რა განსხვავებაა ფაკულტეტის არჩევასა და პროფესიის არჩევას შორის?

რა განსხვავებაა ფაკულტეტის არჩევასა და პროფესიის არჩევას შორის?


თანამედროვე სამყაროში უფრო და უფრო საინტერესო ხდება რამდენიმე პროფესიის არჩევის საკითხი. დღეს უფრო მიღწევადია პარალელურად რამდენიმე სფეროში მოღვაწეობა ვიდრე ადრე იყო. ნებისმიერი ცოდნა ხელმისაწვდომია, არსებობს ონლაინ კურსები, იდება მსოფლიოში წამყვანი უნივერსიტეტების ლექციები, შესაძლებელია ქეისების შესწავლა და ა.შ.  

ერთმა ადამიანმა შეიძლება განვლოს გზა შემდეგნაირად: აიღოს ბაკალავრიატის დიპლომი დრამისადა კინოს მიმართულებით, იმუშაოს თეატრში, მაგისტრატურა გააგრძელოს კინოსა და სცენარისტობის მიმართულებით, იმუშაოს დრამატურგად, პარალელურად იყოს რადიოს წამყვანი და შემდეგგადავიდეს ტელევიზიაში, ჯერ ტელესცენარისტად, შემდეგ კი ტელეწამყვანად.  

რამდენად შეიძლება შეეხოს ადამიანი ბევრ სფეროს ერთდროულად, იყოს IT სპეციალისტი, უკრავდეს ბენდში და პარალელურად საინტერესო მარკეტინგული პროექტები აკეთოს? ზემოთ განხილულ მაგალითში ხსენებული სფეროები მონათესავეა და კარიერული გზას  უფრო გამოხატავს ვიდრე განსხვავებული პროფესიებით მუშაობას. პარალელურად ბევრ განსხვავებულ პროფესიაში მოღვაწეობა შეიძლება რისკებთანაც იყოს დაკავშირებული.  

ტექნიკურად, რა თქმა უნდა, შეიძლება ბევრ სხვადასხვა სფეროში განათლების მიღება და მოღვაწეობა. დღევანდელ ახალგაზრდებს, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ განვითარებული, სწრაფი და ბევრ ბირთვიანი პროცესორები აქვთ. ვისაც უნახავს მათი მეცადინეობის პროცესი, არავის სჯერა, რომ მეცადინეობენ იმიტომ, რომ 100 საქმეს ერთად აკეთებენ. ეს არგუმენტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მრავალ პროფესიობა გავამართლოთ, თუმცა როგორც აღვნიშნეთ ამას გარკვეული რისკები ახლავს თან. განვითარებული ტვინის მქონე ახალგაზრდები პროფესიულ ასპარეზზე ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან, ძველი თაობა მათი კონკურენტი არ იქნება. ახალგაზრდა, რომელსაც პროგრამისტობისთვის მეტი დრო აქვს დათმობილი და ორიენტირებული იყო ამ პროფესიის შესწავლაზე, რა თქმა უნდა,  კონკურენტულ უპირატესობას მოიპოვებს იმ ახალგაზრდას მიმართ, რომელიც ბევრ პროფესიას მიედ-მოედო და პროგრამისტობისთვის ნაკლები დრო აქვს დათმობილი.  

გამოდის, რომ „ყველაფერჩიკობას“ და „არაფერჩიკობას“ შორის ტოლობის ნიშანია. ანუ ყველაფრისსპეციალისტობა უდრის არაფრის სპეციალისტობას. ამ დროს არსებობს საფრთხე, რომ საბოლოოდარაფერში ჩამოყალიბებული პროფესიონალი არ გამოვიდეს ადამიანი.

თუმცა, ადამიანი, რომელიც ერთ კალაპოტში ინარჩუნებს თავს და მოღვაწეობს ერთმანეთის მონათესავე სფეროებში, ის ფაქტობრივად იფართოებს შესაძლებლობებს. ჟურნალისტი, რომელსაც ესმის ოპერატორის და სცენარისტის საქმიანობა, პროგრამისტი, რომელსაც ესმის პროექტის მენეჯმენტი, სისტემური ადმინისტრირება, გამომძიებელი, რომელსაც იურიდიული განათლება აქვს მიღებული - რა თქმა უნდა, ასეთი პროფესიონალები უფრო ფასობენ და უფრო პროფესიონალებიც არიან ვიდრე პროგრამისტის დიპლომიანი პროგრამისტები და ა.შ.  

არ არსებობს საქმიანობა, რომელსაც იზოლირებულად ვაკეთებთ, ყველა პროფესიას აქვს მომიჯნავე პროფესიები და სწორედ ასეთ წრეში ტრიალი უზრუნველყოფს თქვენს კონკურენტულ უპირატესობას.  

არსი ის არის, რომ რა სფეროშიც მოღვაწეობთ უნდა გესმოდეთ არსებული ეკოსისტემა, სწორედ ამის მიხედვით უნდა შეიმუშაოთ Plan A და Plan B.  

თუმცა, პროფესიის არჩევა დიპლომს არ უნდა დაუკავშიროთ. რა განსხვავებაა ფაკულტეტსა და პროფესიის არჩევას შორის? რეალურად აბიტურიენტები პროფესიას არ ირჩევენ, ირჩევენ ფაკულტეტს, ეს დაახლოებით იგივეა, რომ შეკითხვაზე „რა ვჭამოთ?“ ავირჩიოთ ჯერ საიდანგამოვიძახოთ საჭმელი და მერე დავფიქრდეთ თუ რა გამოვიძახოთ. ამით დასაწყისშივე ივიწროებთ არჩევანს.  

პროფესიის არჩევა კი საჭმლის არჩევაზე ბევრად მნიშვნელოვანია. ჯერ სანამ რესტორანს აირჩევ უნდა დაფიქრდე როგორ გამოიყურება შენი ოცნების კოშკი, ანუ ჯერ რისი ჭამა გინდა. შეიძლება შეიცვალოს რამდენჯერმე თქვენი ოცნების კოშკი, მაგრამ უნდა ხედავდეთ შემდეგ რამდენიმე წელში თქვენს თავს. უნდა დაფიქრდეთ რა მოგცემთ სწავლის მოტივაციას და ისე ჩააბაროთ უნივერსიტეტში, იმისთვის, რომ კარგად ისწავლოთ და პროფესიონალი გამოხვიდეთ. როდესაც პროფესიულ მიმართულებას აირჩევთ შემდეგ უნდა დაფიქრდეთ რისი დიპლომი სჯობს რომ გქონდეთ. შეიძლება გამომძიებლობა გინდოდეთ, მაგრამ საჭიროდ ჩათვალოთ რომ იურისტის დიპლომი გჭირდებათ.  

თუ Software Engineering გაინტერესებთ იქნებ ჯობდეს მენეჯმენტის დიპლომი აიღოთ. გაითვალისწინეთ, რომ ძალიან ბევრი თანამედროვე პროფესიის ფაკულტეტი არ არსებობს და სწორედ ეს პროფესიებია მოთხოვნადი და მომავლის პროფესიები. უნივერსიტეტში ვერ ისწავლით მეტა სამყაროს გრაფიკულ დიზაინერობას, მაგრამ ისწავლით ისეთ ფაკულტეტზე რაც დაგეხმარებათ, რომ უფრო კონკურენტუნარიანი იყოთ ამ სფეროში. რაც დრო გავა მით უფრო მეტი პროფესია გაჩნდება, რომლის დიპლომიც უბრალოდ არ არსებობს. თუ პროფესიონალი Big Data სპეციალისტი ხართ, არავის დააინტერესებს ამ მიმართულებით დიპლომი გაქვთ თუ არა. რეალურად უნივერსიტეტებში წარსულის პროფესიებს ასწავლიან, სიტყვა წარსული კი იმას არ ნიშნავს, რომ ეს პროფესიები საჭირო აღარ არის, უბრალოდ მომავლის პროფესიებია მოთხოვნადი. ცხოვრებას ხომ მომავალში აპირებთ? ამიტომ მოეჭიდეთ მომავლის პროფესიებს და დიპლომი მიიღეთ ისეთ პროფესიაში, რომელიც გაამყარებს პროფესიულ ბაზარზე თქვენს პოზიციებს.  

სწორედ ეს არის ბედნიერი მომავლის საშვი. პროგრამისტობა ადრე ერთი პროფესია იყო, დღესპროგრამისტობაში არსებობს 45 პროფესია და პროგრამისტობა კი არ უნდა აირჩიოთ პროფესიად, ამ 45-დან რა მიმართულებით მიდიხართ ეგ უნდა აირჩიოთ. გამოდის, რომ მხოლოდ ფაკულტეტებით პროფესიის არჩევა საკმაოდ გზღუდავთ არჩევანში. რაც არის მოთხოვნადი, თანამედროვე და მომავლის პროფესია სწორედ ის უნდა აირჩიოთ და ამას მოარგოთ სხვა გადაწყვეტილებები. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
16 იანვარი 2023 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

რას უნდა დაეყრდნოს პროფესიული არჩევანი? რჩევები აბიტურიენტებისთვის

პროფესიის არჩევის ეტაპი ადამიანების ცხოვრებაში, იქნება ის აბიტურიენტი, თუ სტუდენტი, საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია. . . .

როგორ ვიშოვო პირველი სამსახური?

ძალიან ხშირად, დასაქმების საიტებზე, თუ სოციალურ ქსელებში შეხვდებით კომპანიების მიერ განთავსებულ ვაკანსიებს, სადაც ითხოვენ გამოცდილებას. ამას მოყვება ახალგაზრდების მხრიდან პრეტენზიები, როგორ უნდა იშოვონ პირველი სამსახური, თუ ყველა ითხოვს გამოცდილებას. . . .

Plan A და Plan B პროფესიის შერჩევისას

რაც უფრო ფართო დიპლომი გექნებათ, რაც უფრო მეტ ტერიტორიას დაფარავს, მით უკეთესი, ხოლო შენ რა უნდა აკეთო ამას დიპლომი არ განსაზღვრავს. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები