ხშირად მშობლების აქტიურ როლს თამაშობენ შვილების პროფესიული გადაწყვეტილების მიღებაში.
ამ სტატიაში ვისაუბრებთ, თუ რას უნდა დავეყრდნოთ და რა არ უნდა გავითვალისწინოთ პროფესიის არჩევისას.
არსებობს ტრადიციული მიდგომა, რომ არჩევანი, რის მიხედვითაც ადამიანები გადაწყვეტილებებს იღებენ, უნდა დაეყრდნოს რამდენიმე მიმართულებას:
- მშობელი თავისი შვილის შეფასებას იწყებს სკოლის საგნების მიხედვით, მაგალითად, „მას მათემატიკა გამოსდის კარგად“, „ისტორიაშია ძლიერი“, „ქიმიის მასწავლებელი აქებს“. პროფესიულ მიმართულებასაც სწორედ სკოლის საგნებზე დაყრდნობით ირჩევენ.
- ხშირად აბიტურიენტები შედეგებიდან გამომდინარე აკეთებენ არჩევანს. მაგალითად, თუ უნდათ ბიზნესის მართვის სწავლა, ეს ნიშნავს, რომ ისინი ფულის შოვნაზე არიან ორიენტირებული.
- ზოგს მომღერლობა უნდა, არა იმ მიზნით რომ სიმღერა ისწავლოს, არამედ ფილმებში ნანახი მომღერლების ცხოვრების სტილი მოსწონს.
- უფრო პრაგმატული მიდგომაა იმის გამოკვლევა, თუ რა არის მოთხოვნადი ბაზარზე. მაგალითად ვიცით, რომ იურისტები სასურველი კადრები არიან კომპანიებში და სამომავლოდ სტუდენტს სამსახურის პოვნა არ გაუჭირდება.
- საკმაოდ ხშირად, პედაგოგები და მშობლები არიან ჩართულები გადაწყვეტილების მიღებაში. რიგ შემთხვევებში, ამაში ცუდი არაფერია, რადგან ამ ადამიანებს რეალურად კარგი უნდათ ბავშვისთვის, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ისინი თავისი გადმოსახედიდან უყურებენ პროფესიის არჩევას და აბიტურიენტს, შესაძლოა, სულ სხვა სურვილები და მიზნები ჰქონდეს.
ეს ის მიმართულებებია, რომლებსაც სასურველია, არ დაეყრდნოთ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას.
მოდით ამ საკითხს სხვა რაკურსით შევხედოთ. დავსვათ უფრო სიღრმისეული კითხვები, რომლებიც რეალურად გამოავლენს აბიტურიენტის შესაძლებლობებსა და სურვილებს.
- დღეს რა იცი? მართლა იცი? მათემატიკა კარგი ნიშნისთვის იცი, თუ სიღრმისეულად? ისტორია სკოლის დონეზე იცი, თუ სხვა ისტორიულ წიგნებსაც კითხულობ? აქცენტი უნდა გაკეთდეს რეალურად რა იციან ბავშვებმა. 16-17 წელი საკმარისი ასაკია იმისთვის, რომ დავადგინოთ, რა საკითხის მიმართ აქვს სიღრმისეული ცოდნა ადამიანს.
- მეორე შეკითხვა არის - რა შეგიძლია? აქ საუბარია უნარებზე. ახლა რისი უნარები გაქვს? რას ამბობენ შენი მეგობრები, შენი ახლობლები? როგორი ხარ მათ თვალში სკოლის გარეთ, ბუნებრივ გარემოში?
- მესამე - რა გიტაცებს და რა გაინტერესებს? ეს უმნიშვნელოვანესი შეკითხვაა. იმ მიმართულების არჩევა, რაც რეალურად აბიტურიენტს აინტერესებს, გაცილებით გაუმარტივებს უმაღლესი განათლების მიღებასა და შემდგომ საქმიანობას. დაფიქრდით, როგორი რთულია ახალგაზრდისთვის, ყოველ ნაბიჯზე შეინარჩუნოს სწავლის, მუშაობის მოტივაცია. და როდესაც იმას სწავლობს და აკეთებს, რაც სიამოვნებს და რეალურად აინტერესებს, მისი შედეგები გაორმაგებული იქნება. თუმცა, „რა გაინტერესებს“ ეს შეკითხვა აბსტრაქტული არ უნდა იყოს. საჭიროა იმის გაგება, თუ რას აკეთებს აბიტურიენტი იმისთვის, რომ უფრო მეტი გაიგოს მისთვის საინტერესო თემის შესახებ. ხშირად ახალგაზრდები ამბობენ, რომ კონკრეტული მიმართულება აინტერესებთ, მაგრამ რეალურად ეს ინტერესი აბსტრაქტულია და ისინი თავიანთ ინტერესს რეალურად არ აკმაყოფილებენ.
ამ შეკითხვებზე პასუხების მიღების შემდეგ უნდა დაიწყოთ ამ პასუხების კონკრეტულ პროფესიებზე მორგება.
რეალურად, არ არსებობს სტანდარტული რეცეპტი, რის მიხედვითაც სწორად შეძლებთ პროფესიის არჩევას, მაგრამ სწორი შეკითხვები და სწორი აქცენტები სწორ მიმართულებას ნამდვილად მოგცემთ.