თვითდაკნინება საჯარო გამოსვლისას

თვითდაკნინება საჯარო გამოსვლისას


შეიძლება სათაური უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ განვმარტავ. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი დამკვეთისთვის საჯარო გამოსვლის მიმართულებით ტრენინგისთვის ვემზადებოდი და ცოდნის განახლებისთვის გადავხედე მასალებს, ინფორმაციებს, მოვიძიე სხვადასხვა ქეისები ლიტერატურაში და წავაწყდი ერთ საკითხს, რომელსაც, ფაქტობრივად ყოველ დღე ვაწყდები. პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ საჯარო გამოსვლა ბევრი ადამიანისთვის სერიოზული გამოწვევა და სანერვიულოა. ამერიკაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე ეშინია თუ არა სიკვდილის ადამიანების 52% პასუხობდა დადებითად, ხოლო კითხვაზე, ეშინია თუ არა საჯარო გამოსვლის 62% პასუხობდა დადებითად. ანუ უფრო მეტ ადამიანს ეშინია საჯარო გამოსვლის ვიდრე სიკვდილის. საჯარო გამოსვლაში 5 კაცთან გამოსვლაც იგულისხმება, როცა სამსახურში წარადგენთ იდეებს და პროექტებს და 100 კაცის წინაშე კონფერენციაზე გამოსვლაც. ბევრი ადამიანი ამ საკითხზე სერიოზულად მუშაობს, ტრენინგებს გადის, რომ საჯარო გამოსვლის მიმართულებით დაიხვეწოს. უცნაური იქნებოდა, რომ ამ პროცესში თავად უშლიდე საკუთარ თავს ხელს. ამ სტატიაში ვაპირებ გელაპარაკოთ ფენომენზე, რომელსაც თქვენივე საუბარშიც შეამჩნევდით, როდესაც ადამიანი თვითონ ახდენს თავისი საუბრის დისკრედიტაციას და ნეგატივი შემოაქვს.

რომელი სიტყვების და ფრაზების გამოყენება აკნინებს გამომსვლელს? მაგალითად, “ბოდიში, ძალიან გამიგრძელდა სიტყვა”. რატომ გვეუბნები ამას? რა მიზანს ემსახურება? “ვიცი რომ დაიღალეთ”, “შეიძლება არ გაინტერესებთ ეს თემა”, “ვიცი რომ გეჩქარებათ სხვა შეხვედრაზე”. ამას შენ რატომ გვახსენებ? ისედაც ვიცით ჩვენი გეგმები. შენი სამუშაოს ნაწილი არ არის ნეგატიური რაღაცები გვითხრა ან შეგვახსენო ჩვენი გეგმების შესახებ. “თავს არ შეგაწყენთ”, “დროს არ წაგართმევთ” სულ ნეგატიური სიტყვებია და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოსვლისას ასე საუბარი. “მოკლედ ვისაუბრებთ” - აბა რას აპირებდი? გრძლად აპირებდი საუბარს? იმდენი ისაუბრე რამდენიც საჭიროა. “ჩემი მოკრძალებული აზრით”, “ექსპერტი არ ვარ” - ეს ყველა ფრაზა ეწინააღმდეგება თქვენი გამოსვლის ეფექტურობას. გავიგეთ რომ თავმდაბლობაა, რომ ღელავთ მაგრამ შეეცადეთ რომ ესე სიტყვებში არ გამოიხატოს. “ვიცი რომ ყველას არ გაინტერესებთ და თქვენთვის შეიძლება დეტალები საინტერესო არ არის”, “არ გადაღლით” ასევე ნეგატიური ფრაზებია, ან პირიქით, “შემეძლო უფრო დეტალურად ამეხსნა”, “მარტივად შევეცადე რომ ამეხსნა”, ანუ ეუბნებით რომ ისინი ვერ გაიგებდნენ რთულად რომ აგეხსნათ და მარტივად ლაპარაკობ? ამ მაგალითებით იმის თქმა მინდა რომ ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ არასწორად, შეიძლება ვერც ხვდებოდეთ და ისე იყენებდეთ თვით დამაკნინებელ ფრაზებს და სიტყვებს საჯარო გამოსვლისას. 

როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა? 

პირველი, საჯარო გამოსვლა დეტალურად დაგეგმეთ, სპონტანურად არავინ ლაპარაკობს. ჩვენი ვიდეოებს წინასწარ ვამზადებთ და ამისთვის ბევრ დროს ვხარჯავთ. თუ მოსმენისას გეჩვენებათ, რომ სხაპასხუპით ვლაპარაკობ იმიტომ, რომ კარგად მოვემზადე. ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც არ გეგმავს და არ მეცადინეობს ამ მიმართულებით. არადა ვარჯიში მნიშვნელოვანია. გადაიღეთ ვიდეო, უყურეთ, ეძებეთ დამაკნინებელი სიტყვები და ამოიღეთ. ლაპარაკის დროს შეიძლება ვერ შეამჩნიოთ,  დაიხმარეთ საიმედო ხალხი, რომლებიც დაგეხმარებიან. უკვე საჯარო გამოსვლისას სთხოვეთ ვიღაცას, რომ გადაგიღონ, შემდეგ უყურეთ და ანალიზი გაუკეთეთ. ეს მუდმივი პროცესია და ვარჯიშით შედეგები აუცილებლად გაუმჯობესდება.

Flowmaster.online — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
18 აპრილი 2024 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები