ინფორმაცია არ არის ტრანსფორმაცია

ინფორმაცია არ არის ტრანსფორმაცია


ინფორმაცია არ არის ტრანსფორმაცია, რას ნიშნავს ეს? უმეტეს შემთხვევაში, ტრენინგებზე ადამიანები მოდიან ინფორმაციის მისაღებად. 

შეკითხვაზე, თუ რისთვის ესწრებიან ტრენინგებს, რატომ კითხულობენ ასეთ სტატიებს, ხშირად პასუხი არის, რომ საინტერესო ინფორმაციის მიღება უნდათ. მაგრამ, დარწმუნებული ხართ, რომ თქვენ ან თქვენი ორგანიზაცია ფულს იმიტომ იხდის ტრენინგებზე დასასწრებად, რომ მხოლოდ ინფორმაცია მიიღოთ? თუ ქცევის და მიდგომების შეცვლაა მთავარი მიზანი? 

რეალურად, ტრენინგების ერთადერთი დანიშნულება არის ტრანსფორმაცია. ორგანიზაციები ინვესტიციას დებენ თანამშრომლებში არა იმიტომ, რომ მეტი ინფორმაცია მიიღონ, არამედ იმიტომ, რომ მათი ტრანსფორმაცია - უნარების განვითარება, ქცევის, აზროვნების და მიდგომების შეცვლა უნდათ. მნიშვნელობა არ აქვს ტოპ მენეჯმენტის ტრენინგებს და ვორკშოპებს ესწრებით თუ რიგითი თანამშრომლების, ორივეს ერთი იგივე დატვირთვა აქვს.

გამოდის, რომ ორგანიზაციამ გამოგზავნა თანამშრომელი იმისთვის, რომ ტრანსფორმირდეს და ეს ადამიანი ამბობს, რომ ინფორმაციის მისაღებად მოვიდა. ხშირად ჩავძიებივარ მონაწილეებს და მიკითხავს თუ რას აპირებს მას შემდეგ რაც ინფორმაციას მიიღებს? აქ უკვე პასუხები ორად იყოფა. ზოგი მონაწილე ამბობს, რომ დამოკიდებულებები, ფიქრები, მოქმედებები და ა.შ. უნდა შეცვალოს ანუ ტრანსფორმირდეს, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ მსგავსი გეგმა არ აქვთ და უბრალოდ ტრენინგის მოსასმენადაა მოსული.  

ჩვენ ვამბობთ, რომ ორნაირი ცოდნა არსებობს. ერთი, რომ ნებისმიერი ინფორმაცია რასაც მიიღებთ გახადოთ მეგობრებთან, კოლეგებთან თუ კლიენტებთან განსახილველი და მეორე, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეცვალოთ თქვენი ქცევები. ცოდნის და ინფორმაციის გაზიარებაში, ანუ იმის ჩვენებაში, რომ თქვენ კონკრეტულ საკითხებზე გაქვთ ინფორმაცია, ცუდი არაფერია, მაგრამ ცოდნის მიღების მთავარი დანიშნულება ეს არ არის. მთავარია პრაქტიკაში გამოიყენოთ. 

გამოდის, რომ ორი გზა არსებობს: მიღებული ინფორმაცია გააზიაროთ საუბრის დონეზე სხვებთან ან დაფიქრდეთ და შეეცადოთ, რომ პრაქტიკაში გამოიყენოთ. მესამე გზაც არსებობს, რომ უბრალოდ დაივიწყოთ რა ინფორმაციაც მიიღეთ. 

ინფორმაცია რომ საკმარისი იყოს ყველა წარმატებული იქნებოდა. ცოდნის მიღება ყველას ერთნაირად შეუძლია, უამრავი წიგნი და ტრენინგი არსებობს ინვესტირებაზე, ბიზნესის წამოწყებაზე. წარმატებულ და წარუმატებელ ხალხს შორის განსხვავებაც სწორედ აქ არის, წარუმატებელი ადამიანები იღებენ ინფორმაციას, მაგრამ საკუთარი თავის ტრანსფორმაციას არ ახდენენ ამ ინფორმაციით, ხოლო წარმატებული ხალხი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საკუთარი თავი ტრანსფორმაციას ახდენენ. 

ტრანსფორმაცია, თავისთავად, მასშტაბური სიტყვაა, თუმცა ნუ ჩათვლით, რომ საკუთარი თავის ფუნდამენტურ ცვლილებაზე ვლაპარაკობთ. ქცევაში პატარა ცვლილება, ფიქრის მიმართულების შეცვლა თუ ნებისმიერ სხვა საკითხზე სხვა კუთხის შეხედვაც ტრანსფორმაციაა. მთავარია, ცვლილებები გადაწყვეტილებების მიღებაში და ქცევაში გამოვლინდეს, გარეგნობის ცვლილებაც ტრანსფორმაციაა, შეიძლება გადაწყვიტოთ, რომ კონკრეტულ ადგილებში კონკრეტული ჩაცმულობის სტილი გქონდეთ. 

ის ფაქტი, რომ ვის რამდენი წიგნი აქვს წაკითხული და ვინ რამდენ ტრენინგზეა ნამყოფი თავისთავად არაფერს იძლევა. გამოთქმაც არსებობს „უგზო უკვლოდ განათლებული“, ანუ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ინფორმაციის მარაგები აქვთ, მაგრამ რაში გამოიყენონ არ იციან. 

საჭიროა ხიდი ინფორმაციის კუნძულიდან ტრანსფორმაციის კუნძულამდე გადასასვლელად. ჩვენ ვიცით რომ მოწევა მავნებელია, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ თავის დასანებებლად ანუ ინფორმაციის კუნძულზე ვიმყოფებით. იგივე შეიძლება ითქვას, როდესაც ვიცით რომ წიგნების კითხვა კარგია, მაგრამ არ ვკითხულობთ. გამოდის, რომ ინფორმაციის კუნძულზე ყოფნა ბევრ არაფერს გვაძლევს თუ ხიდი არ გადავიარეთ, ამ ხიდს კი რუტინა ჰქვია. ეს სიტყვა ნეგატიურ სიტყვად ვაქციეთ და მიგვაჩნია, რომ რუტინული საქმე მოსაწყენი და უინტერესოა. დილაობით კბილების გამოხეხვა ხომ რუტინაა? ორგანიზმისთვის სუნთქვა და გულისცემა ხომ რუტინაა? სწორედ ეს „უინტერესო“ საქმეები გვაცოცხლებს და გვასულდგმულებ. საინტერესო საქმეების საკეთებლად რომ მოიცალოთ და ამის ფიზიკური და მატერიალური რესურსი გქონდეთ, ძალიან ბევრი უინტერესო რამ უნდა აკეთოთ.

ორი ტიპის შეკითხვას უნდა გასცეთ პასუხი. პირველი - იცით რომ უნდა ისწავლოთ? იცი რომ ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ? იცი თუ არა რომ წიგნები უნდა წაიკითხო? და მეორე, გაცილებით უფრო ძვირფასი შეკითხვა - რას აკეთებთ ყოველდღიურად? თუ სწავლობთ, კითხულობთ, ინფორმაციას იღებთ, იყენებთ ამ ცოდნას ყოველდღიურად? რაში გამოიხატება ამ ცოდნის გამოყენება? 

თქვენ თუ წარმატება და შედეგების მიღწევა გინდათ მიღებული ინფორმაცია უნდა გადაიქცეს ყოველდღიურ მოქმედებად.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
29 მარტი 2023 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები