დამიფასდება თუ არა შრომა

დამიფასდება თუ არა შრომა


კითხვა, რომელსაც ახალგაზრდა თანამშრომლისგან ტრენინგებზე და ვორკშოპებზე ხშირად ვისმენთ, მდგომარეობს შემდეგში: მეტი რომ გავაკეთო, განვვითარდე, ვიშრომო - დამიფასდება ეს ყველაფერი თუ არა? რა თქმა უნდა, ყოველთვის ვურჩევ მათ, რომ მაქსიმალურად დაიხარჯონ, გამოავლინონ თავი, ისწავლონ, განვითარდნენ და ადრე თუ გვიან ეს დაუფასდებათ. თუმცა, რისკი, რომ საბოლოო ჯამში შედეგი არ გამოიღოს კონკრეტულ ორგანიზაციაში თანამშრომლის შრომამ, ყოველთვის არსებობს. 

პირველ რიგში, განვიხილოთ საიდან გაჩნდა ეს შეკითხვა? ბევრ ორგანიზაციაში არსებობს მოსაწევი ოთახი, ე.წ. „კურილკა,“ ანუ არაფორმალური შეკრების ადგილი, სადაც, ხშირად ჟღერს ნარატივი, რომ არავინ დააფასებს შრომას, აზრი არ აქვს რამის კეთებას. რეალურად, „კურილკაში“ დაბანაკებულებს არ უნდათ, რომ სხვებმა თავი გამოიჩინონ. ურჩევნიათ ყველა საშუალო შედეგიანი თანამშრომელი იყოს, იმისთვის, რომ თვითონ არ შეექმნათ მენეჯმენტთან პრობლემა ყველა "სამოსანი" ოცნებობს, რომ ყველა იყოს "სამოსანი". 

ასევე არსებობს მეორე მიზეზი თუ საიდან ჩნდება ეს შეკითხვა. მართალია მენეჯმენტი არწმუნებს თანამშრომლებს, რომ დაუფასდებათ შრომა, მაგრამ რესურსები შეზღუდული აქვთ, იქნება ეს თანამდებობრივი დაწინაურების, ფინანსური თუ მოტივაციის რესურსი. ამიტომ ადამიანი მაღალი მოლოდინებით თუ მოვიდა ორგანიზაციაში, ხშირ შემთხვევაში, თავისი გამოცდილებაც კარნახობს, რომ შრომა შეიძლება არ დაუფასდეს. 

 აქედან გამომდინარე, თანამშრომლების მხრიდან დასმული ეს შეკითხვა სრულიად ვალიდურია. ამ სტატიაში პასუხს გავცემთ ამ შეკითხვას, და თქვენც გირჩევთ თუ რა შეიძლება უპასუხოთ თანამშრომლებს ამ დროს. 

„დაუფასებლობის“ შეგრძნებასთან დაკავშირებით რა მოვიმოქმედოთ?

 1.     აუცილებლად დაგიფასდებათ შრომა, თუმცა, რამდენიმე კომენტარიც უნდა მოვაყოლოთ: უფრო გვიან დაგიფასდებათ ვიდრე გინდათ. ყველაფერი გვინდა დღეს და გუშინ. დაფასებას სჭირდება დრო. ჯერ ორგანიზაცია უნდა დარწმუნდეს, რომ ნამდვილად კარგი 'მასალა" ხართ, თქვენი კვალიფიკაცია უნდა გაიზარდოს იმ დონემდე, რომ დაწინაურებისთვის მზად იყოთ, იმდენი სიკეთე უნდა შექმნათ და იმდენი შემოსავალი შემოიტანოთ ორგანიზაციაში, რომ უღირდეს ორგანიზაციას ეს მატერიალურად ასახოს. მიზეზსა და შედეგს შორის ანუ გაუმჯობესებულ შრომასა და დაფასებას შორის საკმაოდ ბევრი დრო გადის.

2.     უფრო რთული იქნება ამის მიღება ვიდრე მოელით. თუ გგონიათ, რომ კარგად იმუშავებთ, ყველა დაინახავს და ტაშს დაგიკრავენ, ასე არ ხდება. თავის გამოჩენა დაგჭირდებათ, ოპონენტებიც გეყოლებათ, „კურილკაც“ შეგეწინააღმდეგებათ, ვიღაცას შეშურდება თქვენი და ა.შ. უნდა გადალახოთ რაღაც ეტაპები იმისთვის, რომ დაფასებამდე მიაღწიოთ.

3.     კიდევ ერთი კომენტარი, რომლის თქმაც შეიძლება გაუჭირდეს მენეჯერს, არის რომ არ არის აუცილებელი იმ გუნდში და იმ ორგანიზაციაში დაგიფასდეთ შრომა, სადაც ახლა ხართ. ყველა შემთხვევაში დაგიფასდებათ, მაგრამ გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ზოგ ადამიანს თავის ორგანიზაციაში დაუფასდა შრომა ზოგს სხვაგან. ანუ როდესაც ვამბობთ, რომ შრომა დაგიფასდებათ, იგულისხმება თქვენი ცხოვრების კონტექსტში. ანუ გრძელვადიანი შრომა და მცდელობა ყოველთვის ფასდება, მაგრამ ეს არ ხდება მალე და მარტივად.

4.     კიდევ ერთი რასაც ხაზი უნდა გავუსვათ არის, რომ კარგ პროდუქტსაც სჭირდება გაყიდვა და მარკეტინგი. ანუ თქვენ თუ ხართ კარგი პროდუქტი, ნუ დაელოდებით რომ სხვები შეგამჩნევენ, ეს არასწორი სტრატეგიაა. აქტიურად უნდა გაყიდოთ თქვენი თავი და გაარეკლამოთ თქვენი შედეგები, აქ არ არის ლაპარაკი ტყუილზე, აქ საუბარია იმაზე, რომ გამოაჩინოთ და დაანახოთ თქვენი შედეგები.  

ამ ყველაფრის გათვალისწინებით პირობას გაძლევთ, რომ შრომა და მცდელობა ყველა რეალობაში ფასდება. მოგიწოდებთ რომ განვითარდეთ და მაქსიმალური გააკეთოთ იქ სადაც ხართ. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
12 სექტემბერი 2023 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები