სოციალური მედია: მეგობარი თუ მტერი?

სოციალური მედია: მეგობარი თუ მტერი?


ამ საკითხის გარშემო რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები და ალტერნატივები არსებობს. ყველა ღონისძიებაზე იქნება ეს ტრენინგი, ქოუჩინგი თუ  ვორკშოპი აუცილებლად დგება საკითხი სოციალური ქსელების განხილვის შესახებ. აზრები ყოველთვის ორად იყოფა, ნაწილს მიაჩნია, რომ ახალგაზრდა ადამიანების ძალიან დიდი დრო მიაქვს სოციალურ ქსელში ყოფნას, ნაწილი კი თვლის, რომ ძალიან კარგი ინსტრუმენტია სხვადასხვა რაღაცისთვის. მოკლედ, ერთი და იგივე ოთახში გაიგებთ რადიკალურად განსხვავებულ მოსაზრებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. განსხვავებული სიტუაცია არც თქვენ ორგანიზაციაში იქნება.

ზოგი ამბობს, რომ სოციალური მედია აბსოლუტური დროის ფლანგვაა და ამაყად აცხადებენ, რომ საერთოდ არ სარგებლობენ ამით. ზოგისთვის ძალიან საჭირო ინსტრუმენტია და მუდამ ტელეფონში არიან ჩამძვრალები, ზოგი კი ამბობს რომ ზომიერებაა საჭირო და თუ სწორად გამოიყენებ, მაშინ კარგია. ბევრი განასხვავებს ცალკეულ სოციალურ ქსელს ერთმანეთისგან. მიაჩნიათ რომ ინსტაგრამი კარგია, ტიკტოკი ცუდი და ა.შ. 

მთავარი შეკითხვაა თუ სად არის რეალობა? პროფესიული საქმიანობის ჭრილში სოციალური მედია მეგობარია თუ მტერი?

კომაროვის პროფესორ გრიშა წულაიასგან ხშირად გამიგია შემდეგი გამოთქმა:  „რეგვენს ჯოხი რომ მისცე ხელში, თავში ჩაირტყამს. ჯოხის ბრალია?“ ჯოხი რომ ჩავანაცვლოთ სოციალური ქსელებით აღმოვაჩენთ, რომ რეგვენს რომ სოციალური ქსელები ხელში მივცეთ, თავში ჩაირტყამს, თავისი ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოიყენებს. ამავე დროს, ჭკვიანი ადამიანი თავში არ ჩაირტყამს, არც სხვას ჩაარტყამს და გამოიყენებს თავის სასარგებლოდ. გამოდის, რომ სოციალური ქსელი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ინსტრუმენტი, შეიძლება გამოიყენოთ საკუთარი თავის საზიანოდ. ფანჯარაც კი, რომელსაც აქვს კონკრეტული დანიშნულება, ზარმაცმა ადამიანმა მასში უმისამართოდ ყურებით შეიძლება სამსახურის დრო უსაქმურად გაიყვანოს. იგივე კომპიუტერების თუ მობილურების გამოყენება საქმის კეთების დროს დროის გასაფლანგად შეიძლება.  საკუთარი სხეულის შეიძლება თქვენი თავის წინააღმდეგ გამოიყენოთ. გამოდის, რომ ნებისმიერ ინსტრუმენტს სჭირდება სწორი და ზომიერი გამოყენება. რას ნიშნავს სწორი და ზომიერი გამოყენება? ამის პასუხი ყველა ადამიანისთვის სხვადასხვაა. მაგალითად, ჩემთვის რაც არის ბევრი, ვიღაცისთვის შეიძლება ცოტა იყოს, ვარჯიშზე დატვირთვა ვიღაცისთვის შეიძლება საკმარისი იყო, ვიღაცისთვის ცოტა და არაფრის მომცემი. კონკრეტული საკვები ვიღაცისთვის სასარგებლოა, სხვისთვის საზიანო და ა.შ. განსხვავებული სიტუაცია არც სოციალური ქსელების შემთხვევაშია. ზოგს მეტი დროის გატარება სჭირდება იქ, ზოგს ნაკლები. ამიტომ ზომიერი და საქმის შესაფერისი გამოყენება არის საჭირო. 

რადიკალური პოზიცია მართებული არ არის. ჯობს ვისწავლოთ რისთვის და როგორ უნდა გამოვიყენოთ. შევეცადოთ შევხედოთ როგორც ინსტრუმენტს. 

სად არის ოქროს შუალედი? მაგალითად, „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ როდესაც ელისი კატას ეკითხება თუ რომელი გზით ჯობია წავიდეს, კატა კითხვას უბრუნებს თუ სად უნდა რომ მივიდეს ელისს. გოგონა პასუხობს, რომ არ იცის სად უნდა წასვლა, კატა კი ეუბნება, რომ მაშინ საითაც გინდა იქით წადიო. თქვენ თუ არ იცით რისი მიღწევა გინდათ სოციალური ქსელების დახმარებით ვერ დაადგენთ რომელი გზით უნდა იაროთ, რომელი სოციალური ქსელია თქვენთვის კარგი, როგორი გამოყენებაა საჭირო და ა.შ. ამიტომ პირველ რიგში, უნდა იცოდეთ საით მიდიხართ.

მეორე, უნდა გქონდეთ კონკრეტული მიზნები. ეს შეიძლება იყოს პირადი განვითარება, სანაცნობო ქსელის გაფართოება, პროფესიული და საქმიანი წინსვლა და ა.შ. მაგალითად, ჟურნალების სიახლეების გასაცნობად ფეისბუქიც, ინსტაგრამიც და ტიკტოკიც ძალიან კარგი საშუალებაა. თუ აპირებთ რომ პოლიტიკურ დებატებში მიიღოთ მონაწილეობა იმიტომ, რომ ეს არის თქვენი საქმიანობა სოციალური ქსელები ნამდვილად გამოგადგებათ. ერთია, რომ იცოდეთ მიზანი თუ რისთვის გჭირდებათ. მეორეს მხრივ, უნდა დაივიწყოთ რომ ყველა საქმეს სჭირდება დისციპლინა და ზომიერების შეგრძნება. კარგი რამის ზედმეტად გამოყენება მართებული არასდროსაა. დაფიქრდით, თქვენ გიჭირავთ ტელეფონი თუ იმას უჭერიხართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მობილური გადადოთ გვერდზე როცა საჭიროა, რომ ადამიანს დაელაპარაკოთ. 

და ბოლოს, აუცილებლად გამოყავით დრო, რომ შეისწავლოთ ის სოციალური ქსელი, რომელსაც იყენებთ. უნდა იცოდეთ როგორ დამალოთ ის კონტენტი, რომელიც არ გაინტერესებთ, როგორ გახადოთ თქვენი ფიდი საინტერესო და მოსაწონი. ყველა სოციალური ქსელი არის ძალიან კომპლექსური მანქანა და რასაც თვითონ „შეგაჭმევთ“ ის არ უნდა შეჭამოთ. როგორც ჯანსაღი კვების დროს უნდა განათლდეთ თუ რა სახის კერძები არსებობს, როგორ მიიღოთ, დილით რა ჯობია და საღამოს რა ჯობია. იგივე მიდგომა არსებობს სოციალური ქსელების შემთხვევაშიც. არსებობს საკვები, რომელიც თქვენს ორგანიზმში შედის, და არსებობს საკვები, რომელიც ტვინს მიეწოდება ინფორმაციის სახით. თქვენ თვით განათლებით უნდა დაკავდეთ და იცოდეთ ინსტრუმენტის სწორად გამოყენება. მუდმივად უნდა მოსინჯოთ ახალი რაღაცები, არ უნდა გადაწყვიტოთ რომ ტიკტოკი ცუდია, ქლაბჰაუსი სისულელეა და ა.შ. ფეისბუქი, ინტერნეტ ბანკი, უღილაკებო მობილური ოდესღაც სისულელედ შერაცხეს. მოსინჯეთ ახალ-ახალი რაღაცები, შეაფასეთ, აწონ დაწონეთ და ამის მიხედვით მიიღეთ გადაწყვეტილებები.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
21 აპრილი 2024 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები