ჯოჰარის ფანჯარა და უხილავი ზონები

ჯოჰარის ფანჯარა და უხილავი ზონები


ადამიანებს მუდმივ რეჟიმში გვჭირდება საკვები განვითარებისთვის. უნდა დავსახოთ პრიორიტეტები და მივიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა მიმართულებით გვჭირდება განვითარება. იქნება ეს ინგლისური ენის დახვეწა, ტექნოლოგიური თუ მოლაპარაკების უნარები და ა.შ. ამისთვის, ვიცით, რომ ერთ-ერთი მეთოდი არის უკუკავშირის მიღება, ანუ ვიღაც ადამიანებმა უნდა გვითხრან თავიანთი მოსაზრება თუ რაში შეგვიძლია უკეთესი გავხდეთ. ამაზე შვილსაც ან მეუღლესაც შეიძლება დაელაპარაკოთ, კითხოთ როგორ გახდეთ უკეთესი მეუღლე ან მამა და ასევე შეიძლება დაელაპარაკოთ თქვენ მენეჯერს, კოლეგებს თანამშრომლებს და ა.შ.  

მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან გვიჭირს უკუკავშირის მიღება და განვითარების პრიორიტეტების დასახვა. სწორედ ამიტომ გვინდა ამ საკითხს შევეხოთ და კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ჯოჰარის ფანჯარაზე. ჯო და ჰარი არიან მეცნიერები, რომლებმაც გააერთიანეს სახელები და მოცემულ სქემას ჯოჰარის ფანჯარა დაარქვეს. 

 

რას ნიშნავს ჯოჰარის ფანჯარა? 

თქვენს შესახებ არსებული მთელი ინფორმაცია იყოფა ორ განზომილებად. მარცხნივ, ჰორიზონტალურ ღერძზე განთავსებული ინფორმაცია არის თქვენთვის ცნობილი, ხოლო მარჯვნივ თქვენთვის უცნობი ინფორმაციაა თავმოყრილი.  შეიძლება გაგიკვირდეთ თქვენს შესახებ თქვენთვის უცნობი ინფორმაცია რა უნდა იყოს? ასეთი რამეებიც არსებობს, რასაც შეიძლება ან ვერ ამჩნევდეთ ან არ იცოდეთ. მაგალითად, 3 წლის ასაკში ჩოგბურთზე რომ შესულიყავით იქნებოდით მსოფლიო ჩემპიონი, ან თქვენი კლასელი არ იყო გულგრილი თქვენს მიმართ, მაგრამ არ იცით ამის შესახებ. ანუ ყველა ადამიანს აქვს რაღაც ინფორმაცია თავის თავის შესახებ, რომელიც იცის და რაღაც ინფორმაცია, რომელიც არ იცის. 

ვერტიკალურ ღერძს რომ შეხედოთ აქ უკვე იკვეთება სხვებმა რა იციან და რა არ იციან თქვენს შესახებ. მაგალითად, ჩემ შესახებ ყველამ იცის რომ youtube-ის ვიდეოებს ვაკეთებ, მეტ-ნაკლებად იციან რით ვარ დაკავებული, აქვთ ინფორმაცია ჩემი კარიერის, ეპიზოდების შესახებ რადგან ეს საჯარო ინფორმაციაა და იგუგლება. მაგრამ რაღაც რაღაცები არ იციან, მაგალითად ის რომ მიყვარს გიტარაზე დაკვრა და სიმღერა, 10 წლის წინ მწეველი ვიყავი და ამ მავნე ჩვევას თავი დავანებე. იმიტომ კი არ იციან, რომ საიდუმლოა უბრალოდ ეს ინფორმაცია არ მოხვდა სხვა ადამიანების ყურადღებაში. 

გამოდის, რომ არსებობს ჩვენს შესახებ ინფორმაცია, რომელიც სხვა ადამიანებმა იციან და ეს არის ვერტიკალური ღერძის ზედა მხარე, ხოლო ქვედა მხარეს განთავსებულია ინფორმაცია, რომელიც უცნობია სხვებისთვის. ამ ორი განზომილებაში არსებობს 4 კატეგორია:

·      რაც თქვენც და სხვებმაც იციან - ცხადი.

·      რაც სხვებმა არ იციან და თქვენ იცით - საიდუმლო. არ არის აუცილებელი ამ ინფორმაციას მალავდეთ, უბრალოდ არ არის ყველასთვის ცნობილი

·      რაც არც თქვენ იცით და არც სხვებმა

·      და ბრმა, უხილავი წონა, რაც სხვებმა შეიძლება იცოდნენ თქვენს შესახებ და თქვენ არ იცოდეთ. 

თქვენი თანამშრომლები, პარტნიორები, მეგობრები, ოჯახის წევრები გამჩნევენ რაღაცებს, რასაც თქვენ ვერ ამჩნევთ. რატომ ვერ ამჩნევთ? იმიტომ რომ თქვენ გეხებათ, იმიტომ, რომ მიჩვეული ხართ თქვენ თავზე. მაგალითად შეიძლება ვერ ვამჩნევდე, რომ ადამიანებს საუბარს ვაწყვეტინებ, შეიძლება ძალიან სწრაფად ან ნელა ვლაპარაკობ და შემაწუხებელია სხვებისთვის, ტერმინების „რახა-რუხი“ მიყვარს და ვერ ვამჩნევდე, რადგან ბუნებრივი იყოს ჩემთვის ასე ლაპარაკი. მოკლედ, ჯოჰარის ფანჯარაში უხილავი ზონა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიაღწიოთ პროფესიულ განვითარებას. 

რა შეიძლება გავაკეთოთ? ვის მივაკითხოთ? ვის შეუძლია ჩვენი უხილავი ზონების დანახვა? პირველი პასუხი არის რომ ყოველდღიური ურთიერთობა ვისთანაც მაქვს იმას უნდა მიაკითხოთ - მენეჯერს, დაქვემდებარებულებს, კოლეგებს ვისთანაც ყოველდღიური ურთიერთობა გაქვთ, ოჯახის წევრებს და ა.შ. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს ხალხი რადგან თქვენთან ახლოს არის შეიძლება გიფრთხილდებათ და ყველაფერი არ გითხრან, ან შელამაზებულად გითხრან.  როგორც თქვენ შეგეჩვიათ თვალი თქვენ ქცევაზე, ისინიც ვეღარ ამჩნევდნენ რაღაცებს. ამიტომ, ამბობენ, რომ ისეთ ხალხსაც კითხოთ რომელთანაც ყოველდღიური შეხება არ გაქვთ. ამას ორი მიზეზი აქვს, ერთი, რომ ძალიან ახლო ხალხი შეიძლება რაღაცას ამჩნევდეს მაგრამ არ გეუბნებოდეთ, ჩვენ იმ ქვეყნიდან ვართ სადაც ცუდი ღვინო რომ გააკეთო და კითხო და სტუმრებს როგორია გეტყვიან, რომ კარგია იმიტომ, რომ გაგიფრთხილდებიან. და მეორე მიზეზი არის, რომ შეიძლება მართლა ვერ ამჩნევდნენ.

მეორე შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში: მარტივად გეტყვიან უკუკავშირს თუ არა? თანამშრომლებს რომ კითხოთ თუ რა გეშლებათ, მე რომ ვკითხო Youtube არხის მსმელებს როგორ გავაუმჯობესო ჩემი ვიდეოები, მივიღებთ კი ჯანსაღ უკუკავშირს?  ხშირ შემთხვევაში არა, იმიტომ რომ ეშინიათ რომ არ გვაწყენინონ, არ არიან დარწმუნებული რომ მართლა კრიტიკა გვინდა. ხშირად ვითხოვთ უკუკავშირს, მაგრამ სინამდვილეში ქებას ველით. ამიტომ მოგიწევთ, რომ „ამეცადინოთ“ ადამიანები სწორი უკუკავშირის მოცემაში. იმაზეც დავფიქრდეთ რაიმე რეგულარული ფორმატები ხომ არ არსებობს სადაც შეიძლება მუდმივ რეჟიმში ვიღებდეთ ამ ინფორმაციას. 

 

და ბოლოს, მინდა 4 რჩევა გაგიზიაროთ: 

  • პირველი, მოიფიქრეთ და იპოვეთ ის ხალხი ვინც მზადაა გესაუბროთ ბრმა ან უხილავი ზონების შესახებ. ეძებეთ სუსტ კავშირებშიც. საძებნი და საფიქრალი იმიტომ არის, რომ ყველა არც შეიწუხებს თავს და ვერც შეძლებს რომ კარგად დაინახოს და აგიხსნათ სუსტი მხარეები. ავტორიტეტულობაც სჭირდება ადამიანს რომ თქვენ დაუჯეროთ. 
  • მეორე, იქნებ ისეთი გარემო იპოვოთ, იქნება ეს პროფესიული ასოციაცია, ტრენინგი თუ საზოგადოებრივი საქმიანობა სადაც ადამიანების ურთიერთ-დამოკიდებულება და სიახლოვე შედარებით ნაკლებია და სადაც ხალხი განვითარებას დაეძებს. თქვენ რომ მიაკითხავთ კოლეგას პროფესიულ ასოციაციაში და სთხოვთ უკუკავშირს თქვენ პროფესიულ უნარებთან დაკავშირებით პასუხად შეიძლება უკუკავშირების გაცვლა გთხოვოს, რაც ძალიან კარგია. იქ სადაც თქვენზეა ხალხი დამოკიდებული და უფროსი ხართ, საქმე გაცილებით რთულადაა. 
  • მესამე, გამოიყენეთ თვით ტესტირების ინსტრუმენტები. ბევრი ტესტი არსებობს საკომუნიკაციო სტილზე, პიროვნების ანალიზზე და ა.შ. იმას კი არ ვამბობთ, რომ ამ ტესტებში სრული ჭეშმარიტებაა, ეს არის საკვები იმისთვის, რომ მიხვიდეთ კონკრეტულ ადამიანთან და დაუსვათ კონკრეტული შეკითხვა, მაგალითად, ტესტში ამოგივიდათ, რომ მოსმენა არ იცით და ეს მართალია თუ არა.  თუ კონკრეტულ შეკითხვას დააინიცირებთ, მეტი შანსი გაქვთ, რომ სიმართლე გაიგოთ. 
  • მეოთხე, რაც არ უნდა მაგრები იყოთ სულ გახსოვდეთ, რომ მაინც გაქვთ უხილავი ზონები, ვიღაცებმა მაინც იციან რაღაცა თქვენ შესახებ, რაც თქვე არ იცით. ეს ძიება უნდა იყოს მთელი ცხოვრების განმავლობაში ისევე როგორც პროფესიული და პიროვნული განვითარება. 

 

Flowmaster.online — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
16 აპრილი 2024 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები