ბიზნესი, რომელიც მშობლებს არ უყვართ

ბიზნესი, რომელიც მშობლებს არ უყვართ


ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით მაღაზიის კონსულტანტს, რომელსაც არც მაღაზია უყვარს, არც მაღაზიის სტუმრები და არც იმ პროდუქციით არის დაინტერესებული, რომელსაც ყიდის. ტაქსისტებს, რომლებსაც არც მანქანა უყვართ, არც მგზავრები და არც ქალაქი. პურის მცხობელებს, რომლებსაც არ უყვართ პურის ცხობა. იგივე ხდება ინტელექტუალურ შრომაში, დაზღვევის აგენტები არ გამოხატავენ პატივისცემას კომპანიის, პროდუქტებისა და კლიენტების მიმართ.

სამწუხაროდ, ჩვენ ისეთ გარემოში ვართ, სადაც ძალიან ბევრ ადამიანს არ უყვარს თავისი საქმე. ეს ეხება როგორც დაქირავებულ ხალხს, რომლებიც უგულოდ, მოვალეობის მოხდის მიზნით ასრულებენ დაკისრებულ სამუშაოს, ასევე ბიზნესის მფლობელებს. მიგიმართავთ ონლაინ მაღაზიისთვის და დაგრჩენიათ შთაბეჭდილება, რომ პროდუქტის გაყიდვა არ უნდათ? ისე გესაუბრებიან, რომ ვალს აქეთ გადებენ? ხელოსანი გამოგიძახებიათ, რომელიც ცდილობს, ადვილად და უხარისხოდ გააკეთოს საქმე? ინტელექტუალურ სამუშაოზეც იგივე შეიძლება ითქვას. რამდენი წიგნია უგულოდ და უსიყვარულოდ გადმოთარგმნილი. ძალიან ბევრი ასეთი მაგალითი არსებობს ჩვენს ყოველდღიურობაში. 

რატომ არ უყვართ ადამიანებს თავისი საქმე? და რატომ აკეთებენ, თუ არ უყვართ? -  ამ შეკითხვას "ფლომასტერის" ტრენინგების მონაწილეებსაც ვუსვამთ. 

ეს შეკითხვა უფრო მეტად მიმართულია ბიზნესის მფლობელებზე. თუმცა მიზეზი, თუ რატომ არ უყვართ თავისი საქმე ერთი და იგივეა, როგორც ბიზნესის მფლობელებისთვის ასევე დასაქმებული ადამიანებისთვის. 

არსებობს გამოთქმა, წყნარ ზღვაში ყველა გემს კარგი კაპიტანი ჰყავს. იგულისხმება, რომ მაღაზიის კლიენტთან, რომელიც მადლობებს იხდის, ყველაფერს თვითონ პოულობს და თავაზიანად იქცევა, ყველა კარგი კონსულტანტია. დაზღვევის მომხმარებელი, რომელმაც ყველანაირი პირობა იცის, ყველა დოკუმენტს დეტალურად გაეცნო და დიდად მომსახურება არ სჭირდება, ყველა დაზღვევის აგენტს მოსწონს. ამით იმის თქმა გვინდა, რომ ყველას უყვარს სამსახური, სადაც ყველაფერი იდეალურადაა, თუმცა ასეთი სამსახური არ არსებობს. ასეთი თანამშრომლები წყნარი ზღვის კაპიტნები არიან. უყვართ სიტუაცია, როცა ყველაფერი კარგად არის. არც ერთი ზღვა მუდმივად წყნარი არ იქნება. თქვენ თუ საქმეს აკეთებთ და თუ მოლოდინი გაქვთ, რომ სიმშვიდე იქნება ყოველდღიურად, ყველა დამკვეთი ბედნიერი იქნება, ყველას მოეწონება თქვენი პროდუქტი, დროულად მოგაწვდიან ინფორმაციას - ეს სრული ილუზიაა. 

პირველი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ აკეთებენ ადამიანები იმ საქმეს, რაც არ უყვართ, არის ფინანსური შემოსავალი. ადამიანები იმაზე კი არ ფიქრობენ, ემოციურად რას მოუტანს ბიზნესი, არამედ მოლოდინი აქვთ, რომ ფინანსურ სიკეთეებს მიიღებენ მარტივად. მეორე პასუხი, თუ რატომ კიდებენ ხელს ასეთ საქმეს, არის რომ გამოსდით ის, არა იმიტომ,რომ უყვართ და მოსწონთ არამედ იმიტომ, რომ გამოცდილება დააგროვეს, იცნობენ ხალხს, ვინც დაეხმარებიან ამ საქმის გაკეთებაში და ა.შ. ხშირად სხვებს უმტკიცებენ, რომ შეუძლიათ ბიზნესის კეთება, ოჯახს, ახლობლებს, სამყაროს ანახებენ, რომ შესაძლებლობები აქვთ. ეს ენთუზიაზმი კი დიდხანს ვერ მიჰყვებათ.  

 

საკმაოდ გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ბიზნესი თავიდან ჭირს, თორემ მერე ყველაფერი აეწყობა და ფეხი ფეხზე გადადებას შევძლებთ - ეს ყველაზე მცდარი ილუზიაა. ხშირად ჰგონიათ ადამიანებს, რომ კლიენტებს მარტივად შეუყვარდებათ მათი პროდუქტი, ყველა თანამშრომელი თავის მოვალეობას იდეალურად შეასრულებს. გამოდის, რომ ადამიანები იწყებენ საქმიანობას ილუზიებით. 

ამ ჩამონათვალში საერთოდ არ არის არანაირი სიყვარული. ეს ხალხი იმას კი არ აკეთებს, რაც მოსწონთ, არამედ ემზადებიან გათვლილი ქორწინებისთვის ამ საქმიანობასთან. რაც არის ფუნდამენტური პრობლემა იმიტომ, რომ როგორც კი ზღვა აღელდება და აღმოჩნდება, რომ შემოსავალი ისეთი კარგი არ ყოფილა, მერე აღმოჩნდება, რომ რაღაცები კარგად არ გამოდის, წინააღმდეგობები წამოვა, დროთა განმავლობაში ახალი პრობლემები იჩენს თავს. 

ერთი წლის შემდეგ ბიზნესთან ურთიერთობაში რომანტიკა იკარგება. რჩება ყოველდღიურობა და მწარე რეალობა. 

რა ეშველება ამ პრობლემას?

პირველ რიგში, ადამიანებმა ის უნდა აკეთონ, რაც უყვართ. აბიტურიენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან კომუნიკაციისას ყველანაირად ვცდილობთ, ავუხსნათ, რომ გაითვალისწინონ ეს რჩევა. სანამ სამსახურს თუ საკუთარ ბიზნესს დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ მართლა გაინტერესებთ და გიყვართ ის. ავად რომ გახდება კომპანია თუ სამსახური, გეყვარებათ კიდევ? თუ მხოლოდ ფულის მანქანაა ის თქვენთვის? 

მეორე, მოლოდინები უნდა იყოს რეალისტური და არ იყოს ვარდისფერი სათვალით დახატული მომავალი, სადაც ყველაფერი კარგად და არაჩვეულებრივად იქნება. ყველა ბიზნესი თუ საქმიანობა გამოწვევებით სავსეა, გარემო ცვალებადია. 

და ბოლოს, ბიზნესები უნდა გასხვისდეს და სამსახურები უნდა შეიცვალოს. ძალიან უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ უცხოელებთან ურთიერთობისას, როდესაც ამბობენ, რომ ავაწყე ბიზნესი, კარგ შემოსავალზე გავედი და გავყიდე. ბევრისთვის გაუგებარია, თუ ბიზნესი აეწყო, შემოსავალს წერდა, მაშინ რატომ გაყიდა? ჩვენთან ჰგონიათ, რომ საქმე მაშინ უნდა გაყიდო, როცა პრობლემებითაა სავსე. ასეთი ბიზნესი კი მყიდველსაც არ უნდა. ჩვენ გვგონია, რომ სამსახურიდან მაშინ უნდა წავიდეთ, როცა ყველაფერი ყელში ამოგვივა. რეალურად კი, როდესაც ხედავ, რომ კომპანიაში ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ თქვენი თავი ამოწურეთ და საკუთარ მომავალს ვეღარ ხედავთ იქ, სწორედ ეს არის სამსახურიდან წასვლის დრო.  

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
29 მარტი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები