იდეალური მენეჯერის 4 დამახასიათებელი თვისება: იცხაკ ადიზესის მოდელი

იდეალური მენეჯერის 4 დამახასიათებელი თვისება: იცხაკ ადიზესის მოდელი


ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მეთოდი, თუ როგორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი, გვხვდება პროფესორ იცხაკ ადიზესის წიგნში „იდეალური აღმასრულებელი“. ეს წიგნი უკვე ათობით წელია მსოფლიო ლიდერების სამაგიდო წიგნების სიაში წამყვან პოზიციებს იკავებს. წიგნში გადმოცემულ მეთოდოლოგიებს კი მსოფლიოს მასშტაბით ნერგავენ მენეჯერები თავიანთ კომპანიებში.

ამ მეთოდის ირგვლივ რაც ყველაზე მეტად გვხიბლავს, არის ის, რომ ავტორი ძალიან მოკლედ და მარტივად გადმოსცემს თავის სათქმელს. 

წიგნის მიხედვით იდეალური ხელმძღვანელი ოთხ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. თუ თქვენ ხართ ორგანიზაციის, სტარტაპის, თუ პატარა გუნდის ხელმძღვანელი, შეგიძლიათ, ამ კრიტერიუმების წაკითხვისას თქვენს თავთან გაავლოთ პარალელი და გაარკვიოთ, რა გაკლიათ იმისთვის, რომ უკეთესი მენეჯერი გახდეთ.

გაგაცნობთ იცხაკ ადიზესის მიხედვით იდეალური აღმასრულებელის 4 დამახასიათებელ თვისებას:

1. იდეალური აღმასრულებელი უნდა იყოს შედეგებზე ორიენტირებული. სხვა შემთხვევაში გამორიცხულია, ის დადებითად შეფასდეს. რა სასიკეთო საქმეებსაც არ უნდა აკეთებდეს, ის ვერ მოუტანს კომპანიას წარმატებას. ადამიანს, რომელიც ხელმძღვანელის პოზიციაზე ინიშნება, მოლოდინი აქვს, რომ ის კარგ შედეგებს მიაღწევს. რეალურად, ის უნდა უყურებდეს ყველაფერს შედეგის მიღების ირგვლივ, იქნება ეს ახალი პროექტი, დანახარჯები თუ ინვესტიციები, ის მუდმივად უნდა სვამდეს კითხვას, თუ რას მოუტანს ეს ნაბიჯები კომპანიას.

2. მეორე მნიშვნელოვანი რამ, რაც მენეჯერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს, არის ადმინისტრირების კარგი უნარი. ის ყველაფერში უნდა იყოს მოწესრიგებული და დისციპლინირებული: დოკუმენტებში, მოლაპარაკებებში, ოფისში და ა.შ. 

3. რასაც ხელმძღვანელი უნდა ახერხებდეს არის ასევე მეწარმეობა, ახალი იდეების გენერირება, ბიზნეს შესაძლებლობების დანახვა, ახალი მიმართულებების განვითარება - ეს არის ის, რასაც ყველა წარმატებული მეწარმე უნდა აკეთებდეს. გარდა ამისა, ეს ადამიანი თავის გუნდს განვითარების შესაძლებლობას უნდა აძლევდეს.

4. იდეალური ხელმძღვანელი უნდა იყოს ინტეგრატორი, გამაერთიანებელი. როგორი კარგი იდეებიც არ უნდა ჰქონდეს და რამდენადაც არ უნდა იყოს შედეგებზე ორიენტირებული, თუ მან ვერ შეძლო სწორი და კარგი ადამიანების მოზიდვა, მათი შენარჩუნება და შეკავშირება, მის ყველა სხვა თვისებას აზრი ეკარგება და პროდუქტიულ კულტურაში ვერაფერს გახდება.

მას შემდეგ, რაც წიგნში ამ თავს დეტალურად გაეცნობით, შესაძლოა სევდაც კი დაგეუფლოთ, რადგან ოთხივე კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდეთ. მაგრამ, არ ინერვიულოთ, იდეალური აღმასრულებელი არ არსებობს. არსებობს იდეალური გუნდი, რომელშიც ამ თვისებების მქონე ადამიანები ერთმანეთს ავსებენ. 

ფლომასტერის ტრენინგებზე ხშირად ვიმეორებთ - არ აქვს მნიშვნელობა, დიდი კომპანიის მენეჯერების გუნდის წევრი ხართ, დეპარტამენტების ხელმძღვანელების თუ სტარტაპის, თუ თქვენ ამ 4 კრიტერიუმის მიხედვით გადაანაწილებთ ადამიანებს, ნამდვილად შეძლებთ იდეალური გუნდის შეკრებას. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
1 ოქტომბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

ჯილდო და ჯილდოს მოლოდინი

რატომ არის ჯილდოს მოლოდინი ისეთივე ძვირფასი, როგორც თავად ჯილდო? . . .

რატომ და როგორ უნდა ვიყო უხილავი „ლიდერი“

რას ნიშნავს ლიდერობა? რას გულისხმობს ლიდერობა და რა არის მისი საზომი? . . .

როგორ გავხდე მომსახურე ლიდერი (servant leader)?

მომსახურე ლიდერობა მსოფლიოში გავრცელებული კონცეფციაა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები