როგორ გვიცნობენ? რეპუტაცია

როგორ გვიცნობენ? რეპუტაცია


როდესაც ლიდერობაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, როგორ გვიცნობენ, როგორც ლიდერებს.

ამ შეკითხვაზე ჩვენ სამ კომპონენტიანი პასუხი განვსაზღვრეთ. 

როგორ გვიცნობენ სხვები, პირველ რიგში, სტერეოტიპების მიხედვით ვადგენთ. 

მეორე კომპონენტია რეპუტაცია, რომელზეც ამ სტატიაში ვისაუბრებთ.

და მესამე კომპონენტია საბაზო ღირებულებები (core values). 

რა არის რეპუტაცია? 

რეპუტაცია არის ის, რაც სხვადასხვა სოციუმმა იცის თქვენ შესახებ. ადამიანს შესაძლოა, სხვადასხვა რეპუტაცია ჰქონდეს ოჯახში, ნათესავებში, მეგობრებში, კოლეგებსა თუ კლასელებში.  

თქვენს რეპუტაციას ქმნით თავად, თქვენი მოქმედებებით, საუბრით თუ უმოქმედობით. 

ხშირად უთქვამთ ადამიანებს ჩვენთვის, რომ მათ სამსახურში საკმაოდ მკაცრი მენეჯერის რეპუტაცია აქვთ, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ხშირად ხდება, როდესაც ჩვენი ქმედებები და სხვების აღქმები ჩვენ შესახებ სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. 

როგორც ბრენდია კომპანიისთვის, იგივეა რეპუტაცია ადამიანისთვის.

ყველა კომპანიას სურს, რომ თავისი ბრენდი ადამიანების თვალში არაჩვეულებრივი იყოს, თუმცა ამისთვის საკმარისს არ აკეთებენ, ან უბრალოდ მათი სურვილები და რეალობა ერთმანეთს სცდება. 

რეალურად რას წარმოადგენთ და როგორი ხართ, არავინ იცის ახლობელი ადამიანების გარდა. დანარჩენებმა იციან როგორი რეპუტაცია გაქვთ, ამის შესახებ იგებენ თქვენივე ქმედებებით, გაკითხვით, თუ რას ამბობენ სხვები თქვენ შესახებ. 

მაგალითად, სამსახურეობრივი გასაუბრები რომ განვიხილოთ, პოტენციური დამსაქმებელი დიდ ყურადღებას აქცევს, თუ რას ამბობენ თქვენზე სხვები, ყოფილი კოლეგები თუ უფროსები. თქვენმა რეპუტაციამ შესაძლოა, დიდი როლი შეასრულოს გადაწყვეტილების მიღებაში. 

გამოდის, რომ რეპუტაცია ლიდერისთვის არის დასაყრდენი. თქვენ ვერ იქნებით ლიდერი, თუ ლიდერობთ მხოლოდ ახლობლებში და მათთან ვინც კარგად გიცნობენ. ამ პრობლემას ბევრი ადამიანი აწყდება. შეგიმჩნევიათ ალბათ, რომ დაწინაურების შემდეგ მენეჯერები ცდილობენ, ნაცნობები და ახლობლები მოიკრიბონ გარშემო, რადგან მათ გარემოში ხელმძღვანელობა უფრო მარტივი იქნება. 

ერთი შეხედვით, ეს შეიძლება ნორმალურიცაა, მაგრამ ლიდერი და ლიდერობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ უნდა შეძლოთ, ახალ და უცხო გარემოში მიხვიდეთ და დაიმკვიდროთ ისეთ რეპუტაცია, როგორიც გჭირდებათ.

როგორ მოვიქცეთ? როგორ გავიგოთ, რა რეპუტაცია გვაქვს და როგორ შევქმნათ ჩვენთვის სასურველი და რეალური რეპუტაცია. 

თუ მარკეტინგში და ბრენდინგში რაიმე გაგიგიათ, ყველამ ვიცით, რომ ჯერ ბაზრის კვლევა უნდა ჩაატაროთ, ამ შემთხვევაში უნდა მოიკვლიოთ, თუ როგორი რეპუტაცია გაქვთ სამსახურში, ტოპ მენეჯმენტში, თანამშრომლებში და ა.შ. რა თქმა უნდა, ამის გაგება მარტივი არ არის, თუმცა შესაძლებელია. 

შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია შეგუება, მიიღოთ ის რეპუტაცია რეალობად, რაც გაქვთ, სულ რომ არ მიგაჩნდეთ ობიექტურ შეფასებად. შეგუებაში არაფრის კეთებას არ ვგულისხმობთ. იმის თქმა გვინდა, რომ გაბრაზება კარგს არაფერს მოგიტანთ, მიიღეთ არსებული რეალობა, გაიგეთ, რატომ ჩამოგიყალიბდათ ასეთი რეპუტაცია და დაიწყეთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომ გააძლიეროთ ან გამოასწოროთ თქვენი რეპუტაცია, თუ ამის საჭიროებას დაინახავთ. 

მაგალითად, თუ გაიგეთ, რომ ძალიან დაკავებული და ხელმიუწვდომელი ლიდერის რეპუტაცია გაქვთ, სჯობს, იმუშაოთ ამ საკითხზე და გამოასწოროთ ეს რეპუტაცია, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გუნდის წევრებს ნებისმიერ დროს შეეძლოთ თქვენთან საუბარი. 

გაითვალისწინეთ, რომ თქვენზე იტყვიან კარგსაც და ცუდსაც, სწორსაც და არასწორსაც. არ შეიძლება, მხოლოდ თქვენთვის სასურველი დაიჯეროთ და მიიღოთ. ცუდი და არასწორი შეფასებაც ისეთივე რეალურია, როგორც დადებითი და სწორი. 

გაიგეთ და გააანალიზეთ, თუ რას ამბობენ სხვები თქვენზე, რამ გამოიწვია ცუდი და არასწორი რეპუტაციის ჩამოყალიბება თქვენ შესახებ და იმუშავეთ ამ საკითხზე. 

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
24 დეკემბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

იდეალური მენეჯერის 4 დამახასიათებელი თვისება: იცხაკ ადიზესის მოდელი

როგორი უნდა იყოს იდეალური აღმასრულებელი? საკმარისია თუ არა მხოლოდ შედეგებზე ორიენტირება და კარგი დისციპლინა? ამ კითხვებზე პასუხს ბლოგში იპოვით. . . .

ჯილდო და ჯილდოს მოლოდინი

რატომ არის ჯილდოს მოლოდინი ისეთივე ძვირფასი, როგორც თავად ჯილდო? . . .

რატომ და როგორ უნდა ვიყო უხილავი „ლიდერი“

რას ნიშნავს ლიდერობა? რას გულისხმობს ლიდერობა და რა არის მისი საზომი? . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები