როდის ვართ ყველაზე მოტივირებულები

როდის ვართ ყველაზე მოტივირებულები


ლიდერობაზე და პროფესიულ ცხოვრებაზე საუბრისას ცენტრალური ადგილი უჭირავს ადამიანების მოტივაციას და თვითმოტივაციას. როდესაც მოტივაციაზე ვლაპარაკობთ, პირველი, რაც ადამიანებს ახსენდებათ, არის მატერიალური მოტივაცია. ძალიან ხშირად კომპანიებში მოტივაციის ძალიან მარტივ მოდელს შეხვდებით. ადამიანები მიიჩნევენ, რომ თუ თანამშრომელს მაღალი ხელფასი აქვს ნიშნავს, რომ მაღალი მოტივაციაა აქვს და პირიქით, თუ დაბალი ხელფასი აქვს დაბალი მოტივაცია.  

მოტივაციაზე საუბრისას ხშირად ვუსვამთ ადამიანებს შეკითხვას, თუ როდის იყვნენ ყველაზე მოტივირებულები. აღმოჩნდა, რომ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მოტივირებული პერიოდი არ ემთხვევა მაღალი ანაზღაურების და კარგი მატერიალური მდგომარეობის პერიოდს. თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ადამიანზე ვლაპარაკობთ, რომელსაც ძალიან დაბალი ხელფასი აქვს და ძალიან უჭირს და რომელსაც მაღალი ხელფასი აქვს და მატერიალური საჭიროებები ისედაც მოგვარებული აქვს.

ერთი-ერთი რასაც თანამედროვე ლიდერობა და მენეჯმენტი ებრძვის, არის მითი მატერიალური მოტივაციის შესახებ. მითში, იმას კი არ ვგულისხმობთ, რომ მატერიალური წახალისება მოტივაცია არ არის, არამედ იმას, რომ თანხის გადახდა საკმარისია ადამიანის მოტივაციისთვის. გამოდის, რომ ხელოსანს თუ ცოტას ვუხდით, ცუდად გააკეთებს საქმეს და ორჯერ მეტს თუ გადავუხდით, მეტად მოინდომებს და უკეთესად შეასრულებს სამუშაოს. დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ასე არ ხდება.

თუ ყველაზე მოტივირებულები და ყველაზე შრომისუნარიანები არ ვართ მაშინ, როდესაც მაღალი ანაზღაურება გვაქვს, მაშინ რა ბუნება აქვს მოტივაციას?

გთავაზობთ ექსპერიმენტს. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ სამსახურს და როგორც სამსახურის შემოთავაზებისას ხდება, მოგიყვებით ამ სამსახურის შესახებ. წაკითხვის შემდეგ შეეცადეთ, ჩამოყალიბდეთ, გინდათ თუ არა შემოთავაზებული სამსახური.

დასაწყისისთვის პირობები განვსაზღვროთ: თქვენ უკვე დასაქმებული ხართ და ამ შემოთავაზების გარდა სხვა ალტერნატივებიც გაქვთ. თუმცა ნუ იფიქრებთ, რომ არ გჭირდებათ ახალი სამსახური. განიხილავთ ყველანაირ შემოთავაზებას. 

კომპანიაში ერთ-ერთი უმაღლესი დონის მენეჯერი, გადაწყვეტილების მიმღები პირი იქნებით. პატარა კომპანიაა, რამდენიმე ადამიანი მუშაობს, თქვენი საყვარელი საქმის კეთების საშუალება გექნებათ, რაც გიყვართ და გაინტერესებთ. 

მატერიალურად თქვენი სამუშაო არ დაფასდება, მადლიერების გამოხატვაც ამბობენ, რომ 50/50-ზეა. 10 შემთხვევიდან 5 შემთხვევაში შეიძლება დაგიფასონ შრომა, თუმცა, უფრო ხშირად, არ დაგიფასდებათ. თქვენი სამუშაო იქნება 70% რუტინული, ხოლო 30% საინტერესო, შემეცნებითი. დაწინაურების პერსპექტივა არ გექნებათ, რა პოზიციაზეც დაიწყებთ მუშაობას, იმ პოზიციაზე იმუშავებთ მუდმივად. სამუშაო გრაფიკი არის 7 დღიანი, მუშაობთ შაბათ-კვირასაც და შვებულება იშვიათად გექნებათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ დასვენებას, თუ ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნებათ.  

მოგწონთ თუ არა ეს სამსახური? თანახმა ხართ თუ არა? ხშირ შემთხვევაში ადამიანებს  აინტერესებთ ანაზღაურება როგორია.  

 

ანაზღაურება არის მინუს 2000 ლარი. თქვენ ყოველ თვეში მოგიწევთ სამსახურში 2000 ლარის მიტანა. ბონუსებს რაც შეეხება, წელიწადში 4-ჯერ მინუს 2000 ლარი გექნებათ. დღესასწაულებზე მოგიწევთ სამსახურში მიიტანოთ დამატებით 2000 ლარი. 

უნდა ჩამოყალიბდეთ, მოგწონთ თუ არა ეს პირობები. გვესმის, რომ ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც დათანხმდება ამ სამსახურს. 

რეალურად ეს სამსახური არის ოჯახი - რუტინა, არამატერიალური დაფასება, 7 დღიანი სამუშაო გრაფიკი, შვებულება იშვიათად და რაც მთავარია, საყვარელ საქმეს აკეთებთ, საყვარელ ადამიანებთან ერთად ხართ. 

ის, რომ ადამიანების უმეტესობა არის ძალიან მოტივირებული, რომ ოჯახი ჰყავდეს და ამ სამსახურში ჩაებას, იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანის მოტივაციის ბუნება არ არის მხოლოდ მატერიალური. სხვა შემთხვევაში, ასეთი „სამსახური“ არავის ენდომებოდა. შეიძლება ზოგმა ჩათვალოს, რომ სამსახურის ოჯახთან შედარება არაადეკვატურია. მაგრამ იფიქრეთ ჰობიზე, სამეგობროზე, გართობაზე - ეს ყველაფერი ხომ სამსახურია, რომელიც დროს და რესურსებს მოითხოვს. ჩვენ კი დიდი მონდომებით  და მოტივაციით ვაგრძელებთ ამ ყველაფრის განხორციელებას და მასში დროისა და ფულის ხარჯვას. 

ამ პატარა მაგალითით გვინდა დაგაფიქროთ იმის შესახებ, რომ, რა თქმა უნდა, მატერიალური მოტივატორები მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის ბუნება არ არის აგებული მხოლოდ მატერიალურ მოტივატორებზე. როდესაც თანამშრომლების მოტივაციაზე მუშაობთ, ამ დროს უნდა განიხილოთ ორივე მიმართულება და ამ შემთხვევაში შეძლებთ საუკეთესო გარემოს შექმნას ადამიანების წარმატებისთვის. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
2 მარტი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები