როგორ ავაგოთ პროფესიული ცხოვრება ჩვენს ძლიერ მხარეებზე

როგორ ავაგოთ პროფესიული ცხოვრება ჩვენს ძლიერ მხარეებზე


არსებობს გამოთქმა: „Build on your strengthes and around your weaknesses,” რაც ნიშნავს, რომ პროფესიული საქმიანობა უნდა ააგო ძლიერ მხარეებს და გვერდი აუარო სუსტ მხარეებს. 

სკოლაში გვასწავლიდნენ ამის საპირისპიროს, ძლიერ მხარეებზე კი არ უნდა აგვეგო სწავლების სტრატეგია, რაშიც მოვისუსტებდით ის უნდა გამოგვესწორებინა. დამრიგებელი გვეუბნებოდა, რომ მათემატიკაში და ფიზიკაში თუ ძლიერები ვიყავით, ქიმიისთვის და გეოგრაფიისთვის უნდა მიგვექცია ყურადღება. ვერ გავამტყუნებ მასწავლებლებს, რადგან საშუალო სკოლას საშუალო იმიტომ ჰქვია, რომ ზოგად განათლებაზე ზრუნავს და ცოტ-ცოტა ყველაფერი უნდა ვიცოდეთ. მაგრამ თუ ცხოვრებაში წარმატების მიღწევა გვინდა, ცოტ-ცოტა ყველაფრის სწავლით ამას ვერ მოვახერხებთ. საჭიროა, რომ ერთ კონკრეტული რაღაცაში ვიყოთ ვარსკვლავები. სკოლას თავისი ამოცანა აქვს და პროფესიულ ცხოვრებას თავისი, უმაღლეს სასწავლებელში უკვე ცოდნის სპეციალიზაცია ხდება, სკოლის დამამთავრებელ კლასებშიც ხშირ შემთხვევაში სპეციალიზებული სწავლა მიმდინარეობს.  

როგორც კი გადაწყვეტ რა სპეციალიზაცია გინდა, ამის შემდეგ ყველაფერზე კონცენტრაცია აღარ გამოვა, უნდა ორიენტირდე იმაზე რაც კარგად გამოგდის.

აბიტურიენტები და მათი მშობლები ხშირად იმის მიხედვით მსჯელობენ თუ რა უყვარს ადამიანს, როგორი აზროვნება აქვს. რა უყვარს ერთია, ხოლო რა გამოსდის კარგად - მეორე. სწორედ ეს უკანასკნელი არის გადამწყვეტი ფაქტორი. პროფესიული ცხოვრების სტრატეგია უნდა ავაგოთ იმაზე თუ ცხოვრების ამ ეტაპზე რა გამოგვდის ყველაზე კარგად და რა ძლიერი მხარეები გვაქვს.  

როგორ გავიგოთ ჩვენი ძლიერი მხარეები? არსებობს ამის სხვადასხვა მეთოდი.  სხვებს შეგიძლიათ კითხოთ ან თუნდაც ტესტები აკეთოთ. არსებობს ასეთი ტესტი - via strength finder, რომელიც გეხმარებათ თქვენი ძლიერი მხარეების აღმოჩენაში. დაელაპარაკეთ მეგობრებს, კოლეგებს და აღმოაჩინეთ - რა არის თქვენი ბუნებრივი ძლიერი მხარეები. 

არ იფიქროთ იმაზე, რომ რაშიც ოროსანი ხართ იქ გამოსწორდებით. გამოსწორებული ოროსანი შეიძლება გახდეს სამოსანი და უკეთეს შემთხვევაში ოთხოსანი. გამოსწორებული საქმე ვარსკვლავად არ გაქცევთ და რაშიც ისედაც ძლიერი ხართ კიდევ უფრო თუ გაძლიერებით, შეიძლება გახდეთ ჩემპიონები.

რას ნიშნავს „around your weaknesses?“, როგორ შეიძლება პროფესიული ცხოვრება დაიგეგმოს ისე, რომ გვერდი ავიაროთ სუსტ მხარეებს. უნდა ვიპოვოთ ბიზნეს პარტნიორები, რომლებიც შეგვავსებენ. მაგალითად, თუ არ ვარ თანმიმდევრული, მაგრამ ვარ ძალიან კრეატიული, მჭირდება მეწყვილე, რომელიც იქნება ნაკლებად კრეატიული და მეტად თანამიმდევრული, მე რომ შუა გზაში დავაპირებ საქმის მიტოვებას, ჩემმა კოლეგამ უნდა დამაძალოს საქმის ბოლომდე მიყვანა, ის რომ გაიჭედება კრეატიულ ამოცანებში მე დავეხმარები და ჩემ ძლიერ მხარეს გამოვიყენებთ. იდეალურ აღმასრულებელს თუ ვაშენებთ, როგორც ადიზესის მოდელი ამბობს, ასეთი ერთი ადამიანი არ არსებობს. შეეცადეთ, რომ წინ წამოწიოთ თქვენი ძლიერი მხარეები და იპოვოთ ადამიანები, რომლებიც შეავსებენ თქვენში არსებულ სიცარიელეებს.

ჩემი მაგალითი რომ გამოვიყენო, ტესტმაც აჩვენა და ისედაც ვვარაუდობდი, რომ მაქვს love of learning, ანუ მიყვარს სწავლა, ბევრი თქვენგანიც ამ სტატიას იმიტომ კითხულობს, რომ ვიღაცამ კი არ დაავალა, არამედ უყვარს სწავლა, ვისაც სწავლა უყვარს ძალიან კარგია რომ ჰქონდეს ისეთი პროფესია, რომლის საშუალებითაც ახალ ცოდნას მიიღებს და გააზიარებს. ჩემი მეორე ძლიერი მხარე არის უბრალოდ სიყვარული, ანუ ადამიანების მიმართ პოზიტიური განწყობა მაქვს, რაც ნიშნავს, რომ ჩემთან ურთიერთობაში ხალხი თავს კომფორტულად გრძნობს. ამ დროს ტრენერობა ან გაყიდვები კარგი არჩევანია. იუმორიც არის ჩემ ძლიერ მხარეებში, ამიტომ ვფიქრობ ეს როგორ გამოვიყენო პროფესიულ საქმიანობაში.

თუ იცით რა საგანძური გაქვთ უნარების თვალსაზრისით, უფრო ადვილია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ და სწორი მიმართულება მისცეთ თქვენ საქმიანობას. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
22 მაისი 2023 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები