იარსებებს თუ არა თქვენი კომპანია 2038 წელს

იარსებებს თუ არა თქვენი კომპანია 2038 წელს


სტატისტიკის მიხედვით ვიცით, რომ მე-20 საუკუნეში, 25 წელიწადში ერთხელ შრომით ბაზარზე კომპანიების 50% იცვლებოდა. ეს ნიშნავს, რომ, დავუშვათ 1975 წელს რა ტოპ 100 კომპანიაც არსებობდა რომელიმე დარგში, 25 წელიწადში, ანუ 2000 წელს, 50 კომპანია აღარ არსებობდა და ისინი ჩაანაცვლა სხვა კომპანიებმა. გამოდის, რომ 50-50-ზე ჰქონდათ შანსი კომპანიებს, რომ 25 წელი ეცოცხლათ. 

ამბობენ, რომ დღეს 25 წელი ჩამოვიდა 15 წელიწადზე. ანუ დღეიდან 15 წელიწადში, კომპანიების ნახევარი, რომლებიც ოპერირებენ  ბაზარზე, იქნება ეს სასტუმრო, რესტორანი, ფინანსური დაწესებულება, ტრენინგ ცენტრი თუ სხვა,  მათი ნახევარი 15 წელიწადში აღარ იარსებებს. გაჩნდება ახალი კომპანიები  და ჩაანაცვლებს მათ. 

მთავარი შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში: თქვენი კომპანია რომელ კატეგორიაში აღმოჩნდება, იარსებებს თუ გაქრება? 

სწორედ ამ საკითხს ეხება ეს სტატია, რომლის ბოლოშიც მოგცემთ კონკრეტულ რჩევებს თუ რა შეიძლება გააკეთოთ იმისთვის, რომ გაზარდოთ კომპანიის გადარჩენის და წარმატების შანსები. 

დღეს არსებობს სამი მთავარი რისკი და, შესაბამისად, სამი მთავარი ამოცანა, რომლებიც უნდა შესრულდეს, თუ გინდათ, რომ თქვენმა კომპანიამ იარსებოს 15 წელიწადში. 

ზღაპრების მსგავსად, სამთავიან გველეშაპად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ეს რისკები. შემდეგი 15 წელიწადი არის გველეშაპი და თუ მას სამივე თავს მოვაჭრით გავიმარჯვებთ. რა არის ეს სამი რისკი? 

1.     ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნაკლები ადამიანით უკეთესი შედეგების მიღწევაა საჭირო. ტექნოლოგიების გამოყენება, პროცესების ავტომატიზაცია, რობოტიზაცია და ა.შ. არის პროდუქტიულობის გაზრდის მნიშვნელოვანი გასაღები. გამოდის, რომ ნაკლები თანამშრომლით უნდა შეძლოთ იმავე და უკეთესი შედეგის მიღება. 

2.     ახალი, "ზეტ" და "ალფა", თაობის თანამშრომლების მოზიდვა და შენარჩუნება უნდა შეძლოთ. ანუ თუ ვერ შეძლებთ ამ ხალხის მოზიდვას და შენარჩუნებას, ნამდვილად დაიღუპებით შემდეგ 15 წელიწადში.

3.     მართვის პროცესებისა და კომპანიის მოქნილობის, ეჯაილის, უზრუნველყოფა. 

ესე იგი, ვერ გამოიყენებთ ტექნოლოგიებს დაიღუპებით, ვერ შეეწყობით ახალ თაობებს დაიღუპებით და მართვის პროცესებს ვერ გახდით მოქნილს ასევე, დაიღუპებით. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სამეული უფრო დეტალურად განვიხილოთ.

დავიწყოთ ტექნოლოგიებით. მათი ეფექტური გამოყენება, ანუ ნაკლები ხალხით მეტი საქმის კეთება, გულისხმობს ხელოვნური ინტელექტის ჩართვას სამუშაო პროცესებში. რობოტების და ავტომატიზებული საწარმოო პროცესების გამართვა, ბექ-ოფისური სამუშაოს, იქნება ეს ფინანსური თუ HR მენეჯმენტი, ავტომატიზაცია, დისტანციური მუშაობის წახალისება და აწყობა, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც თანამედროვე კომპანიებს სჭირდებათ. ამას დღეს ბევრი კომპანია ვერ ახერხებს. 

კიდევ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება ვირტუალური რეალობა და ონლაინ სივრცეები, მაგალითად ონლაინ მაღაზია, მეტა მაღაზიები. შესაძლებლობა გაჩნდება რომ ვირტუალურ სივრცეში, მაგალითად, ჩავატაროთ ტრენინგები. მოკლედ რომ ვთქვათ, უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენს კომპანიას ჰქონდეს ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენების, კონკრეტული გეგმა. ფინალი ნათელია, თუ ამ მატარებელს ჩამორჩებით, 15 წელიწადში დაიღუპებით. სამწუხაროდ დღეს ბევრი კომპანია ვერ ხვდება რამდენად მნიშვნელოვანია ChatGPT, მეტავერსი, კომპიუტერული თამაშების სამუშაო პროცესებში ინტეგრირება - ეს პრობლემა გარკვეულწილად კავშირშია გველეშაპის მესამე თავთან, მოქნილი მენეჯმენტის უქონლობასთან.

გველეშაპის მეორე თავი, ზეტ და ალფა თაობის თანამშრომლების მოთხოვნები და ინტერესებია, რომლებსაც კომპანია თუ ვერ მოერგება უბრალოდ გაქრება. ბევრი კომპანიის მილენიალ მენეჯერს მიაჩნია რომ ახალგაზრდა თაობა ცუდი თანამშრომლები არიან, რომ არ უნდათ მუშაობა. საქმე იმაშია, რომ უფროს თაობას კი არ უნდა მოერგონ ახალგაზრდები, არამედ პირიქით. მომავალი მათ ხელშია. ადრე თუ გვიან ისინი გახდებიან ჩვენი თანამშრომლებიც და დამკვეთებიც. 

ამიტომ თუ დროულად არ დაიწყებთ "სამსახურის ათამაშებას", მოქნილ სამუშაო გარემოს არ შექმნით, პარალელურად სხვა საქმეების კეთების შესაძლებლობას არ მისცემთ თანამშრომლებს თქვენი კომპანია შემდეგ ტურში ვერ გადავა.  

მესამე რისკი მდგომარეობს კომპანიის არამოქნილობაში. ანუ თუ მენეჯმენტი ხვდება, რომ რაღაც არის შესაცვლელი, გასაკეთებელი, მაგრამ საკმარისად ჩქარა და მოქნილად ვერ ახორციელებს ცვლილებებს, ეს დიდ პრობლემებს შექმნის. სამწუხაროდ, ეს რეალობაც ბევრ კომპანიაში შეიმჩნევა. ბევრი მენეჯერი „მიჩვეულია ძველებურად“ რაღაცების კეთებას, კომფორტის ზონაშია და ცვლილებებს მარტივად ვერ ეგუება, ან იერარქიის პრობლემა არსებობს, სანამ გადაწყვეტილება ზემოთ ავა და მერე ქვემოთ ჩამოვა ძალიან ბევრი დრო გადის, სტრატეგიული პროცესები არაეფექტურია და ა.შ. ეს პრობლემებით მოინელებს საკმაოდ ბევრ კომპანიას. 

რა არის გამოსავალი? 

 ·      ნაკლებად გრძელვადიანი სტრატეგიები

·      ტოპ მენეჯმენტისა და რიგითების მეტი მზაობა ცვლილებებისთვის

·      მოქნილი სისტემები

კვირაში ერთხელ დიდ თათბირებს, სამუშაო აღწერილობებს, დეპარტამენტებს და ა.შ.  თანამედროვე მენეჯმენტში ადგილი აღარ აქვს. თუმცა ამ ცვლილებებს ბევრი წინააღმდეგობა მოჰყვება, რადგან მზაობა არ არის არც ტოპ მენეჯერების მხრიდან და ხშირად არც თანამშრომლების მხრიდან.

შესაბამისად, ბოლო შეკითხვა არის, რომ რა გავაკეთოთ?

დავიწყოთ კომპანიაში საუბარი ამ სამი მიმართულებით, სად ვართ და სად გვინდა რომ ვიყოთ. ამ საუბარში იმისთვის, რომ საკმარისად თვითკრიტიკულები იყოთ აუცილებლად უნდა ჩართოთ გარე ექსპერტები, ვინც არ არის თქვენი კომპანიის ნაწილი, ხელფასს არ იღებს თქვენგან და ვისაც თამამად შეუძლია რაღაცებზე თქვას, რომ ეს არის მოძველებული, არქაული, არ შეესაბამება დღევანდელ და მომავლის მოთხოვნებს. ხშირად გვიწევს ტრენინგებზე და ვორკშოპეტზე კომპანიებში ამაზე საუბარი. ვახერხებთ ისე საუბარს, რომ კომპანიის მენეჯერებმა გაიგონ სად არის პრობლემა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ველაპარაკებით ზოგს მზადყოფნა აქვს, რომ გაიგოს, ზოგს კი არა. 

მას მერე თუ ჩავრთეთ გარე ექსპერტები და ნაპრალები აღმოვაჩინეთ, უკვე კონკრეტული მიზნები უნდა დავისახოთ და გამოვყოთ პასუხისმგებელი ადამიანები, რომლებიც უნდა შევაიარაღოთ გუნდებით, რომლებიც დაეხმარებიან, რომ საქმე წარმატებით გააკეთონ. გუნდების გარდა ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური და დროის რესურსი, მხოლოდ პასუხისმგებელი ადამიანის დანიშვნა არაფერს ნიშნავს, მას უნდა ჰქონდეს მეთოდი და საშუალება, რომ ახალ-ახალი პროექტები დააფინანსოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინანსური მენეჯმენტიც გახდეს მოქნილი.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
12 სექტემბერი 2023 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

რა მნიშვნელობა აქვს უკუკავშირს და რა სარგებელი შეიძლება მივიღოთ მისგან?

უკუკავშირი მნიშვნელოვანი საჩუქარია განვითარებისთვის და გვეხმარება საკუთარი ქცევა სხვადასხვა მხრიდან დავინახოთ. . . .

მენეჯმენტი სხვადასხვა კულტურაში

მოგეხსენებათ, რომ კულტურების თემა ძალიან ფართო და მრავალფეროვანია. მასზე მსჯელობა ბევრი თვალსაზრისით შეიძლება. . . .

როგორ ავალებენ თანამშრომლები მენეჯერებს (უკუდელეგირება)

როგორ ახერხებენ თანამშრომლები იმას, რომ რაც მათ ევალებათ და მათი პასუხისმგებლობაა, ავალებენ თავიანთ ხელმძღვანელებს? . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები