წარმატების სამი დასაყრდენი: გონება, ემოციები და სხეული

წარმატების სამი დასაყრდენი: გონება, ემოციები და სხეული


ძალიან ხშირად, როცა ლიდერობაზე, მენეჯმენტზე, წარმატებაზე და სამსახურეობრივ წინსვლაზე მიდის ლაპარაკი, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მთლიანად ადამიანი კი არ აღწევს წარმატებას, არამედ, მხოლოდ მისი ცნობიერება და გონება, რადგან ამ დროს ხაზგასმა ხდება მხოლოდ გონებაზე, ცოდნასა და შეხედულებებზე.

განსაკუთრებით 10-15 წლის წინ, ძირითადი აქცენტი ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე კეთდებოდა და მიღწეულ წარმატებასაც სწორედ ამ უკანასკნელს აწერდნენ. გაცილებით ნაკლებს ლაპარაკობდნენ ემოციების როლზე.  

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველა აქტიურად საუბრობს ემოციური ინტელექტის მნიშვნელობაზე და აღმოჩნდა, რომ წარმატების ერთ-ერთი მნიშნველოვანი კომპონენტი სწორედ ემოციებია. 

დღეს, როდესაც პანდემიის პირობებში ვცხოვრობთ, აქტუალური გახდა სხეულის მოვლისა და ფიზიკური ჯანმრთელობის საკითხი: როგორ დაიცავ თავს, როგორ დაიცავ წესებს, აქამდე როგორ მდგომარეობაში გქონდა ჯანმრთელობა და ფიზიკური მდგომარება. აღმოჩნდა, რომ ეს კომპონენტი არანაკლებ მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად. ადამიანი, რომელსაც ძილი არ ჰყოფნის, ფიზიკური სირთულეები აქვს, ბევრი დრო და ენერგია ეხარჯება ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე, რთულია ამ დროს კარიერულ თუ გონებრივ განვითარებაზე ორიენტირდეს.  

ემოციური ინტელექტი, სიბრძნე და გამოცდილება ასაკთან ერთად შეიძლება მოგვემატოს, მაგრამ თუ ჩვენს ჯანმრთელობაზე ადრეული ასაკიდან არ ვიზრუნეთ, სწორედ ეს საკითხი შეგვიშლის ხელს წინსვლაში. 

დაბალანსებული ცხოვრების მოსაზრება დღეს ძალიან პოპულარულია. ბალანსის დაცვაში თუ ადრე მხოლოდ კარიერა და ოჯახი იგულისხმებოდა, ახლა ამ სამ მნიშვნელოვან კომპონენტს აქცევენ ახალგაზრდები დიდ ყურადღებას. 

მნიშვნელოვანია, ისე დავაბალანსოთ ცხოვრება რომ, ვიყოთ ჯანმრთელები, ემოციურად სტაბილურები და მხოლოდ ამის შემდეგ შევეცადოთ რაც შეიძლება მეტი ვისწავლოთ და ვიშრომოთ წარმატების მისაღწევად. 

წარმატებას არ აქვს ერთი გასაღები, მას მინიმუმ სამი მნიშნველოვანი გასაღები სჭირდება. ერთია სხეულის მდგომარეობა, რომ იყოს ჯანმრთელი, მეორე, ემოციური სისტემა, რომ არ იყოს გადაღლილი და ჰქონდეს რესურსი, მიიღოს სიახლეები და გადაიტანოს დამატებითი სტრესები და, რა თქმა უნდა, ცნობიერება, რომელიც სულ უნდა სწავლობდეს და ვითარდებოდეს.

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
12 ოქტომბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები