როდის არის სწორი დრო კარიერის შესაცვლელად

როდის არის სწორი დრო კარიერის შესაცვლელად


საიდან მოვიდა ეს შეკითხვა? ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს კარიერის შეცვლაზე და ხშირ შემთხვევაში მეც მელაპარაკებიან, იქნება ეს ტრენინგის მონაწილე თუ ახლობელი. ძალიან ბევრი ადამიანი არის ამ ფიქრებში.

ზოგი იმიტომ ფიქრობს, რომ დაიღალა ერთი და იმავეს კეთებით, ზოგი ვერ ხედავს ზრდის შესაძლებლობას, იქნება ეს კარიერული თუ პროფესიული, ახალს ვერაფერს სწავლობენ და ა.შ.

ძალიან ხშირია, რომ ცხოვრების სხვა ასპექტებში აქვთ პრობლემები და კარიერას აბრალებენ და იმიტომ ფიქრობენ შეცვლაზე, საერთო დისკომფორტი აქვთ და კარიერას უკავშირებენ.

არის შემთხვევები, როდესაც უამრავ შესაძლებლობებს ხედავენ, ანუ ჰგონიათ რომ შეუძლიათ მეტის მიღწევა, იგივე ტექნოლოგიებში, აპლიკაციებში, ხელოვნური ინტელექტის ხანაში. ხშირ შემთხვევაში კარიერის შეცვლის ფიქრები შუახნის ასაკში ჩნდება, 30-35 წლის შემდეგ. თუ 30-40 წლის ასაკში ხარ ძალიან დიდი შანსია, რომ ეს ფიქრები ინტენსიურად გქონდეს. ბევრმა თქვენგანმა შეიძლება უკვე გადადგა ნაბიჯები და რაღაცები შეცვალა, მაგრამ ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ იმ ადამიანებზე, რომლებსაც ეფიქრებათ პროფესიის შეცვლაზე და ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამთ.

 დავიწყოთ ხელის შემშლელი ფაქტორებით. ადამიანი კი ფიქრობს კარიერის შეცვლაზე, მაგრამ რამდენიმე რადიკალურად ხელის შემშლელი ასპექტი არსებობს.

 პირველი, არსებობს ასეთი აზრი, რომ კარიერის ცვლილება იწყება აქამდე აშენებულის დანგრევით. ანუ ჯერ სამსახურიდან უნდა წამოხვიდე, მიატოვოთ იურიდიული ან სამედიცინო პრაქტიკა და ასე დაიწყო ახალი საქმის კეთება. ეს კი საშიში და რისკიანია, პასუხისმგებლობები გაქვს, ოჯახი გყავს და ა.შ. ეს არის ტყუილი და მაჯლაჯუნების მოგონილი ხელის შემშლელი ფაქტორი. უმეტეს შემთხვევებში ახლის შექმნა იწყება პარალელურ რეჟიმში მუშაობით და რაღაც დონის მიღწევის შემდეგ, ნელ-ნელა შეგიძლია გადაინაცვლო ძველიდან ახლისკენ.  არ მოგიწევს იმის დანგრევა, რაც უკვე ააშენე შრომით და ჯაფით. 

მეორე ხელის შემშლელი არის, რომ დღეს მე გამოცდილი ადამიანი ვარ იმ საქმეში რასაც ვაკეთებ, ამიტომ ახალ საქმეშიც თავიდანვე წარმატებული უნდა ვიყო, ანუ ისეთი ახალი საქმე მჭირდება, რომ თავიდანვე ტაში დამიკრან და გვირგვინი დამადგან. ასე არ ხდება. მაგალითად, ფორმულა 2-ის ჩემპიონები გადადიან ფორმულა 1-ში, სადაც ბოლო ადგილებზე არიან დასაწყისში, იგივე ხდება ფეხბურთის ლიგების შემთხვევაში და ნებისმიერ პროფესიაში. შენ რომ შეუერთდები ახალ პროფესიას, სუპერ პროფესიონალად კი არ შეუერთდები, იქნები დამწყები. თუ იგივე დონეზე იქნები ნიშნავს, რომ შენივე პროფესიაში დარჩენილხარ. თუ კარიერას შეიცვლი, თავიდანვე ძალიან კარგი ვერ იქნები, მოგიწევს გზადაგზა ისწავლო და განვითარდე. თუ ისეთ რამეს ეძებ, რაშიც თავიდანვე მაგარი იქნები, მაშინ დარჩი ახლანდელ საქმიანობაში. ეს მიდგომა ვრცელდება ფულზეც, რომ თავიდანვე იმდენივე ფული უნდა გამოვიმუშავო ან მეტი, რამდენსაც აქამდე ვიღებდი. ძველი და ახალი საქმით ჯამში შეიძლება იგივე ან მეტი თანხა გამოიმუშაო, მაგრამ მხოლოდ ახალი საქმით ეს შეუძლებელია. ნახავ, რომ თავიდან გამოცდილება, ცოდნა და რეპუტაცია არ გექნება. 

კიდევ ერთი მაჯლაჯუნა, შემზღუდავი აზრი არის, რომ ჯერ 100%-ით უნდა ვიყო დარწმუნებული რისი კეთება მინდა, რომ დავიწყო და პირველი ნაბიჯები გადავდგა. 100%-ით იმაში არ ხარ დარწმუნებული რასაც 15 წელია აკეთებ, ამიტომ ახალ საქმეში სრულიად დარწმუნებული კი არა 50%-ით დარწმუნებულიც ვერ იქნები. ეს აზრობრივი ბარიერიც უნდა გადალახო. 

არსებობს წინა თაობებიდან გადმონაშთი მაჯლაჯუნა, რომ კარიერის ცვლილება არის არასტაბილური ადამიანის ნიშანი. ჩვენ გვეუბნებიან, რომ 21-ე საუკუნეში წარმატებული ადამიანი საშუალოდ 6-ჯერ შეიცვლის პროფესიას. თუ შთაგაგონეს წინაპრებმა, ოჯახის წევრებმა და მასწავლებლებმა, რომ ეს არა დასაყრდენი ადამიანის ნიშანია, ეს ასე არ არის. 

რა არის რეალობა?

 ჩვენ ვთქვით, რომ არსებულის დანგრევა საჭირო არ არის. რჩევაა, რომ ახალი საქმე  პარალელურ რეჟიმში, შეთავსებით დაიწყო. რას ნიშნავს ეს? ახლანდელი სამსახური მოითხოვს მაქსიმალურ ჩართულობას, მას ნელ-ნელა უნდა „მოპარო“ დრო და წლიდან წლამდე მზარდი პროდუქტიულობა მოგცემს საშუალებას, თუ მართლა პროდუქტიული იქნები და ძალიან მოინდომებ, ნაკლებ დროში მოათავო საქმე და იმდენი შემოსავალი მიიღო, როგორც მასწავლებელმა, რეპეტიტორმა ან ინჟინერმა, რამდენსაც გასულ წელს იღებდი უფრო დიდხნიანი შრომით. ახალი საქმისთვის კი გამოათავისუფლო დრო. 

ასევე, ახალ საქმეს როცა იწყებ და პარალელურ რეჟიმში მუშაობ, მოგიწევს ძალიან ბევრი მუშაობა, ისიც მითია, რომ ადამიანები მარტივად აკეთებენ ბიზნესებს.  

მეორე, რასაც უნდა შეეგუო, თავიდან იქნები „ბანძი“, ეს სიტყვა სპეციალურად ამოვარჩიეთ, რომ რეალობას ჩახედო თვალებში. შენ თუ მზად ხარ რომ ბანძი ტრენერი იყო ან ბანძი ვიდეოები ჩაწერო, მაშინ მზად ხარ, რომ ახალი საქმე დაიწყო, თუ ამისთვის არ ხარ მზად ჯობს საერთოდ არ დაიწყო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. 

შემოსავალზე ვთქვით, რომ ჯამში ძველი და ახალი საქმით მეტი უნდა იშოვო, ანუ  შემოსავალი არ უნდა შემცირდეს. 

რაც შეეხება შეკითხვას, როგორ ავირჩიო რისი კეთება მინდა? უნდა მოსინჯო სხვადასხვა რაღაცები და მიხვდები რა არის შენი მოწოდება. ბევრი მაგალითი არსებობს, რომ ადამიანს მონდომებია კონსულტანტობა, დაიწყო საკონსულტაციო ბიზნესის განვითარება და აღმოჩნდა რომ ტრენერობა უნდოდა, ან თავისმა ახალმა წამოწყებამ წაიყვანა უცხო ქვეყანაში, სხვა ბაზარზე და აღმოჩნდა, რომ ძალიან მოეწონა და იქ დაფუძნდა და გააგრძელა საქმიანობა. ანუ რა ჩანაფიქრებიც გაქვს შეიძლება ისე არ განვითარდეს ყველაფერი. ასე რომ მოსინჯე ბევრი რამ და გზადაგზა მიიღე გადაწყვეტილებები. კარიერის ხშირი ცვლა არის ჩვეულებრივი, კარგი, კრეატიული ადამიანის ნიშანი. 

სწორი დრო როდის არის ახალი რამეების მოსასინჯად? როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ ადამიანებს სულ ეფიქრებათ კარიერის შეცვლაზე, მაგრამ როდის არის სწორი დრო მოქმედებისთვის? 

პირველი, ახალი რამეების მოსინჯვის დრო სულ არის. თუ არ უნდა მიატოვო ძველი, მაშინ ახალი რამეების მოსინჯვა პრობლემა არასდროსაა. შეიძლება გაგიგია, რომ Google ყველა თანამშრომელს აძლევს კვირის განმავლობაში სამუშო საათების 20%-ს და ეუბნება, რომ ახალი რამეები მოსინჯონ. შესაძლებელია საკუთარ თავს გაუკეთო ეს, ანუ 20% არის 5 სამუშაო დღიდან 1 სამუშაო დღე, არ არის აუცილებელი ერთ მთლიანი დღე დახარჯო, მაგრამ ერთი დღის დილა და მეორე დღის საღამო დატოვო და თქვა, რომ ეს პერიოდი გადავდე ახალი საქმეების მოსასინჯად. ამ მეთოდით დღესვე შეგიძლია დაიწყო რაღაცების მოსინჯვა. 

ის მოსაზრება, რომ ჯერ ყველაფერი უნდა ისწავლო, მაგარი გახდე და ა.შ. სწორი არ არის. სოციალურ მედიაში თუ ფიქრობ, რომ წარმატებას მიაღწევ, საკუთარი თავის გაპიარება დღესვე დაიწყე. ლაპარაკი, რომ ორშაბათიდან და მომავალი წლიდან დავიწყებ რაღაცას, უბრალოდ ლაპარაკად დარჩება. დღეს რისი დაწყებაც არ გინდა ესე იგი არ გინდა. ჰარვარდის დიპლომი რომ გექნება მარკეტინგში თუ მერე დაიწყებ რაღაცის კეთებას, არც ასე გამოვა. ახალი საქმის დაწყება ხდება პატარ-პატარა ნაბიჯებით. 

ეცადე, რომ ფული გადაგიხადონ თავიდანვე. ქოუჩინგს რომ ვსწავლობდი გვითხრეს, რომ თუნდაც 20 ლარად გაგვეყიდა სესიები. ეს ძალიან კარგი რჩევაა იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ რაღაცის კეთება უნდა, მაგრამ ვერ იაზრებს, რომ ამ რაღაცის გაყიდვაც უნდა ეხალისებოდეს, ანუ კლიენტთან ურთიერთობა უნდა შეეძლოს. ის რომ მე ჩემ ოთახში პროგრამებს ვწერ, იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი უნარის გაყიდვასაც შევძლებ. ამიტომ, თავიდანვე შეეცადე ძალიან ცოტა ფული მაინც გადაგიხადონ. მაგალითად, შეიძლება ტრენინგი ჩაუტარო მეგობრის კომპანიას, თუ ტრენერობა გინდა, და სიმბოლური ანაზღაურება მიიღო, თუნდაც კომპანიის პროდუქცია საჩუქრად.

არ გჭირდება დასრულებული პროდუქტი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაჯლაჯუნები, რომლებსაც უნდათ, რომ გადაგადებინონ ახალი საქმის დაწყება გეუბნებიან, რომ ჯერ უნდა შექმნა, მერე უნდა დახვეწო, იდეალური უნდა გახადო. ასე არ არის, ხომ გახსოვთ, დასაწყისში მაინც „ბანძები“ იქნებით. ამიტომ არსებობს ეჯაილში ასეთი მიდგომა რომელსაც ჰქვია MVP – minimum viable product. ანუ სანამ 10 დღიან ტრენინგს გააკეთებ, 2 საათიანი პატარა მოდული გააკეთე და ეს გაყიდე. არ დახარჯო თვეები სანამ პროდუქტს შექმნი, პირველივე მოსინჯვაზე შეიძლება ისეთი ცუდი აღმოჩნდეს, რომ საერთოდ ვერ გამოიყენო და თუ თვეები გაქვს უკვე დახარჯული ამ პროდუქტის შექმნაზე, ეს  პრობლემაა. არ არის აუცილებელი მაღაზია გახსნა და ისე დაიწყო ბიზნესი, სახლიდან გაყიდე, პატარა დახლი დადგი და ა.შ. 

კიდევ ერთი ტესტი არის, რომ დიდი დოზით უნდა მოსინჯო ახალი საქმე, რომ დარწმუნებული იყო მართლა გიყვარს თუ არა. საყვარელი სიმღერა თუ გაქვს მაღვიძარაზე დაიყენე და თუ მაინც გეყვარება ესე იგი მართლა გყვარებია. ესე არის ახალი საქმეც, დიდი დოზა უნდა მიიღო. შეიძლება ქსოვა თვეში 2 საათი გიხაროდეს, ან ტრენინგების ჩატარება თვეში 2-ჯერ მოგწონდეს, მაგრამ კვირაში 20 საათი აღარ გაგიხარდეს, ამიტომ MVP პროდუქტებს რომ შექმნი, დატვირთული კვირა მოიწყე და გაიგე ნამდვილად გინდა თუ არა ამ საქმის კეთება.

სანამ არ მოსინჯავ და არ შეხვალ იმ საქმეში დანამდვილებით არ გეცოდინება შენია თუ არა, სულ უნდა იყო ექსპერიმენტებში და მოსინჯვებში. თუ ვცადე მომწონს და გამომდის, ალბათ მაშინ უნდა განვავითარო.

და ბოლოს, სტაბილურ სამსახურს რა ვუყო? მივატოვო? ჩემი პასუხი არის რომ თუ შეგიძლია არ მიატოვო. სტაბილური სამსახური არის ძალიან კარგი რამ, იხდის სესხებს, იძლევა უცხოეთის ვიზებს, გაქვთ დაზღვევა, იხდის გადასახადებს და ა.შ.  

როგორ შევათავსოთ? მინიმალურ განაკვეთზე გადადის ზოგი ადამიანი, თუ შენ ორგანიზაციას ძალიან ეძვირფასები და შენი ექსპერტიზის დაკარგვა არ უნდა დიდი შანსია რომ თანახმა იყოს კვირაში ერთი დღე ან მარტო დისტანციურად იმუშაო. შეიძლება ახლანდელი სამსახური ამის საშუალებას არ იძლევა, მაგრამ გაცილებით პატარა კომპანიამ მოგცეს ამის შესაძლებლობა. მაგალითად, თუ ხარ იურისტი და პატარა იურიდიული კომპანია ვერ გქირაობს, შეიძლება აწყობდეთ რომ კვირაში 4-5 საათით მუშაო მათთან და რაღაცებში დაეხმაროთ. ანუ სულ უნდა იფიქრო, ნაკლები მისვლით, ნაკლები დროით, მეტი აუთსორსინგით, მეტი დისტანციური მუშაობით ვის უნდიხარ. იდეალური დოზაა, რომ კვირაში 8 საათს ხარჯავდე სამსახურში და იღებდე სტაბილურ შემოსავალს და ამის პარალელურად კვირაში 40 ან 50 საათს ახმარდე ახალ საქმეს. რა თქმა უნდა, ბევრი შრომა მოგიწევთ, მაგრამ ამის გარეშე კარიერის ცვლილება არ არსებობს.

საბოლოო რჩევა არის, რომ არ დაანგრიო რაც გაქვს, შეეცადე შეათავსო, ბევრი ახალი რამ მოსინჯე და თანდათან გადაეწყვე ძველიდან ახალზე.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
22 მაისი 2023 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები