როგორ გავხდე მომსახურე ლიდერი (servant leader)?

როგორ გავხდე მომსახურე ლიდერი (servant leader)?


ინტერნეტში ლიდერობის ასახსნელად იყენებენ ილუსტრაციებს, რომელშიც ლიდერი საქმის კეთებაში უშუალოდ ჩართულია, თავის გუნდს წინ უძღვება, შრომობს მიზნის მისაღწევად, მაშინ როდესაც უფროსი მხოლოდ განკარგულებებს გასცემს, როგორ უნდა იმოქმედონ მისმა თანამშრომლებმა. 

ჩვენ ამ მოდელს ნაწილობრივ ვეთანხმებით. როდესაც ლაპარაკია 3-4 კაციან გუნდზე, მაგალითად 4 კაციან ბუღალტერიაში, 3 კაციან პიარის დეპარტამენტში ან 5 კაციან დეველოპერების გუნდში ლიდერობა ვერ იქნება ცალკე სამუშაო, ის ერთ-ერთი თანამშრომელია. გარდა ამისა, ლიდერი არა თავში, არამედ ის ბოლოში უნდა იდგეს, რომ კარგად დაინახოს თავისი გუნდის წევრების მუშაობა. ილუსტრაციაში ჩანს, რომ წინ მდგომი ლიდერი მის უკან მდგომებს ვერ ხედავს, მას შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს გუნდის წევრების მოტივაცია, მდგომარეობა, შეცდომები და ა.შ. 

მაშინაც კი, როცა ლიდერი უშუალო მონაწილეა საქმის კეთების, მნიშვნელოვანია, მან იზრუნოს გუნდის წევრებზე და მიხედოს მათ. ბუღალტრების გუნდის ლიდერი თავადაც ბუღალტერია, პიარის გუნდის ლიდერი მარკეტინგის ან პიარის სპეციალისტია, გარდა იმისა, რომ ისიც საქმიანობის უშუალო მონაწილეა, მან ასევე უნდა იზრუნოს თავის თანამშრომლებზე. რას ნიშნავს მიხედოს? ლიდერს ყოველთვის უნდა ეცალოს თანამშრომლებისთვის, იზრუნოს მათ მოტივაციასა და კარიერულ ზრდაზე.  გამოდის, რომ მომსახურე ლიდერობა გულისხმობს მუდმივად ადამიანების სამსახურში ყოფნას

მოწინავე ლიდერები თავს ევლებიან თავის ხალხს. თუ გახსენდებათ თქვენი სამსახური, სადაც ძალიან კარგად გრძნობდით თავს და განვითარდით, აღმოაჩენთ, რომ იქ იყო ლიდერი, რომელიც თავს გევლებოდათ.

მომსახურე ლიდერი მაქსიმალურად ზრუნავს თანამშრომლების კეთილდღეობაზე. 

ახლა გავზარდოთ გუნდი და წარმოვიდგინოთ პირამიდის მშენებლობის პროცესი. როგორ ფიქრობთ, მენეჯერი, რომელიც პასუხისმგებელია პირამიდის მშენებლობის წარმატებით დასრულებაზე, უნდა მონაწილეობდეს თუ არა უშუალოდ მშენებლობის პროცესში? რა თქმა უნდა, არა. იმიტომ, რომ ის დაიღლებოდა და იმ ენერგიას დახარჯავდა, რომელიც დასჭირდებოდა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაში. 

ლიდერობაში უშუალოდ საქმიანობაში ჩართვა ცვალებადი პროცესია, ხან ხარ, ხან არა. მეორე მხრივ, შენს ხალხზე მუდმივად უნდა იზრუნო. 

მერიოტის სასტუმროების ქსელი ოჯახის მფლობელობაშია. ახლანდელი ხელმძღვანელი იხსენებს, მამამისთან ერთად როგორ შეხვდა ამერიკის პრეზიდენტს. სტატიას, რომელშიც ეს ისტორიაა მოყოლილი, სათაურად ერქვა ლიდერობის სამი მთავარი სიტყვა „შენ რას ფიქრობ?“. სტატიაში აღწერილია სიტუაცია: პრეზიდენტი ეიზენჰაუერი არის სტუმრად მამა მერიოტთან მათ აგარაკზე. მეორე დილით სანადიროდ წასვლას გეგმავდნენ, მაგრამ გათენდა ძალიან წვიამიანი დილა. ერთ ოთახში სხედან მამა-შვილი და პრეზიდენტი. შვილი იხსენებს, რომ მამამისმა ეიზენჰაუერს ჰკითხა, როგორ მოქცეულიყვნენ, წასულიყვნენ სანადიროდ, თუ დარჩენილიყვნენ სახლში. ამ დროს ის მიუბრუნდა შვილს და ჰკითხა: „შენ რას ფიქრობ?“-  სწორედ ეს სამი მთავარი სიტყვაა ლიდერობაში. წარმოიდგინეთ ამერიკის პრეზიდენტი, რომელიც მსოფლიო მასშტაბის გადაწყვეტილებებს იღებს, ეკითხება 18 წლის ბიჭს, თუ რას ფიქრობს,  როგორ გაატარონ დღე. როგორ ფიქრობთ, რა ხდებოდა თეთრ სახლში? ზუსტად იგივე. ეს ადამიანი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველას ეკითხებოდა აზრს.

მომსახურე ლიდერობასა და ადამიანებზე ზრუნვაში იგულისხმება ემოციური და ინტელექტუალური პროცესი. 

"ფლომასტერის" ტრენინგებზე ხშირად მოისმენთ, რომ ლიდერობა არის პროცესი, რომელიც ამბობს - სწორი ხალხი უნდა აიყვანო, ამ სწორ ხალხს კი შენი სერვისით, მომსახურებით უნდა შეუქმნა იდეალური პირობები. 

ლიდერი არის მებაღე, რომელიც ყვავილებს იდეალურ გარემოს უქმნის, რომ ისინი მაქსიმალურად გაიზარდონ. 

სწორედ ამიტომ, ლიდერები, რომლებიც ცხოვრებაში შეგვხვედრიან, იმაზე დიდ საქმეს გვიკეთებენ, ვიდრე ჩვეულებრივი მენეჯერები, რომლებიც დავალებებს იძლევიან. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
12 ოქტომბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

იდეალური მენეჯერის 4 დამახასიათებელი თვისება: იცხაკ ადიზესის მოდელი

როგორი უნდა იყოს იდეალური აღმასრულებელი? საკმარისია თუ არა მხოლოდ შედეგებზე ორიენტირება და კარგი დისციპლინა? ამ კითხვებზე პასუხს ბლოგში იპოვით. . . .

ჯილდო და ჯილდოს მოლოდინი

რატომ არის ჯილდოს მოლოდინი ისეთივე ძვირფასი, როგორც თავად ჯილდო? . . .

რატომ და როგორ უნდა ვიყო უხილავი „ლიდერი“

რას ნიშნავს ლიდერობა? რას გულისხმობს ლიდერობა და რა არის მისი საზომი? . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები