გადადგით პირველი ნაბიჯები წარმატების მისაღწევად

გადადგით პირველი ნაბიჯები წარმატების მისაღწევად


ამ სტატიაში ინიციატივის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ და იმაზე თუ რამხელა გავლენა აქვს პროაქტიულ ინიციატივას, ანუ ჩვენი ნებით ინიციატივის გამოჩენას წარმატების მიღწევაში.  

პირველ რიგში, შეგახსენებთ მუშაობის ფლოუ (flow) მოდელს, რომელიც შეიძლება უკვე კარგად იცით, ფლოუ მოდელის შესახებ დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას ჩვენ სტატიაში: „როდის ჩქეფს ცხოვრება.“

ეს მოდელი ამბობს ერთ მნიშვნელოვან რამეს, იმისთვის, რომ ადამიანი განვითარდეს და იყოს ბედნიერი სჭირდება ორი რამ - რთული ამოცანები და საქმეები და მეორე, განვითარება და დახელოვნება. გამოდის, რომ პირადი და პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა რთული საქმეები, მუდმივად იმის კეთებით, რაც ისედაც კარგად გამოგდით ვერ განვითარდებით და წინ ვერ წახვალთ. აინშტაინს აქვს ასეთი გამოთქმა: „მე მაკვირვებს ის ხალხი, ვინც იმას აკეთებს დღეს რასაც გუშინ აკეთებდა და განსხვავებულ შედეგს ელოდება.“ ბევრი ადამიანი თავის ძლიერ მხარეებზე მორგებულ საქმიანობას მიჰყვება, რა თქმა უნდა, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ თუ ახალს, განსხვავებულს და რთულს არაფერს მოვკიდებთ ხელს კარიერულად ვერ განვვითარდებით.  

შესაბამისად, ინიციატივის და პროაქტიულობის სასარგებლოდ პირდაპირი არგუმენტი არის, რომ თქვენ თუ გინდათ რომ ბედნიერი იყოთ და განვითარდეთ გჭირდებათ რთული საქმეების კეთება. ხოლო, იმაში, რასაც ყოველდღიურად, წლების განმავლობაში ვაკეთებთ, რთული არაფერია. რთულის განმარტება მდგომარეობს იმაში, რომ გასცდეთ საზღვრებს და კომფორტის ზონას, რომელშიც ოპერირებთ და გამონახოთ რთული საქმეები, რომლის კეთების ინიციატივასაც თქვენ თავზე აიღებთ.  

მეორე ასპექტი, რომელზეც გვინდა რომ ვისაუბროთ, არის ლოდინი. ახალგაზრდა ბუდისტი ბერი ეკითხება გამოცდილ ბერს, თავის ოსტატს, რომ დიდხანს უნდა ელოდოს ცვლილებებს? პასუხად კი იღებს, რომ თუ ლოდინს აპირებს, მაშინ დიდხანს მოუწევს. ეს ის პასუხია, რომელიც ყველა ჩვენგანმა უნდა გაითვალისწინოს.

თუ თქვენ დაელოდებით, რომ უფროსი დაინახავს თქვენ ძალისხმევას, რომ კოლეგები დააფასებენ თქვენ მოტივაციას, ნიჭს და ტალანს ქვეყანაში დააფასებენ, უმაღლესის დამთავრებას, უკეთესი სამსახურის გამოჩენას და ა.შ. მოკლედ, ლოდინი არის პროაქტიულის საპირისპირო ქმედება, პროაქტიული ინიციატივა კი გულისხმობს, რომ არაფერს ელოდებით, ინიციატივას თავად იჩენთ და გადადიხართ შეტევაზე. ლოდინი არასწორი სტრატეგიაა, რომელიც წარმატებამდე ნამდვილად ვერ მიგიყვანთ. გამოიჩინეთ ინიციატივა და არსებულ რეალობაში გამონახეთ ახალი შესაძლებლობები, ეს პროცესი არც კომფორტულია და არც მარტივი.  

ისიც უნდა იცოდეთ, რომ მარტო ვერაფერს გააკეთებთ. ესეც გავრცელებული შეცდომაა, რომ „ჩემით უნდა მივაღწიო ყველაფერს.“ არც ერთ წარმატებულ თუ ცნობილ ადამიანს მარტოს არ მიუღწევია არაფრისთვის, მიაღწია მასწავლებლის, კოლეგების, მეგობრების, უფროსების დახმარებით. თქვენც თუ გინდათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ, პირველ რიგში, ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ და გადახვიდეთ სოციალური აქტივების, ანუ ნაცნობების, თქვენი ინტელექტის და მოტივაციის აქტიურ გამოყენებაზე.

მესამე საკითხი არის, რომ ინიციატივების გამოჩენა ფასდება. ტრენინგზე, რომელსაც ესწრებოდა 5 ორგანიზაციის ხელმძღვანელი, როდესაც აღვწერე თანამშრომელი, რომელიც არის ინიციატივიანი, თავის საქმეს კარგად აკეთებს და კიდევ ითხოვს დამატებით დატვირთვას, დამსწრეებს გაეცინათ და აღნიშნეს, რომ ასეთი თანამშრომელი დასაფასებელია, მაგრამ არ არსებობს.  

სამწუხაროდ, ასეთი თანამშრომლები თუ სტუდენტები საკმაოდ იშვიათია. როცა ვახერხებ, სტუდენტებთან შეხვედრაზე 15-20 წუთით ადრე მივდივარ ხოლმე, ველოდები, რომ აუდიტორია შეივსოს და სტუდენტების 1%-იც არ არის, რომელიც მოვა ჩემთან და გამოიჩენს ინიციატივას.  

ჩვენი მავნე ჩვევები, რომ, ვითომ, არავინ შევაწუხოთ, ზედმეტად ხმა არ ამოვიღოთ, ზედმეტი პასუხისმგებლობები არ ავიღოთ ჩვენ თავზე, ჩვენივე განვითარებას და წარმატებას უშლის ხელს.  

გარწმუნებთ, რომ ყველგან ფასდებიან ადამიანები, რომლებიც იჩენენ ინიციატივას, თქვენ უნდა გამოზარდოთ თქვენი თავი იმისათვის, რომ ინიციატივიან ადამიანად გიცნობდნენ და თქვენ თვითონ ეძებდეთ შესაძლებლობებს.

საბოლოო ჯამში, თუ არსებობს წარმატების ფორმულა, ის შედგება სწორედ ამ ელემენტებისგან - პროაქტიული ინიციატივის გამოჩენა და რთული საქმეების საკუთარ თავზე აღება. ერთ სამსახურში არ დაგიფასებენ? სხვაგან დაფასდება თქვენი უნარები. ახლა არ გიმართლებთ? სხვა დროს გაგიმართლებთ.  

მინდა დაგაფიქროთ და გირჩიოთ, რომ იყოთ მაქსიმალურად პროაქტიულები, არავის და არაფერს დაელოდოთ, გადადგით ნაბიჯები, მოიპოვეთ უფრო რთული საქმეები და გაიფართოვეთ შესაძლებლობები.  

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
22 ნოემბერი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები