როგორ გიცნობენ? ღირებულებები

როგორ გიცნობენ? ღირებულებები


ჩვენ განვსაზღვრეთ სამი დონე, თუ როგორ გიცნობენ და რის მიხედვით გაფასებენ სხვები.

პირველი, სტერეოტიპები, ანუ როგორ გიცნობენ ის ადამიანები, რომლებიც არ გიცნობენ.

მეორე დონეა რეპუტაცია, ანუ ვისაც ჰქონია თქვენთან შეხება და თქვენი ქმედებებიდან გამომდინარე ჩამოუყალიბდა თქვენ შესახებ აზრი. 

მესამე დონეა საბაზო ღირებულებები, იგივე core values, ანუ მართლა რას წარმოადგენთ თქვენ, რისი გწამთ, რისი გჯერათ და რა ფასეულობები გამოძრავებთ ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას.

ადვილად მივხვდებით, რომ მესამე დონე ხელმისაწვდომია ყველაზე ვიწრო წრისთვის. თქვენ თუ გყავთ ათასობით ნაცნობი, აქედან უმეტესობას თქვენზე ექნება სტერეოტიპული შეხედულებები, გაცილებით პატარა ჯგუფს, ვისაც შეხება ჰქონია თქვენთან, რეპუტაციაზე დაყრდნობით ჩამოუყალიბდება თქვენ შესახებ აზრი და ბოლოს მხოლოდ რჩეულებს, თქვენს უახლოეს მეგობრებს, ოჯახის წევრებს, თანამშრომლებს აქვთ ინფორმაცია თქვენი საბაზო ღირებულებების შესახებ. 

რადგან ლიდერობის კონტექსტში ვსაუბრობთ, იცოდეთ, რომ ლიდერი ლიდერად გადაიქცევა მაშინ, როდესაც მას უჩნდება მიმდევრები. მიმდევრები კი უჩნდება ღირებულებებს და არა კონკრეტულ ადამიანს. 

როდესაც რომელიმე კომპანიაში თავდადებით მუშაობენ თანამშრომლები, უნდა მივხვდეთ, რომ ეს ხალხი კონკრეტული პიროვნების ხათრით კი არ აკეთებს ამას, არამედ იმ იდეისთვის, იმ ღირებულებებისთვის მუშაობს, რისიც სჯერა. 

მაგალითად, ზოგს სჯერა კარიერისა და წარმატების, ვიღაცას სჯერა მატერიალური კეთილდღეობის, ვიღაცას ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის გაკეთების და ა.შ. 

თქვენ თუ გინდათ, რომ იყოთ ლიდერი და გყავდეთ მიმდევრები, მათ სჭირდებათ საკვები და ეს საკვებია მთავარი ღირებულებები, თქვენ უნდა გამოავლინოთ ეს ღირებულებები და სწორედ იგივე ღირებულებებისა და იდეის მატარებელი ადამიანები შემოგიერთდებიან.

ღირებულებების გამოვლენის ორი გზა არსებობს. 

  • პირველი მეთოდია თქვენზე, თქვენს ქმედებებზე დაკვირვება და ანალიზი. ხშირად ლიდერის კონკრეტულ ქმედებებს გარჩევა მოყვება, თანამშრომლები ცდილობენ თქვენი ქმედებების მიხედვით გაგიცნონ. თუმცა აქ ჩნდება ფუნდამენტური პრობლემა, სწორი დასკვნების გამოტანის ნაცვლად იწყება მკითხაობა, ლიდერის ქმედებების არასწორი ინტერპრეტაციებით მოყოლა, ზოგი განზრახაც კი ცდილობს, უარყოფითად ილაპარაკოს მენეჯერზე, ზოგს საკმარისი ინფორმაცია არ აქვს, რომ სწორი დასკვნები გამოიტანოს. 
  • აქ შემოდის მეორე გზა, როდესაც ლიდერს შეუძლია საბაზო ღირებულებების გამოვლენა. ეს არის ისტორიების თხრობა, ანუ story telling with values.

ადამიანებისთვის ისტორიების თხრობა და თან ისეთი ისტორიების, რომლებიც კარგად გამოხატავს თქვენ საბაზო ღირებულებებს, არის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი მიმდევრების გასაჩენად და თქვენი ღირებულებების წარმოსაჩენად.

ადამიანები ყოველდღიურად სოციალურ მედიაში აზიარებენ თავიანთ შესახებ ისტორიებს, იმას, რაც მოსწონთ თუ აწუხებთ, რაზეც გული შესტკივათ. სხვებს კი ამ ისტორიების მიხედვით გამოაქვთ დასკვნები ერთმანეთის შესახებ. 

თუ თქვენ ხედავთ თქვენს თავს როგორც ლიდერს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოყვეთ ისტორიებს და კარგად ფიქრობდეთ იმაზე, თუ რას გადმოსცემენ ეს ისტორიები თქვენ შესახებ, ისიც მნიშვნელოვანია, რომ სწორად და კარგად მართავდეთ ამ პროცესს. „სთორითელინგი“, როგორც უნარი, თქვენთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რადგან სწორედ ეს არის ლიდერობისთვის ერთ-ერთი ფუნდამენტური დასაყრდენი.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
24 დეკემბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

იდეალური მენეჯერის 4 დამახასიათებელი თვისება: იცხაკ ადიზესის მოდელი

როგორი უნდა იყოს იდეალური აღმასრულებელი? საკმარისია თუ არა მხოლოდ შედეგებზე ორიენტირება და კარგი დისციპლინა? ამ კითხვებზე პასუხს ბლოგში იპოვით. . . .

ჯილდო და ჯილდოს მოლოდინი

რატომ არის ჯილდოს მოლოდინი ისეთივე ძვირფასი, როგორც თავად ჯილდო? . . .

რატომ და როგორ უნდა ვიყო უხილავი „ლიდერი“

რას ნიშნავს ლიდერობა? რას გულისხმობს ლიდერობა და რა არის მისი საზომი? . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები