ხარ თუ არა პროფესიონალი

ხარ თუ არა პროფესიონალი


პროფესიონალიზმი - ძალიან ხშირად ამ სიტყვას პოზიტიურ კონტექსტში ვიყენებთ. ამ სიტყვით ადამიანის დახასიათება კარგ რაღაცად ითვლება. თუმცა, მაქვს მოსაზრება, რომ თქვენ გარშემო 5 ადამიანს რომ კითხოთ თუ რა არის პროფესიონალიზმი და როგორ ესმით პროფესიონალი ადამიანი, სავარაუდოდ  5 განსხვავებულ მოსაზრებას მოისმენთ. პრობლემა ეს არ არის, მაგრამ ყველა ადამიანს გვჭირდება ჩარჩო, სისტემა, რომლითაც ჩვენ პროფესიონალიზმს, როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების. ამისთვის კი საჭიროა პარამეტრები, რითაც უნდა გაიზომოს ადამიანის პროფესიონალიზმი. შემდეგ უკვე, ნათქვამია, რომ რასაც ვზომავთ იმას ვავითარებთ. 

ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს 6 კომპონენტი, რომელიც არის პროფესიონალიზმის განუყრელი ნაწილი და ამ სტატიაში სწორედ ამაზე გვინდა გესაუბროთ. 

პირველი არის დისციპლინა;

მეორე, მუდმივი განვითარება;

მესამე, კონკრეტული პროფესიისთვის საჭირო უნარები;

მეოთხე, კონკრეტული საქმის ცოდნა;

მეხუთე, მოტივაცია; 

მეექვსე, სანაცნობო ქსელი.

მიგვაჩნია, რომ რომელიმე ამათგანში თუ მოვიკოჭლებთ, ჩვენი პროფესიონალიზმიც მოიკოჭლებს.

ეტაპობრივად ყველა კომპონენტს შევეხები. 

1. დისციპლინა. ნათქვამია, რომ კარგ დღეს როგორ აკეთებ საქმეს ეგ არ არის პროფესიონალიზმი. როგორ აკეთებ საქმეს როცა ხარ გადაღლილი, ნერვებ მოშლილი, დასიცხული, როცა ჯანმრთელობა ბოლომდე ხელს არ გიწყობს და ა.შ. სწორედ ამ დროს ჩანს პროფესიონალიზმი. ანუ შენი შედეგიანობის ყველაზე დაბალი ვერსიაც კი კარგად უნდა აკეთებდეს საქმეს. თუ ტრენერი ხარ ყველაზე ცუდ დღესაც კი კარგ ტრენინგს უნდა ატარებდე. თუ იურისტი ხარ კარგ დოკუმენტაციას უნდა აკეთებდე და კარგად წარმოაჩენდე შენ კლიენტებს. 

არავის სჭირდება ადამიანები, რომლებიც ხასიათის მიხედვით მუშაობენ. უამრავი გვინახავს ასეთი და საკმარისია. ანუ პროფესიონალს სჭირდება დისციპლინა. ეს უკანასკნელი არის უნარი, რომ საქმე გააკეთო ისე როგორც საჭიროა, მიუხედავად იმისა რას გრძნობ, დაღლილი ხარ თუ დასვენებული და ა.შ. 

წარმოიდგინეთ ხელოსანი, რომელზეც გეუბნებიან, რომ თუ კარგ ხასიათზე იქნება გაგიკეთებს მანქანას და თუ ცუდ ხასიათზე იქნება ვერ გაგიკეთებს. ესეთ ხელოსანთან არავინ წავა. მისი დევნის დრო ხომ არავის გვაქვს? 

2. მუდმივი განვითარება. ჩემს პირველ დიპლომში მიწერია, რომ ვარ მათემატიკოსი, მათემატიკის მასწავლებელი და კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტი. მათემატიკოსი კი კარგად ჟღერს და ხშირად უთქვამთ, რომ მე ხომ მათემატიკოსი ვარ. ამიტომ მოვიფიქრე პროფესიონალების შემოწმების ტესტი. ანუ როგორ გავიგოთ ადამიანი არის თუ არა მათემატიკოსი, იურისტი, პროგრამისტი და ა.შ. თუ თქვენც მათემატიკოსი ხართ არ გაგიჭირდებათ სხვისი უნარების შემოწმება. თუმცა, ჩემი ტესტი არ საჭიროებს რომ საგანში ერკვეოდეთ. შევამოწმოთ მუდმივად ვითარდება თუ არა ეს ადამიანი? ვკითხოთ რას აუმჯობესებს, რაც ცვლის თავის საქმიანობაში. თუ ტრენერია რა შეცვალა ბოლო ერთ თვეში ამ მიმართულებით, თუ იურისტია ვკითხოთ რა სიახლეებია ამ სფეროში, რა ხდება ახალი ფინანსებში, მედიცინაში და ა.შ. ექიმი, რომელმაც 20 წლის წინ რა ხდებოდა იცის და დღეს რა ხდება არ იცის არ არის პროფესიონალი. ანუ მუდმივი განვითარება ჭირდება პროფესიონალს. 

3. უნარები. ცოდნა და უნარები რომ განვასხვაოთ, უნარები არის რაც თავისთავად გამოგდით. იქნება ეს ქართულად თუ ინგლისურად საუბარი, მანქანის ტარება, ჰიგიენის მიხედვა და ა.შ. ეს არის ის რაღაც, რასაც ავტომატურად კარგად აკეთებთ. ყველა პროფესიას აქვს თავისი სახასიათო უნარები, რომლებსაც ავტომატურად კარგად უნდა აკეთებდეთ. არ შეიძლება მძღოლს სჭირდებოდეს ბევრი ფიქრი უკანა სვლით მანქანა როგორ შეაყენოს პარკინგზე. არ შეიძლება ქირურგს სჭირდებოდეს მედიკამენტების და ინსტრუმენტების სახელების გახსენება. 

ანუ უნარები არის ის ცოდნა, რაც გადავიდა ავტომატიზმში და ავტომატურად ხარისხიანად სრულდება. ისევე, როგორც სუნთქვაზე არც ერთ ჩვენგანს ფიქრი არ უწევს, ასე უნდა იყოთ თავისუფლად იმ უნარებში რა უნარებიც სჭირდება თქვენ პროფესიას. მენეჯმენტის ტრენინგებზე  ხშირად ვამბობთ, რომ არ უნდა გჭირდებოდეს დაფიქრება უკუკავშირზე, დელეგირებაზე, ინტერვიუზე ეს უნდა იყოს გადასული ავტომატური უნარების კატეგორიაში. 

4. ცოდნა. ზღვა ინფორმაცია არსებობს ნებისმიერ პროფესიაში. უნდა მოახერხოთ, რომ თქვენი მიმართულებით მუდმივად განახლებული ცოდნა გქონდეთ. ვახსენეთ მუდმივი განვითარება, რომელიც, რა თქმა უნდა, ცოდნის მიღებით იწყება. უნდა გაიგოთ რა ხდება ახალი იმისთვის, რომ გამოიმუშაოთ უნარები და იზრუნოთ იმაზე, რომ შეინარჩუნოთ და განავითაროთ თქვენი პროფესიონალიზმი. მუდმივად განახლებული და თანამედროვე ცოდნა გჭირდებათ.

5. მოტივაცია. ასარჩევად რომ გქონდეს საქმე, მაგალითად ფული რომ არ გჭირდებოდეს, რა საქმესაც აკეთებ გააკეთებდი თუ არა. წარმოიდგინეთ, ხელფასი რომ შეგინარჩუნონ და აგარჩევინონ მარკეტინგში გინდათ მუშაობა, HR-ში, ფინანსებში თუ გაყიდვებში? თუ ისევ თქვენ საქმეს შეინარჩუნებთ და აირჩევთ ესე იგი შინაგანად მოტივირებული ყოფილხართ. მოტივაცია არის პროფესიონალის განუყრელი ნაწილი. ხშირად შეხვდებით ადამიანს, რომელსაც დისციპლინაც აქვს, სამუშაო უნარებიც, ცოდნაც, ვითარდება, სიახლეებს ეცნობა, მაგრამ რომ აარჩევინო სხვა მიმართულებას აირჩევს იმიტომ, რომ დაღლილია, რაც ნიშნავს, რომ მოტივაცია არ აქვს აკეთოს იგივე საქმე.  

6. სანაცნობო ქსელი. ძალიან ბევრი ადამიანი სცოდავს ამ ნაწილში. არ შეიძლება ამბობდეთ, რომ ხართ პროფესიონალი ტრენერი და არ იცნობდეთ სხვა ტრენერებს. ვისგან სწავლობთ? ვის ეტოლებით? ვის ეჯიბრებით? ვისთან ერთად ვითარდებით? ძალიან მნიშვნელოვანია სანაცნობო ქსელი. ყველა საქმეში გჭირდებათ პარტნიორი, დამხმარე, კონკურენტი, კონტრაქტორი, მოტივატორი და ა.შ. სოციალურ ქსელში არც ერთი ჩემი კოლეგის ლექცია არ გამომიტოვებია. სანაცნობო ქსელი ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის მიუხედავად იმისა თუ რა პროფესიაში ოპერირებთ. 

საბოლოო ჯამში, რა ვქნათ? როგორ მოვაგვაროთ ეს საკითხები? ვის შევედაროთ და როგორ მივხვდეთ პროფესიონალი ვარ თუ არა? 

პირველ რიგში, ამ ექვსივე კომპონენტით შეედარეთ გუშინდელ თქვენ თავს. ანუ ყოველ დღე ნაბიჯი უნდა გადადგათ წინ და პროგრესირდეთ. მეორე, დაეტოლეთ საუკეთესო პროფესიონალებს, თქვენზე მაგრებს. თუ საქართველოში საგანმანათლებლო youtube არხი ბევრი არ არის, უცხოეთში ძალიან ბევრია, ამიტომ უნდა დავეტოლო სხვა, უცხოურ არხებს. მესამე, დაეტოლეთ ბაზარს, ანუ არის თუ არა თქვენზე მოთხოვნა. მე როგორც არ უნდა მომწონდეს ჩემი კონტენტი და ვიდეოები თუ ნახვები არ ექნება მზარდი და საკმარისი, ესე იგი, არ ვარგა ვიდეო, ტრენინგი თუ გავაკეთე და მოთხოვნა არ არის, ესე იგი, არ ვარგა ეს ტრენინგი. შრომით ბაზარზე თუ ხართ იურისტი და თქვენ სერვისებზე არ არის მზარდი მოთხოვნა, ესე იგი, არ ხართ კარგი პროფესიონალი. ეს სამივე კომპონენტი თუ პროგრესირებს, ესე იგი, თვენი პროფესიონალიზმი წინ მიდის. 

და ბოლოს, რით დავიწყოთ? კონკრეტული დრო უნდა დაეთმოს კალენდარში  მოქმედებებს, არ შეიძლება გინდოდეთ სწავლა, გინდოდეთ კითხვა და არაფერს აკეთებდეთ ამისთვის. უნდა იმოქმედოთ და თუ უნდა იმოქმედოთ, მაშინ კონკრეტული ნაბიჯები უნდა აისახოს კალენდარში. თუ იტყვით, რომ მინდა სანაცნობო ქსელის განვითარება, მე გკითხავთ, როდის აპირებთ, რომელი დღის რომელ მონაკვეთში, სანაცნობო ქსელის განვითარებას. კალენდარში თუ მოქმედებები არ მოხვდა ეს არ არის განვითარება. 

ქოფი. 

  1. პროფესიონალიზმის შეფასების 6 კრიტერიუმი არსებობს, თუ ერთ-ერთ მათგანში მაინც მოიკოჭლებთ, ესე იგი, მოიკოჭლებთ როგორც პროფესიონალი.
  2. იმისთვის, რომ გაიგოთ როგორც პროფესიონალი ვითარდებით თუ არა უნდა შეედაროთ სამ განზომილებას: გუშინდელ საკუთარ თავს, კონკურენტებს და დამკვეთების საჭიროებებს.
  3. პროფესიონალი სიტყვა თავისთავად პოზიტიურია. თუმცა კითხეთ თქვენ გარშემო 5 ადამიანს თუ რა არის პროფესიონალიზმი და ვინ არის პროფესიონალი? დარწმუნებული ვარ 5 განსხვავებულ პასუხს მოისმენთ.
  4. გახსოვთ ხომ, რომ რაც იზომება ის ვითარდება. დროა გაზომოთ თქვენი პროფესიონალიზმი და შესაბამისად განავითაროთ. ამისთვის კი არსებობს 6 კომპონენტი, რომლითაც შეძლებთ თქვენი პროფესიონალიზმის შეფასებას და შემდეგ უკვე განვითარებას.
Flowmaster.online — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
18 აპრილი 2024 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები