როგორ მივხვდე რისი კეთება ან რისი სწავლა მინდა

როგორ მივხვდე რისი კეთება ან რისი სწავლა მინდა


ეს შეკითხვა აქვს აბიტურიენტსაც და სტუდენტსაც, რომელიც პროფესიის არჩევას აპირებს, აქვს მოწყენილ პროფესიონალს, რომელსაც უნდა რომ სამსახურებრივ ცხოვრებაში ცვლილებები შეიტანოს. ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ რაღაცა აქვს შესაცვლელი და მათ შორის ყველას უნდა, რომ დარწმუნებული იყოს რომ სწორ ნაბიჯს დგამს. ძალიან ბევრი დრო და ენერგია დაგეხარჯებათ იმისთვის, რომ რამე სხვაზე გადაერთოთ სწავლის ან პროფესიის თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ სწორი არჩევანი გააკეთოთ. 

ამიტომ ამ სტატიაში შევეცდები რამდენიმე რჩევა მოგცეთ, რა მეთოდით შეიძლება მიხვდეთ რისი სწავლა ან რისი კეთება გინდათ. 

პირველ რიგში, თქვენი ძლიერი მხარეების ანალიზი უნდა გააკეთოთ, იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. უნდა დავსვათ შეკითხვა - რა გამომდის კარგად და რა მიჭირს? არაფრით შეიძლება, რომ ადამიანი მოიკოჭლებდეს დისციპლინაში და აირჩიოს ისეთი საქმიანობა, რომელიც დისციპლინას მოითხოვს, ან ადამიანი, რომელიც ხელოვნებაში დიდად ვერ ერკვევა აირჩიოს მხატვრობა. მოკლედ, ძლიერ მხარეზე უნდა აეგოს სტრატეგია, ამ საკითხს ცალკე სტატიაში უფრო დეტალურად განვიხილავთ. დაფიქრდით რა გამოგდით თავისთავად კარგად, შეიძლება ეგრევე არ გაგახსენდეთ რამე, თუმცა კარგად დააკვირდით თქვენს თავს, ბუნებრივად რა ძლიერი მხარეები გაქვთ, თუნდაც ყოველდღიურ ცხოვრებაში, სამეგობროში, ოჯახში. რა როლი გაქვს სხვა სოციუმებში, ორგანიზატორი ხარ? მაშინ შეიძლება საორგანიზაციო და ღონისძიებების მენეჯმენტი გამოგდიოდეს, შენთან მოდიან და წუწუნებენ? შეიძლება ფსიქოლოგია, ქოუჩინგი იყოს შენი საქმე, მეგობრებს არიგებ და შემოაფხიზლებ ხოლმე? მაშინ შეიძლება მენეჯერული მოვალეობები გამოგივიდეს. დაფიქრდით, სადაც ფულს არ გიხდიან რა „სერვისებს“ უზრუნველყოფთ თქვენი გარემოცვისთვის.

შემდეგი მნიშვნელოვანი შეკითხვა რასაც უნდა უპასუხოთ - ფული რომ არ გჭირდებოდეთ, რას გააკეთებდით? ამ შეკითხვას ხშირად ვსვამთ აბიტურიენტებთანაც და ზრდასრულებთანაც. წარმოიდგინეთ, ომის დროს დაკარგული ბაბუა რომ გამოჩნდეს, და აღმოაჩინოთ, რომ ანდერძით უდიდესი ქონება დაგიტოვათ, უკვე იცით, რომ ფულის შოვნა აღარ დაგჭირდებათ, საკმარისი გაქვთ, რას გააკეთებდით? როგორც წესი, პირველი, სწრაფი პასუხია - არაფერს. თუმცა ეს „არაფერს“ შეიძლება 1-2 თვე გაგრძელდეს. მერე რას გააკეთებთ? იმოგზაურებთ? ოცნებებს აიხდენთ? აუცილებლად გამოჩნდება რაღაც, რისი კეთებაც მოგინდებათ. სწორედ ეს არის მომავალი პროფესიის ძალიან კარგი „კანდიდატი.“ 

ნუ შეეცდებით, რომ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ. ძალიან მნიშვნელოვანია რას ფიქრობენ თქვენი ოჯახის წევრები და ახლობლები. ამ ადამიანებმა თქვენ შესახებ ბევრი რამ იციან. არსებობენ ახლო და შორეული ნაცნობები, კითხეთ აზრი შორეულებსაც, მათ კიდევ სხვანაირი ხედვა ექნებათ. დაელაპარაკეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც იპოვეს თავისი ადგილი და მიაღწიეს წარმატებას, დაუსვით კითხვები, როგორ მივიდნენ აქამდე. აღმოაჩენთ, რომ ბევრი რთული ეტაპი გაუვლიათ.

და ბოლო რჩევა არის, რომ ბევრი რამე უნდა სცადოთ სანამ ჩამოყალიბდებით. თუ ბევრ რამეს არ ცდით, ვერ გაიგებთ ზუსტად რა გინდათ.  

არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება, ძლიერ მხარეებზე იფიქრეთ - რა გამოგდით ადვილად. ამოცანა არ არის, რომ რთულ გზას დაადგეთ, შედარებით ადვილად რაც გამოდგით, ის გააკეთეთ. დაფიქრდით სამეგობროსთვის და სანათესავოსთვის ვინ ხართ, რას წარმოადგენთ. ასევე, ფული რომ არ გჭირდებოდეთ რას გააკეთებდით? კითხვები დაუსვით სხვებს, მარტო ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას. ამ კვლევის შემდეგ, რა ალტერნატივებიც გექნებათ, მოსინჯეთ ყველაფერი, რაც დაგაინტერესებთ, სანამ საბოლოოდ ჩამოყალიბდებით.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
22 მაისი 2023 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები