თქვენი დაბნეული ოქროს თევზი

თქვენი დაბნეული ოქროს თევზი


ოქროს თევზს რომ დაიჭერ და სამ ნებისმიერ სურვილს შეგისრულებს ეს ისტორია დარწმუნებული ვარ ყველას გაგიგიათ. მთავარი შეკითხვა ამ ამბავთან დაკავშირებით, რომელსაც ხშირად ვსვამთ ხოლმე ტრენინგებზე, არის, პირადად შენ მზად ხარ თუ არა ოქროს თევზის დასაჭერად და მასთან სასაუბროდ. თითქოს ყველა ნატრობს ოქროს თევზის დაჭერას და ამბობს რომ რა ბედნიერება იქნებოდა, რომ ვინმემ ნებისმიერი სამი სურვილი შემისრულოს, მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან ბევრი ადამიანი ამისთვის მზად არ არის. 

მზად ხარ თუ არა ამაზე პასუხის გასაცემად, ჯერ დავფიქრდეთ, მას შემდეგ რაც ოქროს თევზს დაიჭერ, რამდენი დრო გაქვს, რომ ჩამოაყალიბო შენი სურვილები. საათები, დღეები თუ კვირები? მე მგონი, რომ აქ რამდენიმე წუთზეა ლაპარაკი. ანუ, კითხვა მდგომარეობს შემდეგში, მზად ხართ თუ არა, რომ 1 წუთში მკაფიოდ ჩამოაყალიბო 3 სურვილი. 

ახლავე შეგიძლია ჩართო წამმზომი და ცადო 1 წუთში შენი სურვილების  ჩამოყალიბება რასაც ეტყოდი ოქროს თევზს. შემდეგ დაფიქრდი ასეთ შეკითხვაზე: კონკრეტული რამე უნდა უთხრა თუ ზოგადი. მაგალითად, შეიძლება თუ არა ოქროს თევზს უთხრა, რომ დიდხანს სიცოცხლე გინდა? ეს დიდი ხანი რამდენია, თევზების საზომით გაზომოს თუ ადამიანების? იქნებ 30 წელიც ებევრება, ან იქნებ 80-იც ეცოტავება. ბევრი ფული, საკმაოდ ხშირად ექნება ეს სურვილი ოქროს თევზს მოსმენილი. რამდენია ბევრი ფული? მართლა ფული გინდა თუ შემოსავლის წყარო? ან კარგი სამსახური,  როგორია ეს კარგი სამსახური? მოკლედ, ბევრი დასაზუსტებელი დეტალია. საბოლოო ჯამში მინდა გითხრათ, რომ ჩემი ტრენინგების მონაწილეებში, რომლებიც არიან ჩვეულებრივ შემდგარი, წარმატებული ადამიანები, ძალიან იშვიათად შემხვედრია ის, ვინც მზად არის ოქროს თევზთან სასაუბროდ. ხშირად ლაპარაკობენ ამ თემაზე ბევრს, შემდეგ აღმოაჩენენ, რომ სხვა რამის თქმა უნდოდათ და მეორე შანსი სჭირდებათ და ა.შ. 

აქ კი შემოდის შემდეგი შეკითხვა: ნამდვილად გვჭირდება ოქროს თევზი? არსებობს ის თუ არა? ხშირად იმ პასუხსაც ვიღებთ, რომ რად მინდა ისეთი რაღაცისთვის მომზადება, რაც არის ზღაპარი და არ შეესაბამება რეალობას. დაფიქრდით, ზღაპარია თუ არა ოქროს თევზი? ვინ არის ის თქვენთვის? რეალურად თევზზე რომ არ არის ლაპარაკი, ეს ფაქტია. მე მგონია, რომ არსებობს ოქროს თევზი და მეტსაც გეტყვით, ყოველ დილით თვალებში გიყურებთ სარკიდან. თქვენ ხართ საკუთარ თავის ოქროს თევზი. 

თქვენი ოქროს თევზი არის თქვენი გონება, სხეული და სული. მას სამ სურვილზე მეტის შესრულებაც კი შეუძლია. აქამდე რაც ძალიან, გულწრფელად მოგინდომებიათ, თქვენმა ოქროს თევზმა თითქმის ყველაფერი შეგისრულათ. რისთვისაც აქამდე მიგიღწევიათ ყველაფერი ოქროს თევზის შესრულებული სურვილებია. აქამდე რომ მოხვედით ნიშნავს, რომ ძალიან კარგად მუშაობს ოქროს თევზი. თუ კარიერით ხართ კმაყოფილი, მისი დამსახურებაა, თუ კმაყოფილი ხართ ჯანმრთელობით მისი დამსახურებაა, თუ კმაყოფილი ხართ თქვენი ურთიერთობებით აქაც ოქროს თევზის ხელი ურევია. 

თუმცა, ერთი პრობლემა არსებობს. დაბნეულია თქვენი ოქროს თევზი. რამ დააბნია? ხან ერთი სურვილი ესმის, ხან მეორე, ხან ბევრ ფულს უკვეთავენ, ხან ჯანმრთელობას, ხან კარგ ურთიერთობებს, ხან ჰარვარდის დიპლომს, ხან დასვენებას და უსაქმურობას, ხან მოგზაურობას და ა.შ. დაიბნა ამ ყველაფრით ოქროს თევზი. ერთ დილით სხვა სურვილი ესმის, მეორე დღეს სხვა. მესამე დილას აღმოაჩენს, რომ სახლი გინდათ გარეუბანში, მეოთხე დღეს გაიგებს რომ თქვენი შვილის აკადემიური წარმატებები გინდათ ყველაზე მეტად. რა უნდა ქნას ამ დროს?  ასეთი სტრატეგია შეიმუშავა, რომ დააკვირდეს მართლა რა გინდათ, დილაობით რას ფიქრობთ, რას ნატრობთ, რას უკვეთავს და მიხვდეს. მართლა გინდათ ეს რაღაცები თუ არა. თუ უკვეთავთ ,რომ კარგ ფიზიკურ ფორმაში გინდათ იყოთ, მერე აკვირდება დიეტას იცავთ თუ არა, ვარჯიშობ თუ არა. შეიძლება თქვათ, რომ თუ მე გავაკეთე ეს ყველაფერი, მაშინ ოქროს თევზი რაღად მინდა? თუ ყველაფერს აკეთებთ გჭირდებათ გამძლეობა, დისციპლინა, რაშიც ოქროს თევზი გეხმარებათ. აბა თქვენი მონაწილეობის გარეშე დააგროვოს ბევრი ფული? გადაგაქციოთ სპორტულ ადამიანად? ეს ხომ რეალური არ არის? ორმხრივი სამუშო ყოფილა. ოქროს თევზი გეუბნებათ, რომ შენი გასაკეთებელი შენ გააკეთო და დანარჩენს ის მიხედავს: იღბალს, ბედს, გამართლებას ძალისხმევას, მოთმინებას და ა.შ. სწორედ ასე სე მუშაობს თქვენი ცნობიერება და ოქროს თევზი. 

რა ვუშველოთ დაბნეულ ოქროს თევზს? რა არის დასკვნა? 

პირველი, ჩამოყალიბდით რა გინდათ. ცოტა სურვილი დატოვეთ. არ შეიძლება 47 სურვილის მოყოლა ოქროს თევზისთვის. დააპრიორიტეტეთ და რამდენიმე გამოყავით. წლევანდელი სურვილები წინ წამოწიეთ, დანარჩენზე მომავალ წელს ვილაპარაკოთ. იმიტომ არის ოქროს თევზის შესახებ ზღაპარში სამი სურვილი, რომ კონცენტრაციას გვასწავლიან. 

მეორე, არ გაანიავოთ ოქროს თევზის სურვილები. კარგად დაფიქრდით რაც დრეს გინდათ ხვალაც და ზეგაც გენდომებათ? დღეს დაიღალეთ და დასვენება გინდათ, თუ ყოველ დღე დასვენება გინდათ. დღეს შემოგაკლდათ ფული თუ მართლა პრიორიტეტია ბევრი ფულის შოვნა. ამიტომ, ერთია მოიფიქროთ რა გინდათ და მეორეა ჩამოყალიბდეთ მართლა გინდათ თუ არა. 

არ შეფერხდეთ იმით, რომ არ იცით როგორ შეძლებთ. ოქროს თევზს დავალებას რომ მისცემთ და დაუდეკლარირებთ რა გინდათ, ის დაიწყებს ფიქრს როგორ და რანაირად გააკეთოს. თქვენ თუ არ იცით როგორ იშოვოთ ბევრი ფული, არა უშავს, თუ არ იცით ცუდი სამსახურიდან კარგში როგორ გადახვიდეთ, არა უშავს, მთავარია არ შეუშინდეთ და სურვილი ხშირად გაიმეოროთ. 

და ბოლოს, ელაპარაკეთ თქვენ ოქროს თევზს ყოველ დილით, როცა მარტო ხანთ, ენერგია და პოზიტივი მეტია. ზოგი მედიტაციას იყენებს, ზოგი წერს, ზოგი უბრალოდ თავის თავს ელაპარაკება. გამოიყვანეთ ოქროს თევზი დაბნეულობიდან, პირობას გაძლევთ, რომ ყველაფერს შეგისრულებთ. ძალიან ჩქარა ვერა, მაგრამ აუცილებლად შეგისრულებთ.

Flowmaster.online — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
19 აპრილი 2024 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები