როგორ წარვადგინოთ თავი სხვების გაცნობისას

როგორ წარვადგინოთ თავი სხვების გაცნობისას


მთელი ცხოვრების განმავლობაში თქვენ ნაწილი უკვე გაიცანით და მომავალშიც  გაიცნობთ ათასობით ადამიანს. დაწყებული ეზოდან, ბაღიდან, ოჯახიდან, სანათესავოდან, დამთავრებული უცხოეთში მოგზაურობით, ბიზნეს ურთიერთობებით და ა.შ. ყველა გაცნობის ფაქტს ექნება ერთი საერთო რამ, რომ თქვენც და მეორე ადამიანმაც თავი უნდა წარადგინოთ. ანუ მოგიწევთ ორი სიტყვა თქვათ საკუთარი თავის შესახებ. ყველაზე გავრცელებული ორი სიტყვა, რა თქმა უნდა, არის სახელი და გვარი. თუმცა შეიძლება ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება გახდეს საჭირო. 

ძალიან ბევრჯერ თუ აკეთებთ ერთსა და იმავეს მთელი ცხოვრების განმავლობაში, იქნება ეს ყოველ დღე, ყოველ კვირა, ყოველ კონფერენციაზე თუ ყოველი მოგზაურობისას, ალბათ, აქვს აზრი, რომ კარგად მოფიქრებული გქონდეთ თუ როგორ აკეთებთ ამას. სახელით და გვარით წარდგენა ძალიან მარტივია და ამას ბევრი ფიქრი არ სჭირდება. 

ამ სტატიაში გირჩევთ თუ როგორი წარდგენა იქნება საუკეთესო და გვინდა, რომ გამოგვყვეთ და სტატიის კითხვის პარალელურად შეიმუშაოთ თქვენთვის იდეალური წარდგენა. ურთიერთობებში წარმატებას თუ გინდათ რომ მიაღწიოთ გაცნობას ძალიან დიდი წონა აქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ დაგჭირდებათ იდეალური წარდგენა. 

პირველ რიგში, შეეცადეთ გაიხსენოთ როგორ აცნობთ თქვენ თავს სხვებს, ან ჩაიწერეთ ან დაიმახსოვრეთ. ახლა კი განვიხილოთ წესით როგორ უნდა აკეთებდეთ ამას. 

 ამისთვის 5 წესი ჩამოვაყალიბე:

1.     გარკვევით და აჩქარების გარეშე უნდა იყოს გამოთქმული თქვენი სახელი და გვარი. ხშირად ადამიანები, ჩქარ-ჩქარა ამბობენ თავიანთ სახელს და გვარს და სხვები ვერ იგებენ. ნელა, გამოკვეთილად და ხმამაღლა ისაუბრეთ, რა თქმა უნდა არ უნდა იყვიროთ, თქვენს დიაპაზონში უნდა ისაუბროთ. ხშირად წარდგენა ხდება სუფრაზე, ქუჩაში ან კონფერენციაზე და ხმაური მსმენელს ხელს უშლის, რომ კარგად გაიგოს თქვენი სახელი და გვარი, ამიტომ უნდა შესაბამისი ტემბრით უნდა ისაუბროთ. სახელს და გვარს შორის პაუზას მიაქციეთ ყურადღება, ამ დროს მსმენელს საშუალებას აძლევთ, რომ უკეთ აღიქვას მიწოდებული ინფორმაცია. 

2.     მოკლე და არა მოსაწყენი უნდა იყოს თქვენი გაცნობა. ძალიან ბევრი ადამიანი გადადის ვრცელი ისტორიების მოყოლაში, რაც საუბარს მოსაწყენს გახდის. რამდენიმე სიტყვა საკმარისია.

3.     წარდგენა განსხვავებული და საინტერესო უნდა იყოს. სახელი და გვარი თუ ისეთი გაქვთ რომ მართლა განსხვავებული და საინტერესოა ხომ კარგი,  მაგრამ უმეტეს ჩვენგანს ჩვეულებრივი სახელი და გვარი აქვს და ეს დაინტერესებას არ გამოიწვევს, ამიტომ იფიქრეთ, თუ როგორ შეიძლება თქვენი თავის წარდგენა იყოს განსხვავებული და საინტერესო. 

4.     უნდა ბადებდეთ ემოციას. რატომ? იმიტომ, რომ დამახსოვრების სისტემას საფუძვლად ემოცია უდევს. მაგალითად, კარგი ღიმილი თუ გაქვთ ეს ღიმილი გახდება წარდგენის ნაწილი, ძლიერი ხელის ჩამორთმევა თუ გაქვთ ესეც ემოციას ბადებს. 

5.     თქვენი წარდგენა უნდა ბადებდეს შეკითხვებს ანუ აჩენდეს ცნობისმოყვარეობას. ისეთი რამ უნდა თქვათ, რომ დამთავრება კი არ მოუნდეს მოსაუბრეს, არამედ შეკითხვები გაუჩნდეს. 

 

რაც შეეხება აკრძალვებს: 

1.     არ ჰგავდეს თქვენი წარდგენა სივის მოკლე ვერსიას. ნუ შეეცდებით მოყვეთ თქვენი ცხოვრება, ეს არ არის წარდგენა. ხშირად იმიტომ ვწელავთ, რომ გვინდა ყველაფერი ვახსენოთ. წარდგენა არ არის იმისთვის, რომ თქვენს შესახებ ისტორიები მოყვეთ. 

2.     ნუ შეეცდებით რომ სრულად მოყვეთ ყველაფერი.

3.     ნუ მიედ-მოედებით, არ შეიძლება რომ ილაპარაკოთ ჯერ თქვენ წარმოშობაზე, მერე პირველ სამსახურზე და შემდეგ უნივერსიტეტზე. 

 

ახლა კი შევეცადოთ, რომ ამ წესების დაცვის მიხედვით გადავიდეთ უშუალოდ წარდგენაზე და განვიხილოთ მაგალითები. 

გთავაზობთ შაბლონს:

იწყება: გამარჯობა, მე ვარ [სახელი, გვარი], სახელს და გვარს შორის პაუზა. 

 შემდეგ მოდის: მე ვეხმარები [ვის][რაში][როგორ]. ანუ წარდგენა შეიძლება იყოს შემდეგნაირი: „გამარჯობა, მე ვარ სანდრო ჯეჯელავა, ამ სტატიით მე ვეხმარები ყველა მკითხველს, რომ ჩამოთვლილი წესების მიხედვით, უკეთესი წარდგენა ჰქონდეთ სხვების გაცნობისას.“ 

ეს მაგალითი საკმაოდ კონკრეტულია, გაცნობისას შეგიძლიათ უფრო ფართო მაგალითი აიღოთ თქვენი თავის შესახებ. წარდგენა ისეთი რამ არ არის, რომ 50 ვერსია გქონდეთ, იმის მიხედვით ვერ წარადგენთ თავს თუ ვის ხვდებით. ჩვენ გვეუბნებიან, რომ იდეალური წარდგენა ერთი და იგივე ფრაზებისგან შედგება.  შეიძლება გქონდეთ ერთი ფრაზა პირადი კონტაქტებისთვის და ერთიც სამსახურებრივისთვის. 

ჩემს სტანდარტულ წარდგენას შემოგთავაზებთ: „გამარჯობა, მე ვარ სანდრო ჯეჯელავა და ვეხმარები მენეჯერებს რომ იყვნენ უფრო წარმატებულები.“ 

ეს არის მოკლე, გარკვევით ნათქვამი, მარტივი გაცნობის ფრაზა, რაც შესაძლოა შეკითხვებსაც ბადებდეს, როგორ ვეხმარები? რას ვაკეთებ ამისთვის? და ა.შ. 

 

კიდევ ორ წარდგენას შემოგთავაზებთ.

 „მე ვარ ლალი ნოდია და ხშირად სხვის ნაგავს ვატარებ ჯიბით.“ ამის მოსმენისას ეგრევე ჩნდება შეკითხვები, რას ნიშნავს სხვისი ნაგვის ჯიბით ტარება? იქნებ გადატანითი მნიშვნელობით თქვა რამე? ფსიქოლოგიურ დახმარებაზე ხომ არ არის ლაპარაკი? იცით რა აღმოჩნდა? ეს ადამიანი გარემოზე ისე ზრუნავს, რომ ქუჩაში დაგდებულ ნაგავს თუ ნახულობს, იღებს, და ჯიბეში იდებს. დღის ბოლოს კი შეიძლება აღმოაჩინოს, რომ ჯიბე სხვისი ნაგვით აქვს გამოტენილი. ეს საკმაოდ ორიგინალური და დასამახსოვრებელი წარდგენაა.  

კიდევ ერთი მაგალითი: „მე ვარ ნანა ლალიაშვილი და ოჯახებს ვეხმარები ბედნიერად დაბინავებაში.“ საინტერესოა, ოჯახების დახმარება უკვე კარგი ფორმულირებაა, ეს წარდგენა შეკითხვებსაც აჩენს, ბინებს ყიდის? ავეჯის გადატანაში ეხმარება? ინტერიერის დიზაინერია? შეკითხვები თუ დაიბადა ესე იგი ადამიანს მოუნდა თქვენზე მეტის გაგება და დიდი შანსია რომ დაამახსოვრდეთ. 

რა თქმა უნდა, საკუთარ წარდგენას დამუშავება და შემუშავება სჭირდება. აუცილებლად დაწერეთ სიტყვა-სიტყვით, სხვანაირად არ გამოვა. ეს არ არის გრძელი ტექსტი, ესსე ან თემა, თუმცა დაწერა ცალსახად დაგეხმარებათ, შემდეგ კი დაარედაქტირეთ. თითო სიტყვა შეიძლება დახვეწოთ. დაიხმარეთ მეგობრები, კოლეგები, ნაცნობებიც და უცნობებიც. ნაცნობმა ყველაფერი იცის თქვენ შესახებ და სხვანაირად შეიძლება ესმოდეს. უცნობმა არაფერი იცის და შეიძლება თქვას, რომ შეკითხვა გაუჩნდა, რაღაც სიტყვა ან ფრაზა უხერხულად მოეჩვენა, არ მოეწონა და ა.შ. ჩაწერეთ ვიდეო და უყურეთ როგორ ჟღერს თქვენი გაცნობა. მოსინჯეთ რაც შეიძლება ბევრჯერ, თანდათან უნდა დახვეწოთ, როცა აღარ მოგეწონებათ გადააკეთეთ და ორი ვარიანტი მაინც გქონდეთ. 

ნებისმიერ შემთხვევაში 2-ზე მეტი არ უნდა გქონდეთ თუ მეტი გინდათ, ესე იგი არსებულის დახვეწა ან შეცვლაა საჭირო.

სანამ ეს ინფორმაცია ცხელია თქვენ თავში, გთხოვთ, რომ ახლავე დაიწყოთ თქვენი წარდგენის დაწერა და ტესტირება. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
22 მაისი 2023 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები