როგორ ამოწყდნენ დინოზავრები

როგორ ამოწყდნენ დინოზავრები


ბოლო პერიოდია თაობების საკითხი საკმაოდ პოპულარული გახდა საზოგადოებაში. ტელევიზიებში, პირად საუბრებში, ტრენინგებზე ხშირად ინტერესდებიან Z თაობაზე, X თაობასა და მილენიალებზე და მათ ურთიერთქმედებაზე. ამ თემაზე საუბრობენ ასევე ძველი ყაიდის მენეჯერები, რომლებიც ლანძღავენ ახალ თაობას, ზოგიერთი მათგანი X თაობის წარმომადგენელია, ზოგი მილენიალია, ზოგიც კი ბეიბი ბუმერია.

ჩემ განწყობას სათაურიდან გამომდინარეც მიხვდებით. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა, ვინც ვერ შეეგუება სიახლეს, ახალ თაობას, ვინც არ ადაპტირდება რეალობასთან, ყველა „გადინოზავრდება და შემდეგ ამოწყდება.“ ამოწყვეტაში, რა თქმა უნდა, ფიზიკური ამოწყვეტა არ იგულისხმება, გაქრება მენეჯმენტის ის სტილი, რომელიც ვერ შეეგუება რეალობას. როგორც არატექნოლოგიური მენეჯერები ამოწყდებიან, ისეთივე გაქრობა ელით მენეჯერებს, რომლებიც Z თაობასთან საერთო ენას ვერ გამონახავენ. უბრალოდ, შრომის ბაზარზე მოთხოვნა შემცირდება ასეთ ადამიანებზე.

 ზოგი მენეჯერი თანამედროვე განათლების სისტემას ერჩის, ზოგი Z თაობას ან მილენიალებს, ზოგი ყველას ვინც თავისზე ახალგაზრდაა, ზოგი ხელოვნურ ინტელექტს არ აღიარებს. მოკლედ, რომ ვთქვათ რაღაცების დემონიზება ხდება ასეთი მენეჯერების მიერ. 

ხაზს ვუსვამ, რომ საუბარია სამსახურებრივ კონტექსტზე და არა ვთქვათ პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ძველი ყაიდის მენეჯერებს არ მოსწონთ ახალი თაობების დამოკიდებულება ავტორიტეტების მიმართ. ყოველ შემდეგ თაობაში ავტორიტეტებს ცერად უყურებენ, ბეიბი ბუმერები, რომლებიც 1946 წლიდან 1963 წლამდე დაიბადნენ, უდიდეს პატივს სცემდნენ ავტორიტეტებს, გენერლებს, პრეზიდენტებს და ა.შ. რომ მათთვის ავტორიტეტი, ვიღაცა თუ იყო უფროსი გენერალი პრეზიდენტი და ა.შ. შემდეგი თაობისთვის, X-ებისთვის უკვე, თავისთავად ფაქტი, რომ სკოლის დირექტორი იყო ვიღაც, საკმარისი არ იყო და მას უნდა დაემტკიცებინა თავისი ავტორიტეტი. მერე მოდიან მილენიალები, რომლებსაც საერთოდ პროტესტი აქვთ ყველანაირ ავტორიტეტებზე და, ბოლოს, მოდიან Z თაობის წარმომადგენლები, რომლებიც უბრალოდ არ აქცევენ ყურადღებას ავტორიტეტებს - ეს პრაგმატული ხალხია, დასჭირდებათ ითანამშრომლებენ, არ დასჭირდებათ არ ითანამშრომლებენ.  

ეს ერთ-ერთი მაგალითია, რაც ნერვებს უშლის ძველი ყაიდის მენეჯერებს, რომლებიც მიჩვეული არიან „უმცროსების მხრიდან პატივისცემასა და მორიდებას“, ხშირად იმეორებენ, რომ სკოლის პერიოდში როდესაც კორიდორში დირექტორს დაინახავდნენ კედელს ეკრობოდნენ. არაფერი საწინააღმდეგო ამასთან არ გვაქვს. მაგრამ ყველას ნუ დააძალებთ, რომ კედელს აეკრონ თქვენს დანახვაზე. 

დრო იცვლება, პატივისცემის გამოხატვებიც იცვლება. დღეს, მაგალითად, მიმართვები „ბატონო“ და „ქალბატონო“ მოდიდან გადადის.  დიდი ორგანიზაციის ხელმძღვანელები უშუალო კომუნიკაციაში შედიან თანამშრომლებთან.

დინოზავრებს რომ დავუბრუნდეთ, ხშირად მეფიქრება, როგორ ამოწყდნენ. სანამ ამოწყდებოდნენ იმდენი რამ არ მოსწონდათ - პატარა ცხოველები, სიცივეები, ნაკლები საკვები, არ მოსწონდათ რომ გამრავლდნენ დინოზავრები და კონკურენცია გაჩნდა, შედარებით უფრო პატარა და სწრაფმა ცხოველებმა იმარჯვეს.

გადინოზავრების წინა პირობაა, რომ აღარაფერი აღარ მოგწონს. არ მოგწონს შენი თანამშრომლები, მათი საქციელი, შრომითი ბაზარი, კანონმდებლობა, მსოფლიოში ვითარება და ა.შ. თუ ამოიცანი შენი თავი, როგორც ჩანს დაიწყო შენი რეალობიდან მოწყვეტა და გადინოზავრების პროცესი. მაგალითად, მე ტიკტოკი არ მომწონდა, შეგნებულად არ ვიწერდი, მივხვდი რომ ვდინოზავრდებოდი და გადმოვწერე და ვისარგებლე ამ აპლიკაციით, აღმოვაჩინე რომ საკმაოდ კარგი სოციალური არხია. დღეს ბევრს chat GPT არ მოსწონს, ამბობენ რომ სულ გაგვაზარმაცებს, არაფრად აღარ ვივარგებთ და ა.შ. აქაც არსებობს გადინოზავრების საფრთხე.

რეალობა, რაც გარდაუვალია, იმასთან უნდა ადაპტირდეთ. იმიტომ, რომ სულ ორი ალტერნატივა არსებობს ან თქვენ ადაპტირდებით და ალღოს აუღებთ ახალ რეალობას, ან გადაიქცევით დინოზავრებად. ყველაფრის დაწუნებით და წუწუნით ამოწყდება თქვენი მენეჯმენტის ხელწერა და სტილი. 

ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, ჩემხელებს, ჩემზე უფროსებსაც და უმცროსებსაც, რომ დაიწყეთ ადაპტაცია, შეხედეთ სიახლეებს პოზიტიური თვალით, ურთიერთობაში შედით ახალ თაობებთან და მიიღეთ ცვლილებები, რომლებიც ჩვენ გარშემო ხდება, მხოლოდ ამ შემთხვევაში დავრჩებით დროისა და ამოცანების რელევანტური და შესაფერისი მენეჯერები და ჩვენი კარიერა კიდევ გააგრძელებს განვითარებას და ზრდას. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
22 მაისი 2023 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

რა მნიშვნელობა აქვს უკუკავშირს და რა სარგებელი შეიძლება მივიღოთ მისგან?

უკუკავშირი მნიშვნელოვანი საჩუქარია განვითარებისთვის და გვეხმარება საკუთარი ქცევა სხვადასხვა მხრიდან დავინახოთ. . . .

მენეჯმენტი სხვადასხვა კულტურაში

მოგეხსენებათ, რომ კულტურების თემა ძალიან ფართო და მრავალფეროვანია. მასზე მსჯელობა ბევრი თვალსაზრისით შეიძლება. . . .

როგორ ავალებენ თანამშრომლები მენეჯერებს (უკუდელეგირება)

როგორ ახერხებენ თანამშრომლები იმას, რომ რაც მათ ევალებათ და მათი პასუხისმგებლობაა, ავალებენ თავიანთ ხელმძღვანელებს? . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები