Gen Z-ის და მილენიალების ჭიდილი

Gen Z-ის და მილენიალების ჭიდილი


 შეგახსენებთ, რომ Gen Z დაიბადა 1997-2012 წლებში. 2023 წელს ამ თაობის ყველაზე ასაკიანი წარმომადგენელი არის 26 წლის. სწორედ ეს ხალხია კომპანიების ახალგაზრდა თანამშრომლები. მილენიალები კი დაიბადნენ 1981 წლიდან 1996 წლამდე, გამოდის, რომ მილენიალები არიან Gen Z-ის წინა თაობა. ისინი ათასწლეულის დაწყებამდე დაიბადნენ, ათასწლეულის დადგომასთან ერთად დაიწყეს სამსახურებრივ გარემოში შემოსვლა. დღეს ყველაზე ხნიერი მილენიალი არის 42 წლის.  Gen Z და მილენიალები, იგივე Gen Y, არიან მეზობელი თაობები და ამიტომ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ შინაარსობრივად ძალიან ახლოს იქნებიან ერთმანეთთან. მაგრამ, უცნაური ის არის,  რომ საქმის კეთების კონტექსტში თითქოს ყველაზე შორს არიან ერთმანეთისგან. 

 რა ვითარებაა დღეს კომპანიებში? უმეტესწილად მენეჯერულ თანამდებობებზე მილენიალები არიან, მათ ყველაზე დიდი წონა აქვთ გადაწყვეტილების მიღებაში. ბეიბი ბუმერები და X თაობის დამფუძნებლებიც არიან კომპანიებში, მაგრამ წინა თაობის ხალხი სულ უფრო მეტად ეყრდნობა მილენიალების ცოდნას და გამოცდილებას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საჭესთან მილენიალები არიან. მთელ მსოფლიოში ასეა და გამონაკლისი არც საქართველოა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს მილენიალების თაობა ყველაზე მრავალრიცხოვანი თაობაა.

 გამოდის მილენიალ მენეჯერებს სულ უფრო მეტი Gen Z დაქვემდებარებული ჰყავთ. კომპანიებს აქტიურად აჰყავთ სამსახურში ახალგაზრდები, რომლებიც უნივერსიტეტებს და პროფესიულ სასწავლებლებს ამთავრებენ. იქნება ეს კურიერი, კონსულტანტი, მიმტანი, აიტი სპეციალისტი, დიზაინერი თუ სხვა ნებისმიერი პოზიცია, სულ უფრო და უფრო მეტი Gen Z თანამშრომელი გვხვდება. ამ დროს კი ძალიან ბევრი პრობლემაა მილენიალ მენეჯერებსა და Gen Z თანამშრომლებს შორის. 

 პირველ რიგში, გავიხსენოთ ეს ორი თაობა რით სუნთქავს. ანუ მათი კრედო, განმსაზღვრელი რა არის და იმითაც მივხვდებით, რომ საკმაოდ დიდი პრობლემა შეიძლება არსებობდეს ამ ურთიერთობაში. მილენიალები არიან იდეის, პრინციპების და ოჯახის ერთგული ხალხი. მათი დარწმუნება რთულია, მაგრამ თუ დარწმუნდა, რომ რაღაცა სწორია თავს მოიკლავს ამ პრინციპისთვის. უნდა რომ ოჯახს მიხედოს, არა მარტო მატერიალურად არამედ თავისი დროც და ყურადღება დაუთმოს.

 Gen Z-ის მთავარი მამოძრავებელი არის თავისუფლება. ეს არის მათი პრინციპიც, კრედოც მიზანიც. თავისუფლება მათთვის ნიშნავს, რომ არ უნდათ მუდმივი სამსახური, არც ოჯახი, სიყვარულის ან შვილების წინააღმდეგი კი არა არიან, გრძელვადიანი კონტრაქტები არ იზიდავთ. საქმეს, რაც შეეხება იქ უნდათ, რომ იყვნენ სადაც კარგად უხდიან და ის პროფესია უნდათ, რომელიც მაღალანაზღაურებადია. . 

 გამოდის, რომ პრინციპული, ოჯახის ადამიანი, რომელიც იდეებს მიყვება, გადაეყარა პრაქტიკულად საპირისპირო შეხედულებებს. რეალურად, Gen Z-ისთვის თავისუფლება პრინციპია, მაგრამ მილენიალებს ესე არ ეჩვენებათ. მათ ჰგონიათ, რომ Gen Z არის უგულო, უპრინციპო, და არასტაბილური თაობა. უგულო იმიტომ, რომ ოჯახი არ უნდა, უპრინციპო იმიტომ, რომ დღეს თუ კურიერობა უნდა ხვალ პროგრამისტობა მოუნდება, დღეს სხვანაირად მუშაობს და ხვალ სხვანაირად და არასტაბილურობის განცდასაც სწორედ ეს აჩენს. 

 Gen Z მილენიალ უფროსებს უყურებს, როგორც დინოზავრებს. უცნაურია, 30-35 წლის ადამიანი დინოზავრად როგორ უნდა გეჩვენებოდეს, მაგრამ  22 წლის თანამშრომლისთვის ასე აღიქმება. არ ესმით მათი პრინციპულობა და ერთგულება. Gen Z ვერ ხვდება, თუ დღეს რაღაც პრინციპის ერთგული ხარ, ხვალ რაღაც ახალს, უკეთესს რომ ისწავლი და გაიგებ, რატომ არ უნდა შეცვალო ძველი პრინციპი თანამედროვე და ეფექტური მიდგომით? რეალურად, პრინციპების და იდეების შეცვლაში მილენიალები ცოტა მოისუსტებენ. მაგრამ, მათი ძლიერი მხარეც სწორედ ეს არის, იმიტომ არიან დასაყრდენი და სტაბილური ხალხი, რომ აზრებს მარტივად არ იცვლიან.  

 რა არის გამოსავალი?

 გამოსავალი, რაც არაერთხელ გვითქვამს, არის რომ გაიაზროთ განსხვავებები და შეისწავლოთ ის თაობა, რომელსაც ემუშავებით და მიხვდეთ რატომ აკეთებენ ადამიანები იმას რასაც აკეთებენ. Gen Zარ არის უპრინციპო, უგულო და არასტაბილური, არც მილენიალები არიან დინოზავრები. ყველა თაობას აქვს ძალიან ლოგიკური და ჭკვიანური პრინციპები, თუ ამას სწორად შეხედავთ და შეაფასებთ აღმოაჩენთ, რომ ერთმანეთის გაგება შესაძლებელია.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
31 მარტი 2023 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

თაობა Z: ვინ არის და რატომ უნდა მაინტერესებდეს?

ხშირია შემთხვევები, როდესაც Gen Z-ის სამსახურებრივ და არა მარტო სამსახურებრივ გარემოში უფროს თაობას მათი არ ესმით . . .

Z თაობასთან მუშაობის პრობლემები

Gen Z-ის დარჩება ბურთი და მოედანი, ყოველმა შემდეგმა თაობამ აჯობა წინა თაობას, გამონაკლისი არც ეს ახალი თაობაა. . . .

როგორი სამსახური უნდა Z თაობას?

როგორი სამსახური უნდათ Z-ებს? მოკლე პასუხი არის, რომ არანაირი სამსახური არ უნდათ . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები