები და ა.შ. 

 

პირველი ეჭვი, რომელიც შეიძლება გაგვიჩნდეს არის, რომ ეს ავტორიტარული მმართველობის ბრალია. მეც, პირველ რიგში ამ დრო მენეჯერს ვეკითხები, თუ თავად როგორ რეაგირებს განსხვავებული აზრის მოსმენისას. შეიძლება მან ასწავლა თანამშრომლებს, რომ არ უნდა საერთოდ განსხვავებული აზრის გაგება, რეალურად, ასეთი მენეჯერი ძალიან ბევრია.

 

ნებისმიერ გამოცდილ მენეჯერს ნასწავლი აქვს, რომ განსხვავებული აზრი მინიმუმ უნდა მიიღოს, მოისმინოს და განიხილოს იმისთვის, რომ კარგი და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. გადაწყვეტილების მიღების უფლებას ვერავინ წაართმევს, მაგრამ განსხვავებული აზრები ეხმარება რომ შეცდომები არ დაუშვას და რისკები დაამინიმიზიროს

 

ანუ პირველი დიაგნოზი, რომელიც უნდა დავსვათ, ხომ არ ეშინიათ ადამიანებს მენეჯმენტთან შეწინააღმდეგება და განსხვავებული აზრის დაფიქსირება.  აღმოვაჩინეთ, რომ მარტო ავტორიტარულ რეალობაში კი არა, ძალიან მეგობრულ და შეკრულ, ლამის ოჯახურ გუშინაც არსებობს იგივე პრობლემა. მენეჯერები ხშირად ჩვენნაირ კონსულტანტებს ეუბნებიან რომ მსგავსი აზრი გუნდში არავის გასჩენია, ნეტავ მათ რატომ არ მოაფიქრდათ და ა.შ. 

 

რაში მდგომარეობს პრობლემა? თუ ავტორიტარულ მმართველობასთან არ გვაქვს საქმე კომპანიაში. 

 

პრობლემა ხშირ შემთხვევაში არის რომ, თქვენ, როგორც მენეჯერი, გააზრებულად თუ გაუაზრებლად ეძებთ და იყვანთ თქვენნაირ ადამიანებს.  მენეჯერები, იმიტომ, რომ შერჩევისას რაღაცა შეცდომებს უშვებენ, გრძელვადიან პერიოდში გამოსდით, რომ თავისნაირები ჰყავთ გარშემო და ერთად გატარებული დიდი დროის შემდეგ  კიდევ უფრო ემსგავსებიან ერთმანეთს. 

 

ერთნაირ ადამიანებს კი ერთი აზრი აქვთ ყველაფერზე. კარგ გუნდს კარგად ისიც ხდის, რომ განსხვავებული აზრები ფიქსირდება ამ გუნდში. დაფიქრდით, თქვენს გუნდში რა სიტუაციაა, მსჯელობის პროცესში ჩნდება თუ არა განსხვავებული და მრავალფეროვანი მოსაზრებები და როგორ რეაგირებთ ამაზე როგორც მენეჯერი. 

 

როგორ ახერხებენ მენეჯერები თავისნაირების შემოკრებას? გადავიდეთ შერჩევის პროცესზე. 

 

მენეჯერები, განსაკუთრებით მაღალი რგოლის წარმომადგენლები, გამოცდილებიდან გამომდინარე შეეჩვივნენ, რომ ახალი თანამშრომლის შერჩევისას ენდონ ინტუიციას. ძალიან იშვიათია ზედა რგოლის მენეჯერი, რომელიც კრიტერიუმებით არჩევს კანდიდატს. ბევრ მენეჯერს გაუზიარებია ჩემთვის, რომ კანდიდატი თავიდანვე მოსწონებია და იმიტომ გააკეთა მასზე არჩევანი. 

 

სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული, ადამიანებს მოსწონთ თავისნაირები. 

ინტუიციას რიგ შემთხვევებში კი უნდა ვენდოთ,  მაგრამ მენეჯერიც არის ადამიანი, ადამიანებს კი მოსწონთ თავის თავი და თავისნაირებიც. შეიძლება ახალგაზრდა თანამშრომელი მოგეწონოთ იმიტომ, რომ თქვენი თავი დაინახეთ მასში, თქვენნაირი მოტივაცია, თქვენნაირი გარეგნობა, თქვენნაირი იუმორი და ა.შ. ამ დროს ძალიან ადვილია თავისთავად, ბუნებრივად მოგეწონოთ ის კანდიდატი რომელიც გგავთ.

 

უნდა შეეცადოთ, რომ ავტომატურ რეჟიმში ეს არ დაგემართოთ. უნდა ისწავლოთ გარჩევა, თუ რატომ მოგეწონათ კანდიდატი, იმიტომ, რომ გგავთ თუ რაიმე სხვა მიზეზით?  თუ მუდმივად თქვენნაირებს არჩევთ, დივერსიფიცირებული გუნდი და განსხვავებული აზრები როგორ გექნებათ?

 

ამიტომ შერჩევისას, გირჩევთ, რომ ყურადღება მიაქციოთ ვის ეძებთ და ვის ნაირს ეძებთ. იქნებ თქვენი მოადგილის ნაირი თანამშრომელი გჭირდებათ, ან  საუკეთესო სპეციალისტის ნაირი? არ გამოგივიდეთ, რომ სხვის ნაირი გჭირდებათ და თქვენნაირი აიყვანოთ.

 

მაგალითად, მე თუ ძალიან კრეატიული ადამიანი ვარ და იდეები მაწუხებს, რაც აზიანებს თანმიმდევრულობას, აუცილებლად მჭირდება ჩემ საქმიან ცხოვრებაში პარტნიორი, თანამშრომელი თუ ხელმძღვანელი, რომელიც მეტყვის, რომ მეოთხე იდეის განხორციელება კი არ უნდა დავიწყოთ, არამედ პირველი სამი მივიყვანოთ ბოლომდე. მე რომ სულ ჩემნაირები შემოვიკრიბო გარშემო, მეოთხე იდეის გაჩენისას ჩემი თანამშრომელი მეხუთე და მეექვსე იდეებს მეტყვიან და საბოლოოდ შედეგებზე ვერ გავალთ. ამიტომ, დაფიქრდით ვის ნაირი ადამიანი გვჭირდება გუნდში.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
3 აპრილი 2023 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

იდეალური მენეჯერის 4 დამახასიათებელი თვისება: იცხაკ ადიზესის მოდელი

როგორი უნდა იყოს იდეალური აღმასრულებელი? საკმარისია თუ არა მხოლოდ შედეგებზე ორიენტირება და კარგი დისციპლინა? ამ კითხვებზე პასუხს ბლოგში იპოვით. . . .

ჯილდო და ჯილდოს მოლოდინი

რატომ არის ჯილდოს მოლოდინი ისეთივე ძვირფასი, როგორც თავად ჯილდო? . . .

რატომ და როგორ უნდა ვიყო უხილავი „ლიდერი“

რას ნიშნავს ლიდერობა? რას გულისხმობს ლიდერობა და რა არის მისი საზომი? . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები