პრობლემის ანალიზი - სასამართლო, თუ სასწავლო ოთახი

პრობლემის ანალიზი - სასამართლო, თუ სასწავლო ოთახი


ყველა კომპანიაში, ჯგუფში, თუ პირად ცხოვრებაში არის რაღაცები, რაც კარგად არ გამოვა, ისე არ გამოვა, როგორც დაგეგმილი გვქონდა ან საერთოდ არ გამოვა. 

რომ დავფიქრდეთ, თითოეულ ჩვენგანს გაახსენდება ბევრი სიტუაცია კომპანიაში, სახელმწიფო ორგანიზაციაში, თუ პირად ცხოვრებაში, როდესაც რაღაც დავგეგმეთ და ისე არ გამოვიდა, როგორც ჩვენ გვინდოდა. მაგრამ მთავარი ის კი არ არის, გვექნება თუ არ არა ასეთი სიტუაციები, აუცილებლად გვექნება, მთავარი ის არის, როგორ მოვიქცევით შეცდომის დაშვების შემდეგ. 

ერთ-ერთი კარგი და მოწინავე ორგანიზაციის მენეჯმენტთან მუშაობისას გამოჩნდა, რომ ჩვეულებრივ, როცა პრობლემა წამოიქმნება და მიზნები და გეგმები ისე ვერ სრულდება, როგორც დაგეგმილი იყო, საკითხის განხილვისას გულდაწყვეტის მკაცრი და დესტრუქციული ნოტები შეიმჩნეოდა. 

სწორედ ამ საკითხზე გვსურს თქვენი ყურადღების გამახვილება. როდესაც თქვენს ორგანიზაციაში რაღაც ვერ გამოდის ისე, როგორც საჭიროა, შემდეგ რა ხდება? 

პირველი, თუ საერთოდ არანაირი გარჩევა და განხილვა არ მოყვება წამოჭრილ პრობლემას, ეს დიდი ანომალიაა. ყველა პრობლემას თუ შეცდომას აუცილებლად სჭირდება გააზრება. ორგანიზაციების უმეტესობაში ასეთი განხილვები ჩვეულებრივი მოვლენაა. 

არსებობს განხილვის ორი ტიპი - ერთი ჰგავს სასამართლო დარბაზს, სადაც არსებობს მოსამართლე, ბრალდებული და ბრალმდებელი.

მარტივი წარმოსადგენია, როგორი სახის დიალოგები და გარჩევები იქნება მსგავსი ტიპის „ოთახში“. ბრალდებული თავდაცვის პოზიციაში იმყოფება, ბრალმდებელი პრობლემის არსზე კი არ საუბრობს, ბრალდებულისკენ იშვერს ხელს და მსაჯული - რომელიც სავარაუდოდ ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენელია - განსჯის ამ სიტუაციას და გადაწვეტილებას იღებს, ვისი ბრალი იყო კონკრეტული პრობლემის წარმოქმნა. 

მეორე სახის განხილვა უფრო ტრენინგს, ლექციას, სემინარს ჰგავს. აქ უფრო კონსტრუქციულად საუბრობენ პრობლემაზე, აანალიზებენ არსებულ სიტუაციას. ასეთ „ოთახში“ არ არსებობს მხარეები და როლები. აქ კოლეგები უბრალოდ მსჯელობენ. 

დაფიქრდით, თქვენს ორგანიზაციაში სასამართლო პროცესები მიმდინარეობს თუ კონსტრუქციული განხილვები? შეიძლება ორივე მიდგომა იყოს დანერგილი.

ნებისმიერი მსჯელობისა თუ განხილვის მიზანი კონკრეტულ დასკვნამდე მისვლა ან გამოსავლის პოვნაა. 

სასამართლო ოთახებში მიზანი დამნაშავის იდენტიფიცირებაა. თუმცა საინტერესოა, სადამდე მიგვიყვანს მსგავსი სახის განხილვები? ამ დროს მთელი აქცენტი კეთდება ბრალდებულზე. ეს ის ადამიანია, ვისაც გაფუჭებული საქმის პასუხისმგებლობა ეკისრება. რეალურად, ამ ადამიანმა იცის ყველაზე მეტი აღნიშნული პრობლემის შესახებ, იცის რა მოხდა, როგორ მოხდა, ყველაზე მეტი ინფორმაცია აქვს არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. დაფიქრდით, თუ ის ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდება, ყველაფერს დეტალურად მოყვება? პრობლემის გამოსწორების და გადაჭრის გზებს შემოგთავაზებთ?  ნაცვლად იმისა, რომ გაიხსნას და გულწრფელად მოყვეს ყველაფერი, ის შეეცდება თავდაცვას, ასეთ მდგომარეობაში ხომ თავად ჩააყენეთ. საბოლოოდ, ვერავინ მიიღებს იმ ღირებულ ინფორმაციას, რომელიც ყველას დაეხმარება სიტუაციის სწორად გაანალიზებაში. 

სასამართლო განხილვის დროს ვერც ბრალმდებელისგან მოისმენთ ობიექტურ ინფორმაციას, ის მხოლოდ ხელს იშვერს „დამნაშავისკენ“ და ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ბრალდებულმა გააფუჭა საქმე, რაღაც ვერ გააკეთა სწორად. საბოლოოდ კი მსაჯულს არასრული და არაობიექტური ინფორმაციის საფუძველზე უწევს დასკვნების გამოტანა. 

ახლა წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც გაასამართლეს. სამომავლოდ ყველაფერს იზამს, რომ იგივე პასუხისმგებლობა აღარ აიღოს, იგივე სირთულის საქმეს აღარ შეეჭიდოს. გამოდის, რომ თავად ვუბიძგებთ კოლეგებს, რომ სულ უფრო ნაკლები პასუხისმგებლობები აიღონ და უფრო მეტად დაიზღვიონ თავი. ასევე განწირულია ტოპ მენეჯმენტი, რადგან მას სრულყოფილი ინფორმაცია არასდროს ექნება ორგანიზაციაში მიმდინარე საკითხებზე. არავინ გულახდილად არ მოყვება რა და როგორ მოხდა. 

სამომავლო პერსპექტივაში ორგანიზაციისთვის ეს ყველაფერი სერიოზული პრობლემებს შექმნის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი პრობლემის, შეცდომის თუ არასასურველი სიტუაციის ანალიზი სწორად და კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში მოხდეს. 

მნიშვნელოვანია, კომპანიაში პრობლემები ისე გააანალიზოთ, რომ სამომავლოდ მსგავსი შეცდომების გამეორება მინიმუმამდე დაიყვანოთ. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
11 იანვარი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

იდეალური მენეჯერის 4 დამახასიათებელი თვისება: იცხაკ ადიზესის მოდელი

როგორი უნდა იყოს იდეალური აღმასრულებელი? საკმარისია თუ არა მხოლოდ შედეგებზე ორიენტირება და კარგი დისციპლინა? ამ კითხვებზე პასუხს ბლოგში იპოვით. . . .

ჯილდო და ჯილდოს მოლოდინი

რატომ არის ჯილდოს მოლოდინი ისეთივე ძვირფასი, როგორც თავად ჯილდო? . . .

რატომ და როგორ უნდა ვიყო უხილავი „ლიდერი“

რას ნიშნავს ლიდერობა? რას გულისხმობს ლიდერობა და რა არის მისი საზომი? . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები