Gen Z დემოგრაფიულ ორმოში

Gen Z დემოგრაფიულ ორმოში


ამ სტატიაში ვისაუბრებთ ქართველ Gen Z-ზე, რომლებსაც მოუწიათ დემოგრაფიულმა ორმომ. 

 რა ნიშნავს დემოგრაფიული ორმო? პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მთელ მსოფლიოში Gen Z-ის თაობა რაოდენობრივად არის ყველაზე ბევრი. ეს ადამიანები დაიბადნენ 1997 წლიდან 2012 წლამდე. სამსახურებში, თანდათან,  ყველაზე მეტი, Gen Z თანამშრომელი იქნება, ნებისმიერ ბიზნესს ყველაზე მეტი მომხმარებელი სწორედ ამ თაობის წარმომადგენელი ეყოლება. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებასაც, ნელ ნელა, Gen Z ჩამოაყალიბებს. 

 Gen Z-მდე, მათი წინა თაობა, Gen Y ანუ მილენიალები, იყვნენ ყველაზე ხალხმრავალი. ეს თაობა (Gen Y) საქართველოშიც ყველაზე ბევრნი იყვნენ, წინა თაობებთან, Gen X და „ბეიბი ბუმერებთან“ შედარებით. თუმცა, Gen Z-ზე განსხვავებული მდგომარეობაა საქართველოში. 

 როგორც უკვე აღვნიშნეთ, Gen Z დაიბადა 1997 წლიდან 2012 წლამდე. საქართველოში 1991 წლიდან, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და ქვეყნის  ეკონომიკური და პოლიტიკური რეალობა საკმაოდ მძიმე იყო, შობადობამ საგრძნობლად იკლო. ოჯახები მეორე და მესამე ბავშვებს ეკონომიკური სიდუხჭირის და არასტაბილური პირობების - უშუქობა, უწყლობა და ა.შ. გამო აღარ აჩენდნენ.  რატომ მეორე და მესამე ბავშვი? იმიტომ, რომ ქართულ კულტურაში, როდესაც ოჯახი იქმნებოდა, მიუხედავად გაჭირვებისა, პირველი ბავშვი მალევე იბადებოდა. ამ პრობლემის მასშტაბი რომ წარმოვიდგინოთ, მოვიყვანოთ სტატისტიკა. 2005 წელს საქართველოში დაიბადა ყველაზე ცოტა, 47 ათასი, ბავშვი, ეს პერიოდი Gen Z-ის დაბადების შუაგულია.  შედარებისთვის, 1991 წელს დაიბადა 100 ათასი ბავშვი, თუმცა ესენი მილენიალები არიან. ეს ნიშნავს, რომ 2022 წელს 17 წლის ადამიანი არის ორჯერ ნაკლები ვიდრე 31 წლის ადამიანი. 

 კომპანიაში თუ გაქვთ ვაკანსია გამოცხადებული 30-31 წლის კანდიდატი ორჯერ  მეტი გეყოლებათ, ვიდრე 17 წლის ადამიანები. თუ პროდუქტს ყიდით 31 წლის ორჯერ მეტი მომხმარებელი და მყიდველია გეყოლებათ, ვიდრე 17 წლის. მთელმა დემოგრაფიულმა ორმომ, ფაქტობრივად, Gen Z-ზე გადაიარა.

 1991 წლიდან შობადობის კლება რომ დაიწყო და 100 ათასი ბავშვიდან წამოვიდა ქვემოთ, 2016 წლიდან დაიწყო მომატება და გაუტოლდა 1991 წლის მონაცემებს. შობადობის მომატება კი კარგი მაჩვენებელია, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ სწორედ Gen Z-ის დაბადების პერიოდში, ანუ 1997 წლიდან 2012 წლამდე, გვქონდა დემოგრაფიული ორმო. სტატისტიკა რომ აწარმოოთ, გამოვა, რომ დაახლოებით მილიონი ადამიანი (Gen Z) გვაკლია დემოგრაფიული ორმოს გამო საქართველოში. ემიგრაცია კიდევ ცალკე საკითხია და ამ შემთხვევაში მაგ თემას არ განვიხილავთ. მხოლოდ შობადობას ვეხებით. 

 გამოდის, რომ ზუსტად ის ხალხი, ვინც ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებულია, თანამედროვეა, ყველაზე ბიზნეს ორიენტირებულია და ა.შ. გვაკლია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს საკმაოდ ჭკვიანი და ძვირფასი ხალხია თანამედროვეობისთვის და მომავლისთვის.

 რას ნიშნავს ეს ყველაფერი? 

 მაშინ, როდესაც Gen Z მთელ მსოფლიოში არის ყველაზე დიდი რაოდენობით, ჩვენთან არის საკმაოდ პატარა თაობა, მილენიალებზე ნაკლები არიან. ეს ნიშნავს, რომ ვაკანსიით თქვენ თუ ახალგაზრდა ადამიანს ეძებთ, დღეს 20-25 წლის ადამიანები 2-ჯერ ნაკლები მოვა ვიდრე 30-35 წლის ადამიანი. 

 კომპანიებისთვის რას ნიშნავს ეს პრობლემა გასაგებია, ძალიან რთულია ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლის აყვანა სამსახურში. და რას ნიშნავს ეს რეალობა უშუალოდ Gen Z-ისთვის?  ეს ნიშნავს, რომ სამსახურის და შემოსავლის პრობლემა არ ექნებათ არასდროს. თქვენ თუ გყავთ Gen Z შვილები, ოჯახის მათ ასარჩევად ექნებათ სამსახურები. Gen X და Y-ს ძალიან უკვირთ, რატომ იცვლის Gen Z ესე მარტივად სამსახურებს, წინა თაობებისთვის ეს წარმოუდგენელი იყო. გამოდის, რომ Gen Z-ისთვის, ერთის მხრივ, ეს რეალობა კარგი ამბავიც არის, რადგან კონკურენცია დაბალია, მათი რაოდენობა შეზღუდულია და მოთხოვნა მაღალია. კი შეიძლება სხვა ქვეყნებიდან შემოვიდნენ Gen Z  თაობის წარმომადგენლები, თუმცა ახლა ამ თემაზე ყურადღებას არ ვამახვილებთ.  

 მეორეს მხრივ, ამას Gen Z-ისთვის უარყოფითი მხარე აქვს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დამსაქმებლებს ძალიან უჭირთ Gen Z-ის მოზიდვა. მაგრამ, ის ფაქტი, რომ ამ თაობაში კონკურენცია დაბალია უარყოფითად აისახება მათსავე განვითარებაზე. სამსახურს თუ ნებისმიერ ვარიანტში შოულობენ, უმაღლესი სასწავლებლები თუ ეხვეწებიან, რომ მათთან ჩააბარონ, რადგან ვერ ავსებენ ადგილებს, ეს რეალობა შეუშლის ხელს ამ ადამიანებს განვითარებაში.

 ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ დავარწმუნოთ ეს ადამიანები, რომ მიუხედავად არაკონკურენტული რეალობისა, საერთაშორისო ასპარეზზე მოსინჯონ თავი, სადაც დიდი კონკურენტიცაა, მითუმეტეს, რომ ამ ხალხს ყველანაირი შესაძლებლობები აქვთ. 

 ის ფაქტი, რომ საქართველოში ცოტა Gen Z გვყავს და ამის გამო თავიანთ მაქსიმუმ განვითარებას არ აღწევენ, ძალიან უარყოფითად აისახება ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებაზე და მომავალზე. თითოეულმა კომპანიამ უნდა შეეცადოს და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მათ განვითარებაში და მათი შესაძლებლობები გამოიყენონ.  დამსაქმებლებმაც და საზოგადოებამაც მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ამ საკითხს.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
30 მარტი 2023 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

თაობა Z: ვინ არის და რატომ უნდა მაინტერესებდეს?

ხშირია შემთხვევები, როდესაც Gen Z-ის სამსახურებრივ და არა მარტო სამსახურებრივ გარემოში უფროს თაობას მათი არ ესმით . . .

Z თაობასთან მუშაობის პრობლემები

Gen Z-ის დარჩება ბურთი და მოედანი, ყოველმა შემდეგმა თაობამ აჯობა წინა თაობას, გამონაკლისი არც ეს ახალი თაობაა. . . .

როგორი სამსახური უნდა Z თაობას?

როგორი სამსახური უნდათ Z-ებს? მოკლე პასუხი არის, რომ არანაირი სამსახური არ უნდათ . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები