Როგორ ვიყო მაგალითი ჩემი თანამშრომლებისთვის? ფიგურალური ლიდერი

Როგორ ვიყო მაგალითი ჩემი თანამშრომლებისთვის? ფიგურალური ლიდერი


არსებობს ორნაირი ლიდერი, უფრო სწორად რომ ვთქვათ ერთ ლიდერს საჭიროა ჰქონდეს ორი თვისება თუ ფუნქცია. პირველი, რაც ლიდერს უნდა ახასიათებდეს არის ფუნქციონალურობა, რაც გულისხმობს თავისი მოვალეობების შესრულებას.

ფუნქციონალური ლიდერი იძლევა დავალებებს, აჰყავს გუნდის წევრები, იძლევა უკუკავშირს, გუნდთან ერთად მუშაობს სტრატეგიაზე, გეგმის შესრულებაზე და ა.შ.

მეორე მნიშვნელოვანი თვისება არის ფიგურალურობა, ხატოვნად რომ წარმოვიდგინოთ ეს არის სამაგალითო ადამიანი, ცოცხალი ძეგლი, რომელიც დგას ორგანიზაციის შესასვლელში და ხალხი მას უყურებს როგორც მაგალითს, მისაბაძ ადამიანს და შთაგონების წყაროს.

როდესაც ლიდერებთან ტრენინგებზე ამას ვახსენებთ, ხშირად ეცინებათ  და მიაჩნიათ, რომ მათგან ძეგლი და მისაბაძი პიროვნება არ გამოვა, მაგრამ დამიჯერეთ რომ ეს ასე არ არის.

თვითმფრინავით მგზავრობისას ტურბულენტურ ზონაში თუ მოხვდებით აღმოაჩენთ, რომ ბევრი ადამიანი თვალს გამცილებლისკენ აპარებს და თუ გამცილებელი მშვიდადაა და აგრძელებს მოვალეობის შესრულებას, მგზავრებიც მშვიდდებიან.

კომპანიაც სწორედ ასეა, კრიტიკულ მომენტებში ლიდერები არიან ის ადამიანები ვისაც გუნდის წევრები უყურებენ.  

ბევრი ადამიანი, ვინც ლიდერობის ტრენინგებს ესწრება, არ აქცევს ყურადღებას სხვის თვალში როგორ ჩანს მისი საქციელი. მაგალითად, ხელმძღვანელს შეიძლება ბევრი საქმე ჰქონდეს და ამაზე სულ წუწუნებდეს, ხაზს უსვამდეს რომ მუდამ ადრე მოდის სამსახურში და გვიან მიდის სახლში.

გემი სადაც კაპიტანი მუდამ წუწუნებს და ვერ ასწრებს საქმის კეთებას საშიშია ასეთი გემით ზღვაში სიარული.

თუ კომპანიას ფინანსური სირთულეები აქვს არ შეიძლება მენეჯერი კერძო საუბრებში მუდმივად გაჭირვებაზე ლაპარაკობდეს და განუსაზღვრელობას ხატავდეს, თანამშრომლებისთვის ეს სერიოზული სტრესის წყარო იქნება.

ფიგურალური ლიდერის ვალდებულებაა, რომ ასხივებდეს თავდაჯერებულობას და პოზიტიურობას. გასაგებია, რომ პრობლემები არსებობს, მაგრამ ლიდერი არ არის რიგითი თანამშრომელი, რომელსაც აქვს უფლება თავისუფლად გამოხატოს ყველას წინაშე არსებული პრობლემები.

თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანები ლიდერების სოციალურ არხებსაც ადევნებენ თვალს. ხშირად გექნებათ კოლეგებისგან მოსმენილი, რომ მათ მენეჯერებს საკუთარი ცხოვრებისთვის ვერ მიუხედავს და მათ ჭკუა როგორ უნდა ასწავლოს.

ამიტომ, ლიდერის შეფასებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი ფუნქციონალური შესრულებაც და ფიგურალურობაც.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
7 ივლისი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

იდეალური მენეჯერის 4 დამახასიათებელი თვისება: იცხაკ ადიზესის მოდელი

როგორი უნდა იყოს იდეალური აღმასრულებელი? საკმარისია თუ არა მხოლოდ შედეგებზე ორიენტირება და კარგი დისციპლინა? ამ კითხვებზე პასუხს ბლოგში იპოვით. . . .

ჯილდო და ჯილდოს მოლოდინი

რატომ არის ჯილდოს მოლოდინი ისეთივე ძვირფასი, როგორც თავად ჯილდო? . . .

რატომ და როგორ უნდა ვიყო უხილავი „ლიდერი“

რას ნიშნავს ლიდერობა? რას გულისხმობს ლიდერობა და რა არის მისი საზომი? . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები